ENG

საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში

11 აპრილი, 2012

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალ, რიგით მესამე ანგარიშს აქვეყნებს საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად -  2012 წლის 11 აპრილი

1. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ  უსასყიდლოდ მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები.

2. ხშირ შემთხვევაში მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მასობრივ ხასიათს იძენს, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ათეული მოქალაქე ქონებას საკუთარი სურვილით სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებს ან ჩუქნის მას. მაგ.  კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე 2011 წლის 13-25 იანვარს დაფიქსირებულია კერძო პირების მიერ უძრავი ქონების მიტოვების 79 ფაქტი.    კურორტ  საირმეში  2010  წლის  13–23 დეკემბრს მეწარმე პირების მიერ სახელმწიფოსათვის უძრავი ქონების  ჩუქების 20 ფაქტი.

3. ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში,  როდესაც ქაღალდის ვერსიით მოქალაქისთვის ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულ ქონებას, ელექტრონული ვერსიით სხვა პირი ირეგისტრირებს საკუთრებაში. ახალი მფლობელი კი უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფოა.

2012 წლის 11 აპრილი – დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია“ და  ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ პროექტის „საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ ფარგლებში აქვეყნებს მესამე ანგარიშს „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში“.

პროექტის მიზანია საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ რეგიონებში (კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში); კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საკუთრების უფლების  გარანტიების დაცვის ხელშეწყობა; ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევა. პროექტის ფარგლებში 2011 წლის მარტში მომზადდა პირველი ანგარიში, რომელიც სოფელ გონიოს (აჭარა) 271 მცხოვრებისათვის სახელმწიფოს მიერ საკუთრების ჩამორთმევის ფაქტებს ეხებოდა. მეორე ანგარიში 2011 წლის ივლისში გამოიცა და დაბა მესტიაში (სვანეთი) კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტებსა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს ეხება.

ვინაიდან საკუთრების ხელყოფის ფაქტები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გვხვდება, პროექტის განხორციელებისას, გადავწყვიტეთ,  მხოლოდ ტურისტულ ზონებში არსებული პრობლემებით არ შემოვფარგლულიყავით. მესამე ანგარიში საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის საკითხებს ეხება და რამდენიმე რეგიონს მოიცავს. ანგარიში შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან:  (1) მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების ჩუქება-მიტოვების ფაქტები და (2) მესაკუთრეების მიერ უკვე რეგისტრირებული უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე თვითნებური დარეგისტრირება. ამ ორ ძირითად თავს  დასკვნებისა და რეკომენდაციებს ნაწილი მოსდევს.   

პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.