მედიაცენტრში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია არჩევნებში სამხედრო პირების მონაწილეობის წესთან დაკავშირებით, 27 მაისი
თბილისი, საქართველო - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 10.101 მუხლის თანახმად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, თუ ისინი არჩევნების დღისთვის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე 1 წლით ან მეტი ვადით იმყოფებიან. ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში 2009 წლის 28 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა. მანამდე ზემოაღნიშნული პირები პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში ხმას შეუზღუდავად აძლევდნენ – მათ თვითმმართველობების არჩევა მაშინაც კი შეეძლოთ, თუ დისლოკაციის ადგილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეეცვლებოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ იმ პირებს ჰქონოდათ, რომელთაც საარჩევნო დღისთვის შესაბამის ოლქში უკვე ნამსახურები ექნებოდათ ერთი წლით ან მეტი ვადით. ამით იქმნებოდა იმის გარანტია, რომ სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილება არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მხოლოდ კონკრეტულ საარჩევნო ოლქ(ებ)ში არჩევნების შედეგებზე გავლენის მიზნით არ მომხდარიყო. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და მმართველი პარტიის წარმომადგენლები 10.101 მუხლს დღეს სხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ. მათი განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა იმ სამხედრო პირს, რომელსაც სპეციალური სიის შედგენამდე ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი დღით ადრე, გაუფორმდა ერთი ან მეტწლიანი კონტრაქტი. 10.101 მუხლის ამგვარი ინტერპრეტაცია არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციას არსებითად ეწინააღმდეგება და იგივე მდგომარეობას ტოვებს, რაც 101 პუნქტის დამატებამდე იყო. საქართველოს კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურის მინიმალური საკონტრაქტო ვადა სამი წელია, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურის – ერთი წელი. ერთ წელზე ნაკლებ კონტრაქტს კანონი არ იცნობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობას ყველა სამხედრო პირი მიიღებს. მათი ზუსტი რაოდენობა დახურული ინფორმაციაა, თუმცა „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სამხედრო ძალების შემადგენლობა 2010 წლისთვის 37 ათასია (პარლამენტი სამხედრო ძალების რაოდენობას ყოველწლიურად ამტკიცებს). ამ რიცხვს ემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებული ნაწილების რაოდენობა, რაც რამდენიმე ათასს შეადგენს. ამდენად სამხედრო და გასამხედროებულ პირებს ოლქების არჩევნების შედეგებზე საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. საარჩევნო კოდექსის 10.101 მუხლის ცესკოს მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციით ხელისუფლებას კვლავ აქვს იმის პოტენციური შესაძლებლობა, რომ ცალკეულ საარჩევნო ოლქებში სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მიზანმიმართულად გაზარდოს და ამ გზით არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას შეეცადოს. საკონტაქტო პირი: თამუნა ქაროსანიძე, მედიაცენტრის კოორდინატორი მობილური: 877 71 91 07 ელ-ფოსტა: ngomediacentre@gmail.com