სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა
პრესრელიზი
ხუთშაბათს, 19 ივლისს, 13 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ერთობლივი საარჩევნო ვებ-პორტალის პრეზენტაცია გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალის მიზანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება, ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და საქართველოს რუკაზე მათი წარმოდგენა. პორტალის მისამართია: www.electionsportal.ge
არჩევნების პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. ამასთანავე, პორტალთან ერთად ამუშავდება უფასო SMS ნომერი - 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.
არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას ახდენს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.“
პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და ფინანსდება საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროგრამის (G-PAC) მიერ. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ.“