პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ  დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ  დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები

25 ნოემბერი, 2021

ძირითადი მიგნებები

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სახელმწიფომ სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი გააფორმა გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა.

გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები პარტია „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის.

33.8 მლნ ლარი 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 1.1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს.

გამარტივებული შესყიდვის გზით სახელისუფლო პარტიის შემომწირველებთან კონტრაქტების გაფორმება კორუფციულ გარიგებებზე აჩენს ეჭვს.

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო უწყებებმა მათ კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმეს. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. კომპანიების ნაწილს და მათ მფლობელებს ბიზნეს საქმიანობის გამოცდილებაც კი არ გააჩნდათ.

43-მა კომპანიამ კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა. მათ შორის, 2 კომპანია - შპს „ბურღი“ და შპს „ხარისხი 2021“ ერთი დღის დაფუძნებული იყო, რომლებმაც ჯამში 243,000 ლარის კონტრაქტები მიიღეს.

ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, კორუფციის ალბათობას ზრდის და ამასთან ერთად, გამოუცდელი კომპანიისგან მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხიც დგება ეჭვს ქვეშ.

რეკომენდაცია

  • კორუფციის ნიშნების შემცველი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებით საგამოძიებო უწყებები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ;
  • შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ახლადდაფუძნებულ, გამოუცდელ კომპანიებთან გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების დადებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი, ან ასეთი გადაწყვეტილებები ჩვეულებრივზე უფრო მაღალი სტანდარტით დაასაბუთონ;

შესავალი

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში „კორონავირუსით“ ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა.[1] ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობა და მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ამის შემდეგ, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პერიოდში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე გარკვეული შეზღუდვები წესდებოდა, რომელთა ნაწილი ამჟამადაც მოქმედებს.

პანდემიიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვების წილმა მოიმატა. როდესაც გამარტივებული შესყიდვების წილი იმატებს და ამასთანავე, ის გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, დაჩქარებულად ხორციელდება, შესყიდვებში კორუფციისა და არასათანადო პრაქტიკის რისკები იზრდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კვლევა[2] გასულ წელს გამოაქვეყნა, სადაც როგორც ელექტრონულ ტენდერებთან, ისე გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციული გარემოებები იყო განხილული. ამჯერად 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზს შემოგთავაზებთ. კვლევა სამ ნაწილად იქნება დაყოფილი. წინამდებარე პირველ ნაწილში მოცემულია სამშენებლო მომსახურების გამარტივებული შესყიდვით დადებული კონტრაქტების ანალიზი. სამშენებლო მომსახურება სახელმწიფო შესყიდვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კატეგორიაა და მოიცავს: სამშენებლო უბნის მოსამზადებელ სამუშაოებს, მთლიან ან ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს და შენობის დასრულების სამუშაოებს. კვლევის ამ ნაწილის საანგარიშო პერიოდი 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდეა.

კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც წლის ბოლომდე გამოქვეყნდება, გამარტივებული შესყიდვების სხვა მსხვილ კატეგორიებში აღმოჩენილ დარღვევებსა და კორუფციულ რისკებზე იქნება აქცენტირებული. მესამე, საბოლოო ნაწილში შეჯამებული იქნება ბოლო წელიწადნახევრის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

ზოგადი მონაცემები

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე სამშენებლო მომსახურების შესყიდვის 4,500-მდე კონტრაქტი გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 125 მლნ ლარამდეა. მათ შორის, 30 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების 460 კონტრაქტი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გაფორმდა. 89 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2,000-ზე მეტი კონტრაქტი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საფუძვლით გაფორმდა.

მმართველი პარტიის შემომწირველების მონაწილეობა გამარტივებულ შესყიდვებში

სახელმწიფო შესყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციული რისკის მატარებელი ის შემთხვევებია, როდესაც გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს ისეთ კომპანიები იღებენ, რომლებიც თავად ან მათთან დაკავშირებული პირების მეშვეობით მმართველ პოლიტიკურ პარტიას აფინანსებენ. ასეთ დროს პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ჩნდება.

საკვლევ პერიოდში, გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე გაფორმებული 125 მლნ ლარის კონტრაქტებიდან 33.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები (27%) მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ („ქართული ოცნება”) და 2018 წელს მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების კომპანიებზე მოდის. კერძოდ, 33.8 მლნ ლარი 31 კომპანიაზე და ერთ ფიზიკურ პირზე ნაწილდება, რომლებმაც 2016-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 1.1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს (ცხრილი 1). ამ თანხის დაახლოებით ნახევარი  აღნიშნულმა პირებმა სახელისუფლო პარტიას პანდემიის დაწყების შემდეგ შესწირეს.

მონაცემთა წყარო: https://www.tendermonitor.ge/

https://transparency.ge/politicaldonations/

ქვემოთ დამატებით ინფორმაციაა მოცემული 31-დან იმ 10 კომპანიაზე, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა მიიღეს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების გზით 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში.

შპს „ინ-სი“

შპს „ინ-სიმ“ 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე 13 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით. ოთხივე კონტრაქტი მას ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდმა“ გაუფორმა. საკვლევ პერიოდში „ინ-სიმ“ 33 მლნ ლარის ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა. მათ შორის, 5.1 მლნ ლარის კონტრაქტი 4 კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო „თბილისის განვითარების ფონდისგან“.

2015-2021 წლებში „ინ-სის“ 124 მლნ ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით.

შპს „ინ-სის“ გენერალური დირექტორი ზვიად თოიძე „ქართული ოცნების“ შემომწირველია. 2016 წლის ოქტომბერში პარტიას 50,000 ლარი შეწირა. ამავე დროს, „ინ-სი“ „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი პროექტის, „თაბორი-რიზორთსის“ შემსრულებელი კომპანიაა. თავის მხრივ, „პანორამა თბილისი“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ პროექტია.[3]

შპს „New Road“

2020 წლის 18 აგვისტოს შპს „New Road“-ს 6.8 მლნ ლარიანი კონტრაქტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაუფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით. კონტრაქტის თანახმად, კომპანიამ ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღდგენის სამუშაოები შეასრულა. საკვლევ პერიოდში „New Road“-მა 200 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებშიც გაიმარჯვა.

„New Road“-ის 100% წილის მფლობელმა და გენერალური დირექტორმა დავით ჟღენტმა 2017 წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 30,000 ლარი შესწირა.

შპს „ცოტნე“

შპს „ცოტნემ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე 4 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. კონტრაქტები მას ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუფორმა. 2020 წლამდე კომპანიას ერთი მსხვილ კონტრაქტი (578 ათასი ლარის) ჰქონდა მიღებული, ისიც ონის მერიისგან. ელექტრონული ტენდერებიდან 300 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული, ძირითადად ონის მუნიციპალიტეტის მერიისგან.

„ცოტნეს“ 50% წილის მფლობელმა ირაკლი კერვალიშვილმა 2017-2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 240,000 ლარი შესწირა.

შპს „ჯეი ემ კომპანი“

შპს „ჯეი ემ კომპანის“ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წლის 28 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 2.2 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული კონტრაქტის გაფორმებამდე, „ჯეი ემ კომპანის“ სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების  გამოცდილება არ ჰქონდა. 2019 წლის ივლისში ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვებულად სხვა კომპანია გამოვლინდა. 2021 წლის მაისში კი შპს „გარდაბნის თბოსადგურის" მიერ გამოცხადებული  68,474 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი კონკურენტების გარეშე მოიგო. „ჯეი ემ კომპანის“ ფასის შეთავაზება 65,320 ლარი იყო, თუმცა კონტრაქტი 69,218.8 ლარზე გაუფორმდა.

„ჯეი ემ კომპანის“ 50% წილის მფლობელმა ნუგზარ მამუჭაძემ 2016 წლის 26 დეკემბერს „ქართულ ოცნებას“ 50,000 ლარი შესწირა. ნუგზარ მამუჭაძის ძმა, ამირან მამუჭაძე შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ დირექტორი და 37.5% წილის მფლობელია. „კომპანია ბლექ სი გრუპს“ 300 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული ელექტრონული ტენდერებიდან, გამარტივებული შესყიდვის გზით კი 84 მლნ ლარი. „ქართული ოცნების“ შემომწირველია ასევე ნუგზარ მამუჭაძის მამა, გურამ მამუჭაძე, რომელმაც 2016 წლის 27 დეკემბერს შეწირა პარტიას 50,000 ლარი.[4]

შპს „იბოლია“

შპს „იბოლიას“ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2021 წლის 4 თებერვალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის გზით 2.2 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. 2012-2021 წლებში აღნიშნულ კომპანიას 10 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი 100 მლნ ლარზე მეტი.

კომპანია „იბოლიასთან“ დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ადრეც წერდა.[5] კომპანიის მეწილე „ქართული ოცნებიდან“ გორის ყოფილი მაჟორიტარი პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეა, რომელსაც ხელისუფლებამ ჯერ სახელმწიფო შესყიდვებში თაღლითობაზე წაუყენა ბრალი, შემდეგ კი მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა. იოსებ მაკრახიძემ 2016 და 2018 წელს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100,000 ლარი, მისმა კომპანიამ კი 20 ათასი ლარი შესწირა.

შპს „ბორანი“

შპს „ბორანს“ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა პანდემიის პერიოდში 1.1 მლნ ლარის ღირებულების 4 კონტრაქტი გაუფორმეს გამარტივებული შესყიდვის გზით. 2011-2021 წლებში შპს „ბორანს“ 30 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები აქვს მოგებული.

შპს „ბორანის“ 16% წილის მფლობელმა მელანო უკლებამ 2017 წლის 11 სექტემბერს და 2020 წლის 8 ოქტომბერს 10,000-10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ამავე კომპანიის 10% წილის მფლობელმა გიორგი აბულაძემ ასევე 2017 წლის 11 სექტემბერს 10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. 2021 წლის ივნისამდე „ბორანის“ მეწილე იყო ასევე ამირან ჩხიკვაძე, რომელმაც 2017 წლის 11 სექტემბერს და 2020 წლის 8 ოქტომბერს (ისევე, როგორც მელანო უკლებამ) 20,000 და 40,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ კომპანიამ გამარტივებული შესყიდვით პირველი მსხვილი კონტრაქტი (500,000 ლარის) პარტნიორების მიერ 2020 წლის ოქტომბერში მმართველი პარტიისთვის თანხის შეწირვიდან 4 თვეში  - 2021 წლის 2 თებერვალს მიიღო. 2021 წლის 2 თებერვლამდე შპს „ბორანს“ გამარტივებული შესყიდვის გზით მსხვილი (15,000 ლარზე მეტი) კონტრაქტი არ ჰქონდა მიღებული.

შპს „გზამშენი-18“

შპს „გზამშენი-18“-ს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020-2021 წლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის გზით ორი 500,000 ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. 2012-2021 წლებში აღნიშნულ კომპანიას 17 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ელექტრონული ტენდერებით კი 35 მლნ ლარამდე.

„გზამშენი-18“-ის დირექტორმა და 52% წილის მფლობელმა თეიმურაზ ჯახვამ 2017 წლის 5 სექტემბერს „ქართულ ოცნებას“ 15,000 ლარი შესწირა. იმავე დღეს კომპანიის 20% წილის მფლობელმა ვახტანგ ჭანტურიამ „ქართულ ოცნებას“ 10,000 ლარი შესწირა. „გზამშენი-18“-ს გამარტივებული შესყიდვის გზით 62 კონტრაქტი აქვს მიღებული, მათ შორის, ყველაზე მსხვილი - 4.5 მლნ ლარიანი კონტრაქტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 2017 წლის 3 ოქტომბერს მიიღო, კომპანიის მფლობელების მიერ „ქართულ ოცნებაზე“ თანხის შეწირვიდან 1 თვეში.

შპს „ლიდერი +“

შპს „ლიდერი +“-ს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წლის ნოემბერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამარტივებული შესყიდვის გზით 500 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შემდეგ, 2021 წლის იანვარში მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუფორმა გამარტივებული შესყიდვის გზით 50,000 ლარიანი კონტრაქტი. 2015-2018 წლებში „ლიდერი +“-ს მლნ ლარზე მეტი ჯამური ღირებულების 5 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით. 2015-2021 წლებში აღნიშნულ კომპანიას 18 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების ელექტრონული ტენდერებიც აქვს მოგებული. კონტრაქტებს ძირითადად მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისგან და საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან იღებდა.

შპს „ლიდერი +“-მა 2021 წლის 8 სექტემბერს, ერთ დღეში „ქართულ ოცნებას“ ორჯერ შესწირა თანხა 5,000-5,000 ლარი.

შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენ“

შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენმა“ 2020 წელს 492,000 ლარის ჯამური ღირებულების 12 კონტრაქტი მიიღო გამარტივებული შესყიდვის გზით. კომპანიას ყველა კონტრაქტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუფორმა. მათ შორის, 371,785 ლარის ჯამური ღირებულების 11 კონტრაქტი ერთ დღეს - 2 ოქტომბერს გაუფორმა, 120,215 ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი კი დაახლოებით 2 კვირით ადრე, 15 სექტემბერს გაუფორმა. ერთ დღეში ხელმოწერილი კონტრაქტებით კომპანიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათებების და სპორტული ტრენაჟორების მოწყობის ვალდებულება აიღო. გამარტივებული შესყიდვები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენ“ 2018 წლის სექტემბერში დაარსდა და 2020 წლის სექტემბრამდე გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი მიღებული არ ჰქონდა.

2020-2021 წლებში „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენმა“ 18 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2-ში გაიმარჯვა და 288 ათასი ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები გაუფორმდა. კონტრაქტები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუფორმა. მათ შორის, პირველი ტენდერი 2021 წლის იანვარში მოიგო. შესაბამისად, როდესაც 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ მას 12 კონტრაქტი გაუფორმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა.

შპს „ფოლადის სახლი ქონსტრაქშენის“ 50-50% წილის მფლობელები ზეზვა და დიმიტრი სალთხუციშვილები არიან, რომლებსაც ეკუთვნით ასევე შპს „ფოლადის სახლი“. აღნიშნულ კომპანიას 2018-2021 წლებში 115 ათას ლარამდე ჯამური ღირებულების 46 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო ელექტრონული ტენდერებით 3 მლნ ლარამდე ჯამური ღირებულების კონტრაქტები. შემსყიდველები სხვადასხვა უწყებები არიან.

ზეზვა და დიმიტრი სალთხუციშვილებმა 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს თითოეულმა 30,000 ლარი შესწირა.

შპს „გგ“

შპს „გგ“-ს სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 464 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი გაუფორმა. აქამდე, „გგ“-ს მხოლოდ ერთი, 324 ათას ლარიანი კონტრაქტი ჰქონდა მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ისიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2019 წელს.

ახლადდაფუძნებული კომპანიების მიერ მიღებული კონტრაქტები

2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში პირდაპირი შესყიდვის გზით კონტრაქტები 72-მა ახლადდაფუძნებულმა კომპანიამ მიიღო. ახლადდაფუძნებულად მივიჩნევთ იმ კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო უწყებამ კონტრაქტი კომპანიის დაფუძნებიდან მაქსიმუმ 6 თვეში გაუფორმა. აღნიშნულ კომპანიებს ჯამში 200 კონტრაქტი გაუფორმდათ, რომელთა ჯამური ღირებულება 3.8 მლნ ლარია. 72 კომპანიიდან 43-მა კონტრაქტები დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებ დროში მიიღეს, 25-მა კომპანიამ დაფუძნებიდან მაქსიმუმ ერთ თვეში, ხოლო 8 კომპანიას კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში გაუფორმდა.

ახლადდაფუძნებული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, მითუმეტეს გამარტივებულ შესყიდვებში, ორი გარემოების გამო იქცევს ყურადღებას: 1. ზრდის კორუფციის რისკებს და 2. გამოცდილების არქონის გამო მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ხარისხით მიმართ აჩენს კითხვებს. გარდა ამისა, როდესაც შემსყიდველი საქონელს ან მომსახურებას ახლადდაფუძნებული, გამოუცდელი კომპანიიდან ყიდულობს, ჩნდება ეჭვი, რომ იგი დაინტერესებული არის კონკრეტულმა პირებმა მიიღონ თანხა. ქვემოთ დამატებით ინფორმაციაა მოცემული იმ 8 კომპანიაზე, რომლებმაც გამარტივებული შესყიდვით კონტრაქტი დაფუძნებიდან მაქსიმუმ 10 დღეში მიიღეს.

შპს „ბურღი“

შპს „ბურღი“ 2020 წლის 19 ოქტომბერს დაფუძნდა და ერთ დღეში, 20 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 205,260 ლარის ჯამური ღირებულების ორი კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. „ბურღს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია.

2021 წლის მაისიდან „ბურღმა“ 3 ელექტრონულ ტენდერშიც მიიღო მონაწილეობა. სამივე ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო გამოცხადებული. „ბურღმა“ 152,133 ლარის ჯამური ღირებულების 2 ტენდერი მოიგო, მათ შორის, ერთი კონკურენტის გარეშე.

შპს „ბურღი“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზაქარია ბუზარიაშვილია. „ბურღის“ დაფუძნებამდე, ზაქარია ბუზარიაშვილი ინდ. მეწარმედ იყო დარეგისტრირებული   და 2018 წლის 14 დეკემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 1,250 ლარის ღირებულების კონტრაქტი ჰქონდა მიღებული დროშის სამაგრების მიწოდებაზე.

შპს „ხარისხი 2021“

შპს „ხარისხი 2021“ დაფუძნდა 2021 წლის 23 ივნისს  და მეორე  დღეს, 24 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 20,267 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. აღნიშნულ კომპანიას 2021 წლის 25 ივნისს (დაფუძნებიდან 2 დღეში) და 26 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით კიდევ 2 კონტრაქტი გაუფორმა, ჯამში 18,150 ლარის ღირებულების. სამი კონტრაქტით კომპანიამ სულ 38,000 ლარზე მეტი მიიღო. „ხარისხი 2021“-ს სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

შპს „ხარისხი 2021“-ის 50-50%-იან წილს გიორგი ბუთხუზი და ზურაბ იმერლიშვილი ფლობენ. ზურაბ იმერლიშვილი კომპანიის დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

შპს „სქაილაინი“

შპს „სქაილაინი“ 2021 წლის 14 ივლისს დაფუძნდა და დაფუძნებიდან 2 დღეში, 16 ივლისს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 48,814 ლარის ჯამური ღირებულების 3  კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. „სქაილაინს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

შპს „სქაილაინის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბექა წიკლაურია. ბექა წიკლაური ასევე ფლობს კომპანია „ბაუენს“. აღნიშნულ კომპანიას 2015 და 2017 წელს ახალციხის მერიასთან გამარტივებული შესყიდვის გზით 15,410 ლარის ჯამური ღირებულების 2 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. 2016 წელს კომპანიამ ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული 15,700 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი მოიგო.

შპს „ოცი-ოცი 20-20“

შპს „ოცი-ოცი 20-20“ 2020 წლის 1 აგვისტოს დაფუძნდა და დაფუძნებიდან 3 დღეში, 4 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 55,596 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. აღნიშნულ კომპანიას 2020 წლის 20 აგვისტოს და 2021 წლის 10 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით კიდევ 2 კონტრაქტი გაუფორმა, ჯამში 61,108 ლარის. სამი კონტრაქტით კომპანიამ ჯამში 117 ათას ლარამდე მიიღო. „ოცი-ოცი 20-20“-ს სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

შპს „ოცი-ოცი 20-20“-ის 100%-იან წილს ბესიკ შუბლაძე ფლობს. კომპანიის დაფუძნებამდე ბესიკ შუბლაძე დარეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ კონტრაქტი სახელწიფო შესყიდვების გამოცდილების არმქონე პირს გაუფორმა.

შპს „სერვ ჯგუფი“

შპს „სერვ ჯგუფი“ 2020 წლის 2 ივლისს დაფუძნდა და დაფუძნებიდან 5 დღეში, 7 ივლისს შპს „რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა“ გამარტივებული შესყიდვის გზით 2,096 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებისთვის. აღნიშნულ კომპანიას ქალაქ რუსთავში არსებულმა სხვადასხვა უწყებებმა 2020-2021 წლებში 26 კონტრაქტი გაუფორმეს გამარტივებული შესყიდვის გზით, რომელთა ჯამური ღირებულება 24,686 ლარია.

შპს „სერვ ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კახაბერ ენგელია. კახაბერ ენგელი ასევე ფლობს შპს „ემქეის“, რომელიც 2016-2017 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში და 7,157 ლარის ჯამური ღირებულების 17 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში 4,200 ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი მოიგო.

შპს „ბოგი ბილდინგი“

შპს „ბოგი ბილდინგი“ 2020 წლის 10 აგვისტოს დაფუძნდა და დაფუძნებიდან 8 დღეში, 18 აგვისტოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 8,962 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. „ბოგი ბილდინგს“ სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

 „ბოგი ბილდინგის“ 50-50%-იან წილს ბონდო ასანიძე და გიორგი კენჭოშვილი ფლობენ. გიორგი კენჭოშვილი ასევე ფლობს შპს „მაგის“ 100%-იან წილს. „მაგის“ 2017-2020 წლებში 24,452 ლარის ჯამური ღირებულების  5 კონტრაქტი აქვს მიღებული გამარტივებული შესყიდვის გზით. აქედან 4 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო, ხოლო ერთი ტყიბულის მერიისგან. ელექტრონული ტენდერებიდან „მაგის“ ნახევარ მლნ ლარზე მეტი ჯამური ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული.

შპს „სანი 2020“

შპს „სანი 2020“ დაფუძნდა 2020 წლის 17 აგვისტოს  და 8 დღეში, 25 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 13,710 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. „სანი 2020“-ს სხვა სახელმწიფო უწყებასთან გამარტივებული შესყიდვის გზით კონტრაქტი არ გაუფორმებია, ხოლო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

შპს „სანი 2020“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი შალვა კაშიაა. კომპანიის დაფუძნებამდე შალვა კაშია დარეგისტრირებული იყო როგორც ინდ. მეწარმე და 2018 წლის 16 დეკემბერს ვანის მეორე საჯარო სკოლისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 780 ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს მიღებული სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდებაზე.

შპს „ნ.ქ.მ“

შპს „ნ.ქ.მ“ 2020 წლის 18 აგვისტოს დაფუძნდა და 7 დღეში, 25 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით 9,998 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის. 2020 წლის 11 სექტემბერს და 2021 წლის 23 ივლისს გამარტივებული შესყიდვის გზით თიანეთის მერიისგან კი 9,650 და 10,073 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. კომპანიას ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია.

შპს „ნ.ქ.მ.“-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გენადი ბურდულია. კომპანიის დაფუძნებამდე გენადი ბურდული დარეგისტრირებული იყო ინდმეწარმედ, მაგრამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კონტრაქტი სახელწიფო შესყიდვების გამოცდილების არმქონე პირს გაუფორმა.

 

ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის  შეხედულებებს.

 

[2] „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები: ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, https://bit.ly/3nfFVI8