მშენებლობის სექტორი საქართველოში
14 დეკემბერი, 2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე პროცესები შეისწავლა და შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:
- სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის.
- 2014-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე მეტად (57%) სამშენებლო სექტორი გაიზარდა. სამშენებლო ბიზნესის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ძირითადი საფუძველი მშენებლობების 80%-ის თბილისში და ბათუმში კონცენტრირება და სამშენებლო ნებართვების გაცემის პრაქტიკაა.
- 2018 წლის პირველ ნახევარში სამშენებლო სექტორში 0.3%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც თბილისში კ2 კოეფიციენტის[1] ზრდის ნებართვების კლებამ გამოიწვია. შედეგად, სამშენებლო სექტორის წილი ეკონომიკაში 9.3%-დან (2017 წლის) 8.6%-მდე შემცირდა.
- მშენებლობის სექტორში 71 600 ადამიანია დაქირავებით დასაქმებული, რაც მთლიანობაში დაქირავებით დასაქმებულთა 9.6%-ია. ამ სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 1 461 ლარია და ამ მაჩვენებლით მხოლოდ საფინანსო სექტორს ჩამორჩება. სექტორის სწრაფი ზრდა ხელფასების სწრაფ ზრდას იწვევს. 2010 წლის შემდეგ სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი გაორმაგებულია.
- 2018 წლის ივლისში პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ დაამტკიცა, რომელიც სრულად 2022 წელს ამოქმედდება. მის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობამ 14 დადგენილება უნდა მიიღოს. მუნიციპალიტეტებს დაგეგმარების შემუშავებისთვის დრო 2028 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ.
- „მსოფლიო ბანკის” ბიზნესის კეთების ინდექსის (Doing Business) მიხედვით, სამშენებლო ნებართვების მიღების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზეა. „მსოფლიო ბანკი” ყველაზე სუსტ მხარედ მშენებლობის ხარისხის კონტროლს მიიჩნევს.
- თბილისში „ქაოტური მშენებლობების“ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდა სახელდება. 2017 წლის ბოლომდე თბილისში სამშენებლო კოეფიციენტების გაზრდაზე ე.წ. ზონალურ შეთანხმებებს „ზონალური საბჭო“ გასცემდა, რომლის უფლებები მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაეცა. 2018 წლის 6 თვეში 53 ნებართვა გაიცა, რაც მნიშვნელოვანი შემცირებაა.
- 2014-2016 წლებში, 2009-2013 წლებთან შედარებით, კ2 კოეფიციენტის მოსამატებლად ნებართვების რიცხვი 54%-ით გაიზარდა. კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის, რაც პირდაპირ ვლინდებოდა თბილისის მერიის „ზონალურ საბჭოს“ წევრების სამშენებლო ბიზნესთან და მოქმედ პოლიტიკოსებთან კავშირებით.
- 2006-2016 წლებში, სამშენებლო ნებართვა 63.4 მილიონ მ2-ზე გაიცა, თუმცა ამავე პერიოდში მხოლოდ 16.4 მილიონი მ2-ის ობიექტები აშენდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ მომავალში მშენებლობების ფართობი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ვინაიდან ასაშენებელი ფართობის 51% თბილისზე, ხოლო 28% აჭარაზე მოდის, მშენებლობის მასშტაბების საგრძნობმა ზრდამ ურბანული პრობლემები შეიძლება გააღრმავოს.
- 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, თბილისი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - დედაქალაქში 1 კმ2-ზე 2 199 ადამიანი ცხოვრობს. თბილისში გაცემული ნებართვების 79% კი საცხოვრებელი დანიშნულების ფართის აშენებაზე მოდის.
- უძრავი ქონების (მიწის გარეშე) გაყიდვების მიხედვითაც მზარდი ტენდენციაა. 2017 წელს გაყიდვები 11%-ით გაიზარდა. ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპია აჭარაში - 34%, რაც ძირითადად ბათუმზე მოდის.
- თბილისში გაყიდვების 43% საბურთალოს და ვაკეს უჭირავს. ამავე უბნებზე მიმდინარე მშენებარე ფართობების 54% მოდის.
- თბილისში სამშენებლო ბაზარზე ბოლო 3 წელიწადში ფასები დოლარში სტაბილურია, ლარში გამოსახული 7%-ით გაძვირდა. თბილისში ყველაზე ძვირი (1 მ2 1 124 აშშ დოლარი) საცხოვრებელი ფართი მთაწმინდის უბანში ღირს, ხოლო ყველა იაფი სამგორში (547 აშშ დოლარი).
- აქტუალური საკითხია სამშენებლო კომპანიების კავშირი პოლიტიკასთან, რაც პოლიტიკური პარტიების მიმართ შემოწირულობებში და სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებაში გამოიხატება. 2017 წელს სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ღირებულების 63% სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე მოდიოდა.
- სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებს ხშირად პირდაპირი შესყიდვის გზით უფორმებენ კონტრაქტებს, რაც შესაძლოა კორუფციის შედეგი იყოს. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, სამშენებლო კომპანიები (ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების გარდა) მხოლოდ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წირავდნენ ფულს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მხოლოდ „ქართულ ოცნებას” წირავენ. მსხვილი საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა 2011-2018 წლებში პოლიტიკურ პარტიებს 2 მლნ ლარამდე თანხა შეწირეს და ამავე პერიოდში მათმა კომპანიებმა ელექტრონული ტენდერებიდან 700 მლნ ლარის, ხოლო პირდაპირი შესყიდვებიდან 90 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს.
რეკომენდაციები
- „მსოფლიო ბანკის” ბიზნესის კეთების (Doing Business) ინდექსის თანახმად, საჭიროა მშენებლობის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, რაც ზოგადად ასახულია ახალ „სამშენებლო კოდექსში”, მაგრამ შესაბამისი რეალური მარეგულირებელი დადგენილებები დროულად არის მისაღები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქების (პირველ რიგში, თბილისისა და ბათუმის) გენგეგმების დროული დამტკიცება/განახლება, სადაც კ2 კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა მკაცრად განსაზღვრული პირობების დაცვის შემთხვევაში იქნება დაშვებული.
- ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვებში მთლიანი სახელმწიფო შესყიდვების 63% იხარჯება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების მფლობელებისგან პოლიტიკური პარტიებისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს.
[1] ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან.