„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“: 2012 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 55 ქულა მიიღო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“: 2012 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 55 ქულა მიიღო

23 იანვარი, 2013

თბილისი, 23 იანვარი, 2013 – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ფინანსთა სამინისტროში ფინანსთა მინისტრთან ერთად გამართა ერთობლივი პრესკონფერენცია და "ღია ბიუჯეტის ინდექსის" საქართველოს 2012 წლის ქულა წარმოადგინა. „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული გლობალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, 2012 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველოს 100 ქულიდან 55 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მაჩვენებელი 100 გამოკითხული ქვეყნის მიერ მიღებულ საშუალო 43 ქულაზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა თავის მოქალაქეებს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტსა და ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით მხოლოდ გარკვეულ ინფორმაციას აწვდის. ეს თავის მხრივ მოქალაქეებს ურთულებს სახელმწიფო სახსრების განკარგვის პროცესისათვის თვალისმიდევნებას.

ცენტრალური აზიის რეგიონში გამოკითხული რვა ქვეყნიდან „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველოს 55 ქულით მეორე ადგილი უკავია რუსეთის ფედერაციის შემდგომ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს 2012 წლის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა 2010 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსის“  მაჩვენებლისგან, რომელიც ასევე 55 ქულით განისაზღვრა.

საქართველოს ქულები „ღია ბიუჯეტის ინდექსში“  უკანასკნელი ოთხი კვლევის მიხედვით

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ - 2006

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ - 2008

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ - 2010

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ - 2012

34

53

55

55

 

რა მდგომარეობა აქვს საქართველოს ცენტრალურ აზიაში მის მეზობლებთან მიმართებაში?

აზერბაიჯანი

42

საქართველო

55

ყაზახეთი

48

ყირგიზეთი

20

მონღოლეთი

51

რუსეთის ფედერაცია

74

ტაჯიკეთი

17

უკრაინა

54

 

კვლევის შედეგების მიხედვით, იმ რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტიდან, რომელსაც  „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ შეისწავლის, საქართველო თანმიმდევრულად მხოლოდ ოთხს აქვეყნებს. ესენია: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი და აუდიტის ყოველწლიური ანგარიში. იმავდროულად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებაზე ზოგადად ძლიერი კონტროლის განხორციელების მიუხედავად, საჭიროა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილებათა შემდგომი გაძლიერება. კვლევის კიდევ ერთი უმთავრესი დასკვნის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების პროცესებში მონაწილეობის შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ.

აღნიშნული ხარვეზების  აღმოსაფხვრელად და  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისათვის საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგი ქმედებები უნდა განახორციელოს:

● უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე: სახელმწიფო ვალის სტრუქტურა, ბიუჯეტზე სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების  ზემოქმედების ანალიზი, მთავრობის კვაზიფისკალური საქმიანობა, პირობითი და მომავალი სასესხო ვალდებულებები, ფინანსური და არაფინანსური აქტივები და საგადასახადო შეღავათები;

პროგრამული ბიუჯეტი ნათლად დაუკავშირდეს მთავრობის გაცხადებულ მიზნებს და გახდეს უფრო ადვილად გაზომვადი ნათელი ინდიკატორების დამატებით; 

● რეგულარულად და დროულად გამოქვეყნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები წლის განმავლობაში, ნახევარი წლის მიმოხილვა, საბოლოო წლიური ანგარიში და მოქალაქის ბიუჯეტი; უზრუნველყოს როგორც ზემოაღნიშნული, ისე სხვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა როგორც ელექტრონული, ისე ნაბეჭდი მასალის სახით;

გამოქვეყნდეს ანგარიში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინების თაობაზე;

● გაიზარდოს პარლამენტის საზედამხედველო როლი  სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანის კანონისმიერი უფლებამოსილების მინიჭების გზით;

●  უზრუნველყოფილ იქნას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სრული დისკრეცია, რომ მან თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ საჯარო დაწესებულებას ჩაუტაროს აუდიტი;

● ბიუჯეტის შედგენაში საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო და სხვადასხვა მექანიზმი. კერძოდ, შეიქმნას ადვილად ხელმისაწვდომი ონლაინ და ოფლაინ პლატფორმები, რომ დაინტერესებულ მოქალაქეებს რეგულარულად შეეძლოთ ჩაერთონ ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებში. უზრუნველყოფილ იქნას ამ მოქალაქეებთან სისტემატური უკუკავშირი და ინფორმირება იმის შესახებ, თუ კონსულტაციების შედეგად მათგან მიღებულმა მოსაზრებებმა შემდგომ რა გავლენა იქონია სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრასა და განხორციელებაზე.

„ღია ბიუჯეტის ინდექსის“ შესახებ:

„ღია ბიუჯეტის ინდექსი“ ეფუძნება „ღია ბიუჯეტის კვლევას“, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთადერთ დამოუკიდებელ, შედარებით, და რეგულარულ საზომს წარმოადგენს მსოფლიოში. „ღია ბიუჯეტის კვლევა“ პასუხის რამდენიმე ვარიანტის მქონე 125 კითხვას შეიცავს, რომელთაგან 95 კითხვა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის ხელმისაწვდომობას, დროულობასა და ყოვლისმომცველობას ზომავს. ეს დოკუმენტებია: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტი, მოქალაქის ბიუჯეტი, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები წლის განმავლობაში, ნახევარი წლის მიმოხილვა, საბოლოო წლიური ანგარიში და აუდიტის ანგარიში. ამ 95 კითხვის საფუძველზე მიღებული საშუალო ქულა შეადგენს „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ საერთო ქულას თითოეული გამოკითხული ქვეყნისათვის. „ღია ბიუჯეტის ინდექსის“ ქულები 0-იდან 100-ამდე საზღვრებში შეიძლება მერყეობდეს, სადაც 0 მინიმალური ქულაა, ხოლო 100 მაქსიმალური. „ღია ბიუჯეტის კვლევის“ დანარჩენი 30 კითხვა საზედამხედველო ორგანოების სიძლიერესა და ბიუჯეტის შედგენაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობებს ზომავს.

2012 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევის“ შედგენის პროცესმა ყველა 100 გამოკვლეულ ქვეყანაში 18 თვე გასტანა და 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის დეკემბრამდე პერიოდი მოიცვა. მასში დაახლოებით 400 ექსპერტი მონაწილეობდა. საქართველოში აღნიშნული კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეასრულა.

„ღია ბიუჯეტის კვლევა“ მოქალაქეთათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რადგან საზოგადოდ მიიჩნევა, რომ გამჭვირვალე, ძლიერი საზედამხედველო ორგანოების მქონე და საზოგადოების ჩართულობისათვის ხელმისაწვდომი ღია საბიუჯეტო სისტემები სახელმწიფო სახსრების შედეგიანად და სამართლიანად განკარგვის საუკეთესო საშუალება შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს აღნიშნულ საკითხებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, შესრულებისა და ანგარიშგებისას საკუთარი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები აამაღლოს.

2012 წლის „ღია ბიუჯეტის კვლევა“ სრული სახით, მათ შორის დეტალური ანალიზი, მეთოდოლოგია და რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://internationalbudget.org/what-we-do/open-budget-survey/ 

 

print