მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დედის ფულადი საჩუქრის წარმომავლობაზე საეჭვო ცნობა წარმოადგინა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ დედის ფულადი საჩუქრის წარმომავლობაზე საეჭვო ცნობა წარმოადგინა

02 აპრილი, 2024

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის მიერ “რადიო თავისუფლებისთვის” და ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” მიწოდებული ცნობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს დედამისის მიერ კონკრეტული კომპანიისგან მიღებულ შემოსავალს, შეუსაბამოა ამავე კომპანიის ოფიციალურ ფინანსურ ანგარიშებთან.

დოკუმენტის მიხედვით, დედა, დარეჯან თავართქილაძე, სს “ბახტრიონიდან” 2019 წლის თებერვლის შემდეგ დივიდენდის სახით თვეში 17,054.78 ლარს იღებს მაშინ, როდესაც კომპანიის ფინანსური ანგარიშების თანახმად,* მას 2019-2022 წლებში დივიდენდის სახით 2.5 ჯერ ნაკლები, თვეში დაახლოებით 6,900 ლარი უნდა მიეღო.

კითხვები გიორგი მიქაუტაძის დედის შემოსავალთან დაკავშირებით გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაადეკლარირა, რომ 2022-2023 წლებში დედამ 150,000 აშშ დოლარი აჩუქა.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობაა. 

ამ მექანიზმის შემოღებას მიქაუტაძე სასამართლოს სხვა გავლენიან მოსამართლეებთან და ხელისუფლებასთან ერთად ეწინააღმდეგება. 

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 *აღნიშნული რიცხვი გამოითვლება სს “ბახტრიონის” 2022, 2021, 2020, 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებებში დაჯამებული დივიდენდების 4 წელზე და 12 თვეზე გაყოფით.

print