„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევას აქვეყნებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევას აქვეყნებს

28 ივნისი, 2011

განახლება: 08.07.2011

• პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს • საქართველოში არ არსებობს ორგანო, რომელსაც პარტიების დაფინანსების კანონთან შესაბამისობის სრულყოფილი კონტროლი ევალება; არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები პარტიების მიერ ფინანსური ანგარიშების არასრულად ან ხარვეზებით წარდგენისათვის. • საარჩევნო პერიოდში ხშირად შეუძლებელია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროების დადგენა; ამავე დროს, რთულია საარჩევნო კამპანიის ფონდების სრულყოფილი გაკონტროლება. • მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ აღემატება ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. ამასთან, ოპოზიციური პარტიები, მცირე გამონაკლისების გარდა, მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ დაფინანსებას. მმართველი პარტიის დამფინანსებელთა უმრავლესობა კი იურიდიული პირია. • ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში პოლიტიკური პარტიების ჩართვის ინიციატივა ნაკლებად ეფექტიანია. 28 ივნისი 2011 წელი, თბილისი, საქართველო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელიც პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ეხება. ანგარიშში განხილულია პოლიტიკურ პარტიათა (მათ შორის მათი საარჩევნო კამპანიების) დაფინანსების წყაროები, მათი თავისებურებები და ხარჯვის ტენდენციები. ასევე შესწავლილია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად პარტიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება. აღნიშნული კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში პარტიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების ანალიზი საკმაოდ რთულია. ამის მიზეზი ხარჯთაღრიცხვის ერთიანი ფორმის არარსებობაა. ზოგი პარტია ხარჯებს 4-5 კატეგორიად ჰყოფს, ზოგს კი გაცილებით დეტალური ხარჯთაღრიცხვა აქვს წარმოდგენილი. ზოგიერთი პარტია ხარჯების დიდ ნაწილს „სხვა ხარჯების“ გრაფაში აერთიანებს. ეს მაჩვენებელი ხშირად მთლიანი ხარჯების 70%-ია, ზოგ შემთხვევაში კი მილიონ ლარსაც აჭარბებს. ასეთი ფაქტების გამო პარტიათა ხარჯების ანალიზი მნიშვნელოვნად რთულდება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს მხოლოდ პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ევალება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიების ყოველწლიური ფინანსური ანგარიშების მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, უამრავი ხარვეზი და არათანმიმდევრულობა, რომლებიც ფინანსური ანგარიშების ანალიზისას იკვეთება, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. ხშირად გართულებული და თითქმის შეუძლებელია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წყაროების დადგენაც. პარტიები საარჩევნო კამპანიების ფონდებში თანხებს თავიანთი პარტიული ფონდებიდან რიცხავენ. იმის გამო, რომ პარტიული ფონდების შესახებ ინფორმაცია საჯარო მხოლოდ მომდევნო წლის დასაწყისში ხდება, საარჩევნო პერიოდში კამპანიების ფონდების სრულყოფილი გაკონტროლება შეუძლებელია. მაგალითად, მმართველმა პარტიამ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდში მთლიანი შემოწირულების 96%, 13,5 მილიონ ლარზე მეტი, საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხა. ამ თანხის წარმომავლობის დადგენა 2011 წლის თებერვლამდე ვერ მოხერხდა. 2008–2010 წლების საარჩევნო კამპანიების დაფინანსების კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება მინიმუმ 7-ჯერ (2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) და მაქსიმუმ 26-ჯერ (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები) აღემატება ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებათა ჯამს. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას მხოლოდ ფიზიკური პირებისგან იღებენ. ბიზნესკომპანიები კი მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ. ასე მოხდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო და ყველა შემდგომ არჩევნებზე. საქართველოს კანონმდებლობა იურიდიულ პირს ერთი პოლიტიკური გაერთიანების ფონდში შემოწირულებაზე 100 000-ლარიან ზღვარს უწესებს. შემოწირულებაზე ზედა ზღვრის დადგენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ეს იმისთვის კეთდება, რომ რომელიმე ბიზნესკომპანიამ კონკრეტული პარტიის განსაკუთრებით დიდი თანხით დაფინანსებით მასზე და, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენა არ მოიპოვოს. 100 000-ლარიანი ზღვრის არსებობის მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე იურიდიული პირი, შვილობილი კომპანიების საშუალებით ერთ პარტიას 100 000 ლარზე მეტს ურიცხავს. მაგალითად 2010 წელს „თეგეტა მოტორსის“ 5-მა შვილობილმა კომპანიამ ჯამში 500 000 გადარიცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში. კვლევის შედეგად ნათელი გახდა, რომ 2010 წელს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაში პოლიტიკური პარტიების ჩართვა დროის სიმცირის, არასაკმარისი დაგეგმვის, სუსტი კოორდინაციისა და სხვა მიზეზების გამო ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა.

print
elections