მიტინგების წესები და ადმინისტრაციული ჯარიმები მკაცრდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მიტინგების წესები და ადმინისტრაციული ჯარიმები მკაცრდება

16 დეკემბერი, 2024

ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს მომიტინგეთა რეპრესიებს და შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების განხორციელებაში ხელშეშლას. ეს წესები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის საყოველთაო უფლებებთან.  

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული წესების შესახებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რადგან იცოდეთ რას აპირებს ძალადობრივი რეჟიმი. 

  • პირი შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით დააკავონ, იმის მიუხედავად, რომ ახალი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ამ ცვლილებებით უხეშად ლახავენ სამართლის ძირითად პრინციპს, რომ პირი ჩაუდენელი ქმედებისთვის არ შეიძლება დაისაჯოს და  ასევე, შეკრებისა და მანიფესტაციის საყოველთაო უფლებას. მსგავსი რეპრესიული ღონისძიებები დამახასიათებელია მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვის,  წინააღმდეგობაშია სამართლის ძირითად პრინციპებთან და ადამიანის ფუნდამეტურ უფლებებთან;
  • ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა დაჯარიმდება 5 000 ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით, ამ ქმედების  “ორგანიზატორი” კი 15 000 ლარიანი ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება. ჯარიმა მონაწილისთვის 500, ხოლო ორგანიზატორისთვის 5000 ლარი იყო. ფინანსური ჯარიმების გაზრდა ემსახურება ხალხის დაშინებას. ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის მოსაზრებით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან. 
  • ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა გამოიწვევს მართვის უფლების 1 წლის ვადით შეჩერებას. აქამდე ამ ქმედებისთვის მხოლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ამ ცვლილებით კი შესაძლებელი იქნება მძღოლების დასჯა მართვის უფლების ერთი წლით ჩამორთმევის სახით.
  • აქციაში მონაწილეთა მშობლების დაჯარიმება იგეგმება. მშობელი   დაჯარიმდება 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით არასრულწლოვანის მიერ პიროტექნიკის გამოყენებისა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. ამ ნორმის შემოღება უკავშირდება იმ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომელსაც ავრცელებენ აქციის პერიოდში, თითქოს მშობლები აძალებენ არასრულწლოვნებს მიიღონ აქციებში მონაწილეობა. ასევე პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას იმაზე, რომ იქ მიტინგზე უპასუხისმგებლო მშობლები არიან. ამ პროპაგანდისტულ გზავნილების გავრცელებაში ჩაერთნენ შსს მინისტრის მოადგილეც და სახალხო დამცველიც.  
  • რეპრესიული კანონით 20-ჯერ იზრდება ჯარიმები  ფასადებზე წარწერების და პლაკატების გაკეთებისთვის, მინიმალური ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე, ხოლო მაქსიმალური 2000-დან 3500 ლარამდე იზრდება. 
  • 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების სხვა საშუალების გამოყენება. გაუგებარია რა ტიპის საშუალებაზეა აქ საუბარი და ვინ განსაზღვრავს რამდენად მკვეთრია გამოსხივება. ამ ლოგიკით შესაძლებელია ფანრის ან სულაც მობილური ტელეფონის გამოსხივება იყოს აკრძალული. ასევე გაუგებარია  როგორ მოხდება ამ ნორმის აღსრულება. 
  • კრძალავენ სახის ნიღბით ან ნებისმიერი საშუალებით დაფარვას. ჯარიმა ამ შემთხვევაში 2000 ლარია. აქციის დროს ადამიანები სახეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იფარავენ. ფაქტიურად ადამიანს ეკრძალება დაიცვას თავი პოლიციის მიერ ცრემლსადენი და მხუთავი გაზის გამოყენების დროს, რაც  იმას ნიშნავს, რომ ამ ცვლილების ერთ-ერთი შედეგი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობის უფრო მეტად დაზიანება იქნება. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნომერი არ აქვთ, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა და დაუსჯელობის წახალისებას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან. მაშინ როდესაც მოძალადე პოლიციელებისა და სპეცრაზმის წარმომადგენლების იდენტიფიცირება შეუძლებელია და მათი მხრიდან კანონის დარღვევაზე რეაგირებაც არ ჩანს კაციტაძის უწყების მხრიდან, მსგავსი ნორმის შემოღება  აბსურდულია და მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო გადაქცეულია რეპრესიულ მანქანად, რომლის მიზანი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრების მქონე ადამიანების დასჯაა. 
  • კრძალავენ შსს ფორმის, ატრიბუტიკის და მიმსგავსებული შემოსვა/ ატრიბუტიკის გამოყენებას, ამისთვის კი ჯარიმას აწესებენ 2000 ლარს. გაუგებარია რა ტიპის ჩაცმულობაზეა საუბარი. ეს გახდება ფართო ინტერპრეტაციის საგანი. მიზანი კანონის შერჩევითი აღსრულებაა. 

აქციებზე  პიროტექნიკის გამოყენება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. გაუგებარია რა ტიპის პიროტექნიკაზეა საუბარი. ადამიანისთვის ჯანმრთელობის ხელყოფა ისედაც დასჯადია, თუმცა ამ ნორმის შემოტანა ემსახურება ბოლო პერიოდის მიტინგების სპეციფიკას. პიროტექნიკის გამოყენება აქციაზე ასაფეთქებელი, რადიოაქტიული, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებას უთანაბრდება

print