მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა გენდერული თანასწორობის მიმართულებით
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”-ს საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევა მოიცავს IX მოწვევის პარლამენტის მიერ (საანგარიშო პერიოდი: 2017 წლის 5 იანვარი -2020 წლის 30 სექტემბერი) გენდერული თანასწორობის მიმართულებით, განხორციელებულ საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც გაანალიზებულია პარლამენტის აქტივობები საკანონმდებლო და კონტროლის განხორციელების მხრივ.
კვლევა ეფუძნება როგორც პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას, ისე პარლამენტის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია ნორმატიული კვლევის მეთოდი, რომლის შესაბამისადაც შესწავლილია ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გენდერული თანასწორობის მიმართულებით. აგრეთვე წარმოდგენილია, ჩვენი ორგანიზაციის დაკვეთით, საქართველოს კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.[1]
შეფასება და რეკომენდაციები
წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, IX მოწვევის საქმიანობა, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით გაუმჯობესებული იყო.
ჩვენ დავინტერესდით საზოგადოების აზრით, თუ როგორ შეიცვალა ვითარება ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2016 წლის შემდეგ. გამოკითხულთა 35%-ს მიაჩნია, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 34% სიტუაციას გაუმჯობესებულად მიიჩნევს.
4 წლის განმავლობაში გამოიკვეთა როგორც პოზიტიური ტენდენციები, ისე გამოწვევები, შესაბამისად, წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს X მოწვევის პარლამენტისთვის, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერებისა და გენდერული საბჭოს საქმიანობის მიმართულებით, რომლებიც, მიზანშეწონილია, პარლამენტმა გაითვალისწინოს.
კანონშემოქმედებითი პროცესი:
- კანონმდებლობაში გენდერული საბჭოს ვალდებულებად უნდა განისაზღვროს ანალიზის განხორციელება კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის მიმართულებით. ამასთან ერთად, მიზანშეწონილია, საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს მნიშვნელოვანი კანონპროექტების/რეფორმების ანალიზი; გარდა ამისა, თუკი კომიტეტებთან თანამშრომლობის ფორმატი შენარჩუნდება, ინიციატივების გენდერული ანალიზის განხორციელების პროცესში, მნიშნელოვანია, რომ ამ ვალდებულებას ყველა კომიტეტი ასრულებდეს;
- პარლამენტის რეგლამენტში განმარტებითი ბარათის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა განისაზღვროს გენდერულ თანასწორობაზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მიზანშეწონილია, რომ საბჭომ კომიტეტების მიერ კანონპროექტებზე განხორციელებული გენდერული ზეგავლენის ანალიზის შესახებ პერიოდული ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნოს;
- ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად, დროულად, უნდა ხორციელდებოდეს;
- კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, კერძოდ, ფემიციდთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ საბჭო უფრო აქტიურად დაინტერესდეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებით და ზედამხედველობის ფარგლებში გადადგას ეფექტური ნაბიჯები, მათ შორის, შემუშავდეს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც, სისხლის სამართლის კოდექსში, ფემიციდს სპეციალური ნორმით დაარეგულირებს.
რეკომენდაციები გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით:
- საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, დაიბაროს უფლებამოსილი პირები სხდომებზე, გასცეს რეკომენდაციები და აკონტროლოს მათი შესრულება;
- საბჭო რეგულარულად უნდა იღებდეს ინფორმაციას და აანალიზებდეს მუნიციპალიტეტების დონეზე არსებულ გამოწვევებს საკანონმდებლო ცვლილებებსა და სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით;
- საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს პერიოდული ანგარიშები მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
- საბჭომ პერიოდულად უნდა წარუდგინოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგია და მონიტორინგის შედეგები;
- საბჭო მეტად უნდა გააქტიურდეს განცხადებებისა და სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნების მიმართულებით;
- გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმაში ყველა ინდიკატორთან მიმართებით უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული შესრულების პერიოდი.
ძირითადი მიგნებები
IX მოწვევის პარლამენტი, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, აქტიურად მუშაობდა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა უფლებრივი გაძლიერების მიმართულებით.
პოზიტიურად უნდა შეფასდეს შემდეგი ინიციატივები:
- კონსტიტუციაში განისაზღვრა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად;
- პარლამენტმა მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) რატიფიცირება, რომლის შესაბამისად, კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილებები ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით;
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა ისეთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორებიცაა: გენდერული კვოტირება, სექსუალური შევიწროების დასჯადობა, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება, ადევნებისთვის სისხლისსამათლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება;
- საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიმართულებით პოზიტიურად უნდა შეფასდეს საბჭოს მიერ შექმნილი თემატური მოკვლევების ჯგუფების საქმიანობა.
- გეგმით განსაზღვრულ ვადაში, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მიღებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელების საკითხი, როგორებიცაა კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და ბიუჯეტის გენდერული ანალიზი;
- ანგარიშვალდებულების მიმართულებით პრობლემური იყო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ საქმიანობის ანგარიშების წარდგენის საკითხი;
- კონტროლის განხორციელების მიმართულებით პრობლემური იყო საბჭოს მიერ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების წარდგენისა და ანგარიშვალდებული პირების მოსმენის საკითხები.
[1] საველე სამუშაოების თარიღები: 27 თებერვალი – 18 მარტი, 2020 წ.; გამოკითხვა წარმომადგენლობითია: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის (18 წლის და ზევით), გარდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული არეალებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. გამოკითხული ადამიანების რაოდენობა - 1763 რესპონდენტი. საშუალო ცდომილება - 2.2%.