„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“ 26 მაისს აქციის დაშლის შესახებ პირველად განცხადებას ავრცელებენ
26 მაისი, 2011
2011 წლის 26 მაისს დაახლოებით 00:12 წუთზე შს სამინისტროს ძალებმა დაიწყეს რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა. იმ შემთხვევაშიც კი,აქციის დაშლის გადაწყვეტილება ლეგიტიმური რომ ყოფილიყო, მედიით გავრცელებული კადრები, აშკარად მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ნიშნებზე, რაც ,,პოლიციის შესახებ” კანონის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება დარჩეს ეფექტური გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების გარეშე.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაშლას მოყვა ძალის არაპროპორციული გამოყენება, უკვე დაკავებული დემონსტრანტების ცემა, რომლებიც პოლიციას არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ. არსებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლას, რამდენიმე მათგანი დაშავებული ან/და დაკავებულია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“ მიიჩნევენ, რომ სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და შესაბამისად დანაშაულის ნიშნები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ პირს. შესაბამისად, დაკავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ.
