საარჩევნო მედიაცენტრში გაერთიანებული ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, 29 მაისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საარჩევნო მედიაცენტრში გაერთიანებული ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, 29 მაისი

30 მაისი, 2010

თბილისი, საქართველო _ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს რამდენიმე ათასი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, რაც მის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს არჩევნები საქართველოს ხელისუფლების და მისი პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების ტესტად აღიქმება. არჩევნებამდე ერთი დღე რჩება. ხმის მიცემისა და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების პროცესი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, როგორ შეაფასებს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება მომავალ არჩევნებს, თუმცა ამ შეფასებაში დიდ ადგილს წინასაარჩევნო გარემოსადმი დამოკიდებულებაც დაიკავებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია” წინასაარჩევნო გარემოს არჩევნების დანიშვნის დღიდან აკვირდებიან. ამ დაკვირვების საფუძველზე არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ასეთი ტენდენციები იკვეთება: არჩევნების დღის დანიშვნა: საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების დღეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა პრეზიდენტი ნიშნავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 2010 წლის 30 მაისს ჩატარების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პირველი საჯარო განცხადება ჯერ კიდევ წინა წლის ივნისში გააკეთა, თუმცა ოფიციალურად არჩევნების დღე,2006 წლის ადგილობრივი და 2008 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, არჩევნების თარიღის განსაზღვრის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის ზუსტად ბოლო დღეს გამოაცხადა. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო ანგარიშებსა და რეკომენდაციებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არჩევნების დღის დადგენა ტექნიკური საკითხი არ არის. მას წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ამდენად იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტებს შეძლებისდაგვარად თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ, აუცილებელია, რომ არჩევნების ოფიციალური თარიღი მათთვის უფრო ადრე იყოს ცნობილი. საკანონმდებლო ცვლილებები: 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ხმის მიცემისა და ხმების დათვლის დროს გამოვლენილი დარღვევების გასაჩივრების ვადა ერთი დღიდან ორ დღემდე გაიზარდა, საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების დანიშვნის პრეროგატივა ოპოზიციურ პარტიებს მიენიჭათ, არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ ახალი საბიუჯეტო ცვლილებების ინიცირება და განხორციელება აიკრძალა და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის თანახმადაც, თბილისის მერი პირდაპირი წესით აირჩევა, თუმცა სამწუხაროა, რომ 2009 წელს პრეზიდენტის მიერ გაეროში გაკეთებული განცხადების მიუხედავად, სადაც მან თქვა, რომ პირდაპირი წესით აირჩეოდა ყველა ქალაქის მერი, სხვა ქალაქების მერებს ამ არჩევნების შემდეგ კვლავ საკრებულოები დანიშნავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, ვერც წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უკეთესად დარეგულირება მოხერხდა. დღეს საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება და მმართველ პარტიასა და მის კანდიდატებს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამომრჩეველთა სია: ამომრჩეველთა სია ის საკითხია, რომელზე მუშაობაც არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე უნდა დაიწყოს. ამ საკითხის მოწესრიგებისთვის აუცილებელია, რომ იმ საჯარო უწყებების მონაცემთა ბაზები, რომლებიც ამომრჩეველთა სიის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას, ერთმანეთის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზებთან თავსებადი იყოს. გარდა ამისა, ამომრჩეველთა სიის შემოწმება ამომრჩევლებს მუდმივად უნდა შეეძლოთ და ის უწყვეტ რეჟიმში უნდა ახლდებოდეს. მიუხედავად ამისა, ამ არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაზე გაწეული სამუშაო უფრო მეტად დადებით შეფასებას იმსახურებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სიის გადამოწმებაში თერთმეტი პოლიტიკური პარტია ჩაერთო, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა მათ მიერ გამოვლენილი ხარვეზები სრულად არ გასწორებულა. ამომრჩეველთა სიაზე მუშაობის შედეგების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საზოგადოებას დეტალური ანგარიში წარუდგინა. საარჩევნო ადმინისტრაცია: საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა დონეებზე განსხვავებული სურათები გამოიკვეთა. ცენტრალური საარჩევნო კომისია უფრო მეტად ცდილობდა, კონსტრუქციული სამუშაო გარემო შეექმნა და მის საქმიანობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ჩაერთო. წინა არჩევნებთან შედარებით, კომისიის წევრები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წარმომადგენლები, უკეთესად იყვნენ ინფორმირებულები კომისიის მუშაობის, მისი სხდომების თარიღებისა და განსახილველი საკითხების შესახებ, და სამუშაო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა ეძლეოდათ. გარდა ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ფუნქციონირებდა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რომელთა წევრებს შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ. ამ დადებითი ტენდენციების პარალელურად იყო შემთხვევები, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას აგვიანებდა, ან არასრულ ინფორმაციას გასცემდა. გაცილებით უარეს შეფასებას იმსახურებს ქვედა დონის – საოლქო და საუბნო – საარჩევნო კომისიები, საიდანაც ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო ჭირდა. ცუდია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაცია და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს შორის კვლავ მოხვდნენ ის პირები, რომლებიც წინა არჩევნების დროს დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების გამო,„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ შედგენილ „შავ სიაში” მოხვდნენ. ეს სია ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებამდე მიაწოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. წინასაარჩევნო კამპანია: წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგისას აქცენტი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და დაშინების ფაქტებზე გაკეთდა. ამ მხრივ წელს ნაკლები დარღვევები გამოვლინდა, ვიდრე 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წელს შედარებით ნაკლები იყო კონკურენციაც. პოლიტიკურმა პარტიებმა აქცენტი თბილისზე გააკეთეს, დაშინების შემთხვევები კი წინა არჩევნების დროს რეგიონებში გაცილებით უფრო ხშირი იყო, ვიდრე – თბილისში. სამწუხაროა, რომ ამ შედარებით ნაკლები კონკურენციის პირობებშიც კი, ამომრჩევლებისა და პოლიტიკური ოპონენტების დაშინების ფაქტები კვლავ გამოვლინდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ დღემდე გამოქვეყნებულ ანგარიშებში არაერთი ასეთი შემთხვევაა აღწერილი. მათი რეალური რაოდენობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ანგარიშებში მოხვდა, რადგან პოლიტიკური აქტივისტებისა და ამომრჩევლების ნაწილი ამ საკითხზე ღიად ლაპარაკს მოერიდა. წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა მმართველი პარტიის კამპანიაში საჯარო მოხელეების აქტიური მონაწილეობისა და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე გათვლილი სოციალური პროგრამების შემთხვევებიც. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უკრძალავს. შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებაში 1000-ზე მეტი საჯარო მოხელე გავიდა. თან ეს იმ ფონზე მოხდა, როცა წელს საჯარო მოხელეების რაოდენობა და მათი ხელფასებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება წინა წლებთან შედარებით საკმაოდ გაიზარდა. რეაგირება დარღვევებზე: თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკას გავითვალისწინებთ, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს არა ნაციონალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე ვირჩევთ, ადვილი შესაძლებელია, რომ დარღვევების ინიციატივა არა ცენტრალური ხელისუფლებიდან, არამედ იმ ადგილობრივი საჯარო მოხელეებისგან მოდიოდეს, რომლებიც ცალკედულ ქალაქებსა და რაიონებში თავად იყრიან კენჭს. ამ შემთხვევაში იმის შეფასებაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ რეაგირებს ცენტრალური ხელისუფლება და პასუხისმგებელი უწყებები ასეთ დარღვევებზე. ამ მხრივ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა შედარებით სუსტი იყო. ის წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესს ნაკლები კონსტრუქციულობითა და ინტერესით ეკიდებოდა, რაც ნაწილობრივ იმითაც იყო განპირობებული, რომ უფრო მნიშვნელოვნად არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოები მიაჩნდა. საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დარღვევებზე რეაგირების კუთხით უფრო პასიური პოზიცია აირჩია, ვიდრე - პროაქტიული. დარღვევებზე რეაგირების საკითხზე უფრო აქტიურად მუშაობდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯგუფი მაღალი თანამდებობის პირებით არის დაკომპლექტებული, რაც მის გავლენასა და ქმედუნარიანობას ამაღლებს. დღეის მდგომარეობით ჯგუფმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. შეხვედრებზე ამ ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი თითოეული დარღვევა დაწვრილებით განიხილებოდა. გარდა ამისა, უწყებათაშორისმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ორი ანგარიში, რომლებშიც შესწავლილი დარღვევებისა და მათზე რეაგირების დეტალები იყო აღწერილი და გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საჯარო განცხადება, რომლებშიც საჯარო მოხელეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად, ადეკვატურად ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პირია (ხულოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც სკოლაში წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა) დასჯილი. რამდენიმე სხვა ფაქტზე, ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს. მათ შორის არის ოპოზიციურ პარტიებზე მესტიაში 3 მაისს განხორციელებული განსაკუთრებით უხეში ზეწოლის ფაქტიც, რომელზეც არაერთი მოწმის ჩვენება და ფარული ვიდეოჩანაწერი არსებობს. რაც შეეხება პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფს, მისი საქმიანობა ამ ეტაპზე მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ დარღვევების შესახებ პერიოდულად იღებს ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, მათ პრესკონფერენციებზე ახმოვანებს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. საბოლოო ჯამში, აშკარად იკვეთება ხელისუფლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცდელობა, რომ 30 მაისის ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა საერთაშორისო საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახუროს. ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მართლაც გადაიდგა, თუმცა, დადებით ტენდენციასთან ერთად, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო აკრძალვების ინტერპრეტაციისას აქცენტი უფრო მეტად მათ ფორმალურ მხარეზე კეთდება, ვიდრე – არსსა და მიზანზე. შედეგად, კვლავ ბუნდოვანი რჩება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისა და ხელისუფლების საქმიანობის გამყოფი ხაზი და სხვა პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელება არათანაბარ პირობებში უწევთ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია” მომავალშიც გააგრძელებენ საარჩევნო მონიტორინგს და, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმაზე გაამახვილებენ, თუ როგორ გაგრძელდება დარღვევებზე რეაგირების პროცესი. აქვე მოვუწოდებთ უწყებათაშორის ჯგუფს, რომ რეაგირება იყოს დროული და ჩადენილი დარღვევების ადეკვატური, და რომ ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ აქტიურად მიაწოდოს არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას (ჯგუფის მიერ დღემდე გამოქვეყნებული ანგარიშები მხოლოდ ინგლისურ ენაზეა), არამედ საქართველოს მოქალაქეებს და პირველ რიგში - სწორედ მათ. საკონტაქტო პირი: თამუნა ქაროსანიძე, მედიაცენტრის კოორდინატორი 877 71 91 07, ngomediacentre@gmail.com მედიაცენტრის საქმიანობას აფინანსებს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”

print
elections