"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს "პირველი განცხადება პრესისთვის არჩევნების დღეს, 30 მაისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს "პირველი განცხადება პრესისთვის არჩევნების დღეს, 30 მაისი

30 მაისი, 2010

ოზურგეთის #60 ოლქი, ბოხვაურის #23 უბანი სიის დანართში 107 ამომრჩეველია, რომლებმაც გადასატანი ყუთით უნდა ისარგებლონ. ამ სიაში ბევრი აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც განაცხადეს, რომ მიდიან საარჩევნო უბანზე და არ მოუთხოვიათ გადასატანი ყუთის სახლში მიტანა. 107 ზარი ამ პირთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოთხოვნით განხორციელებულია 5 ნომრიდან. ამ ნომრებიდან 2 ეკუთვნის ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს გელა კანლანდარიშვილს და ნოდარს (გვარი არ არის ცნობილი). მათ დაადასტურეს, ომ თავად დარეკეს უბანზე და ჩააწერინეს ეს მონაცემები. ოზურგეთის # 60 ოლქი, ანასელის # 57 უბანი მოპოვებულია რამდენიმე განცხადება გადასატანი ყუთის მიტანის მოთხოვნით სხვადასხვა მისამართიდან, რომლებიც, სავარაუდოდ ერთი და იმავე ადამიანის დაწერილია, როგორც ეს კალიგრაფიიდან ჩანს.ზემოთა ინფორმაციასთან ერთად, ეს აძლიერებს ეჭვს, რომ გადასატანი ყუთის სიები დასახელებულ უბნებზე გაყალბებულია. ლაგოდეხის #15 ოლქი, სოფელ კაბალის #1 უბანი არ მუშაობდა მარკირების აპარატი. მიუხედავად ამისა, კენჭისყრა დაიწყო და საკონტროლო ფურცელიც ჩააგდეს. ამასთან, უბანზე იმყოფებოდა ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გურამ კაკალაშვილი, რომელიც უბნის კომისიის თავმჯდომარეს, ადლათ სარდაროვს აძლევდა მითითებებს მ.შ. არ მიეღო საჩივრები, რაც სრულდებოდა კიდეც. უბანთან იმყოფებოდა პირთა ჯგუფი, რომლებიც უბნის ტერიტორიაზე შევიდნენ და დამკვირვებლები გამოაძევეს. უბანთან იმყოფებოდა დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ამ ფაქტებზე რეაგირება არ მოახდინა. ლაგოდეხის # 15 ოლქი, სოფ. უზუმთალას #21 უბანი დამკვირვებელს არ დაურეგისტრირეს საჩივარი. ამასთან არ იყო ელექტროენერგია და არ მუშაობს ასლის გადამღები აპარატი. ლაგოდეხის # 15 ოლქი, სოფ. ყარაჯალას #22 უბანი საარჩევნო ყუთთან იდგა კომისიის ერთ–ერთი წევრი. მისი მოთხოვნით, ამომრჩევლები აჩვენებდნენ შევსებულ ბიულეტენებს და მხოლოდ ამის შემდეგ აგდებდნენ ყუთში. ხელვაჩაურის #96 ოლქი, უბანი #69, საპყრობილე # 3 კენჭისყრის ოთახში არ იყო გამოკრული ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" დამკვირვებელმა საჩივარი შეიტანა საუბნო კომისიაში. ამის შემდეგ, ეს ხარვეზი აღმოიფხვრა. საკონტაქტო პირები: ვახტანგ კობალაძე, აღმასრულებელი დირექტორი, ტელ.: 877 400 818. თამუნა ქაროსანიძე, მედია–ცენტრის კოორდინატორი, ტელ.: 877 71 91 07.

print
elections