ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასებას აქვეყნებს. ნიკა გვარამიას ბრალდება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე საქართველოს კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკის, იურიდიული დოქტრინისა და საქმეში არსებული ფაქტების მხედველობაში მიღებით, არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.
გარდა ამისა, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.
ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს. კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული ან საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა.
ნიკა გვარამიას ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების ჯეროვანი შეფასება მნიშვნელოვანია როგორც პირთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის, აგრეთვე სასამართლო პრაქტიკის შემდგომ განვითარებისათვის, რის გამოც, იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
