ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება დაუშვებელია
საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის ინიციატივას „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/265; 25.10.2018), რომლის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ყველა სამოხელეო დანაშაულზე უნდა გავრცელდეს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებების მიზანია კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის გაძლიერება. კორუფციასთან ბრძოლა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანა და გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული საკანონდებლო ცვლილებები არ წარმოადგენს მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, შესაფერის და თანაზომიერ საშუალებას და შეიცავს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შელახვის დაუსაბუთებელ რისკს.
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე ძირითადი საკითხი გვსურს გამოვყოთ, რომლებზეც საქართველოს პარლამენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს:
1. ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება ყველა სამოხელეო დანაშაულზე, მათ შორის გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზეც, დაუშვებელია
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ვრცელდება მხოლოდ განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე და ასევე, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე, რომელიც საზოგადოებრივად განსაკუთრებით საშიშ ქმედებას წარმოადგენს. 2014 წელს, როდესაც ფარული საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დარეგულირდა, დისკუსიის და განხილვის საგანი იყო თითოეული დანაშაული, რომელზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებები უნდა გავრცელებულიყო. კანონი საბოლოოდ ევროპელ ექსპერტთა ჩართულობით შემუშავდა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწონება დაიმსახურა.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების აუცილებლობა თითოეულ მუხლთან მიმართებაში უნდა იყოს დასაბუთებული. ფარული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენება. საყურადღებოა ისიც, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა გავრცელება სამოხელეო დანაშაულთა მთლიან თავზე წინააღმდეგობაში მოდის ამ ინსტიტუტის მარეგულირებელ ნორმებთანაც. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული დანაშაულების მიმართ..
აღნიშნული რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, თუნდაც ეს მძიმე დანაშაული იყოს. წარმოდგენილი კანონპროექტით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება შესაძლებელი იქნება სამოხელეო დანაშაულების თავში მოქცეულ ნაკლებად მძიმე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე, რაც ვფიქრობთ, კანონის ლოგიკისათვის მიუღებელია. საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) და 3421 (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, რომელთა სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ დანაშაულთა ჩადენას მხოლოდ გაუფრთხილებლობით („შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო“). აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულების ნაწილში, დაუშვებელია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
2014 წლის საკანონმდებლო ცვლილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედების ინსტიტუტის შემოღება მნიშვნელოვანი პროგრესი იყო. აღნიშნული ცვლილებები თავის დროზე მაქსიმალურად მიისწრაფვოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეცედენტული სამართლით დადგენილი ძირითადი სტანდარტების დაცვისკენ. ECHR-ის პრაქტიკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ლეგიტიმაციას, სხვა ძირითად კრიტერიუმებთან ერთად დიდწილად განსაზღვრავს ცალკეული დანაშაულების კატეგორიები და მისგან გამომდინარე სისხლისსამართლებრივი ქმედების ხასიათი (მაგალითისთვის იხ: HUVIG v. FRANCE, Application no. 11105/84; VALENZUELA CONTRERAS v. SPAIN 58/1997/842/1048). სტანდარტებით განმტკიცებული კრიტერიუმები ბოჭავს სახელმწიფოს შესაძლებლობას ფარული მოსმენების მეშვეობით ნებისმიერ დროს აკონტროლოს საზოგადოება და განსაკუთრებულ ფარგლებში აქცევს ამ ინსტრუმენტის გამოყენებას. აღნიშნული ცვლილების განხორციელება კოდექსში გაუმართლებლად გააფართოვებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებს და შექმნის საშიშ პრეცედენტს მასში სამომავლო ცვლილებების განსახორციელებლად.
2. საკანონმდებლო ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტურ და შეუსაბამო გზას წარმოადგენს
კორუფციასთან ბრძოლის მიზნით არ შეიძლება გამართლებული იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაუსაბუთებელი გავრცელება სამოხელეო დანაშაულის მთელ თავზე.
კორუფციასთან ბრძოლის გასაძლიერებლად საქართველოს არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მისცა რეკომენდაციები, თუმცა მათ შორის არ გვხვდება რეკომენდაცია ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია ხაზს უსვამს კორუფციული დანაშაულების გამოძიების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოფის და ცალკე, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბების საჭიროებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმ რისკებს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციული დანაშაულების გამოძიებას და საჯარო სამსახურზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტოტალური კონტროლის გავრცელებას უკავშირდება. ამ ფონზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება განსაკუთრებული რისკის შემცველია.
3. საკანონდებლო ცვლილებები ცდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებს
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების აღსასრულებლად ზოგადი ღონისძიების გატარება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) აღნიშნა, რომ მოსაპოვებელი იყო მობილური ოპერატორებისგან ელექტრონული ინფორმაცია ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხებოდა ერთ კონკრეტულ დანაშაულს და ამ დანაშაულთან კავშირში საგამოძიებო მოქმედების გატარებას, რომელიც პირის სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას გულისხმობს.
შესაბამისად კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობისათვის სასამართლო გადაწყვეტილების არგუმენტად მოყვანა არამართებულია. ყველა სამოხელეო დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედებების გავრცელება ცდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანს და ფარგლებს.
4. პარლამენტმა უნდა შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულება და მხოლოდ მას შემდეგ იქნას შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმები 2014 წლიდან ამოქმედდა. მიზანშეწონილია შესწავლილი იქნას და გაანალიზდეს პრაქტიკაში რომელ მუხლებთან კავშირში და რამდენად ეფექტურად ხდება ამ ნორმების გამოყენება; ასევე, რამდენად დაცულად ინახება და დროულად ნადგურდება მოპოვებული მასალა; როგორ ხდება კანონის განმარტება და მისი პრაქტიკაში აღსრულება, როგორც ფარულ საგამოძიებო მოქმედედზე ასევე კომპიუტერულ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. პრაქტიკაში არსებული ხარვეზების პირობებშიფარული საგამოძიებო მოქმედებების ნორმების გავრცელება სამოხელეო დანაშაულებზე, გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ პრობლემას პრაქტიკაში.
5. ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ფრაგმენტული ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს
ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა მარეგულირებელი კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტს და უხეშად ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა მოცემული რეგულაციების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეგულაციების პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არ წარმოადგენს იმ დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც შეიძლება პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებზე და ქმნის რეალურ საფრთხეს იმისა, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს უკანონოდ. მსგავსი არაკონსტიტუციური რეგულაციების პირობებში არსებობს საშიშროება, რომ ეს მექანიზმი შეიძლება არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ პარლამენტს:
- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შეიკავოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონმდებლობის ფრაგმენტული ცვლილებებისაგან, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს;
- კანონპროექტზე მსჯელობისას გაითვალისწინოს ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებები;
- კანონპროექტის ინიციატორისაგან მოითხოვოს თითოეულ მუხლზე დასაბუთება (სტატისტიკა, კვლევა, რეკომენდაცია თუ პრაქტიკის ანალიზი), თუ რაზე დაყრდნობით უნდა გავრცელდეს აღნიშნულ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა ლეგიტიმური აუცილებლობის წინაშე დგას სახელმწიფო ფარული საგამოძიებო მოქმედებებით აღკვეთოს სამოხელეო დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”
“ლიბერალური აკადემია”
“ადამიანის უფლებათა ცენტრი”
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“