"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საბოლოო განცხადება არჩევნების დღეს, 30 მაისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საბოლოო განცხადება არჩევნების დღეს, 30 მაისი

01 ივნისი, 2010

• 1 184 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება –ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა – მხოლოდ ერთმა შესძლო. • კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ხმას აძლევდნენ შესაბამის დაწესებულებებში. 2010 წლის 30 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დააკვირდა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მონიტორინგი განხორციელდა ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები იმყოფებიან. სულ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი 5 დაწესებულებაა. ესენია: 1. #5 საპყრობილე, თბილისი, ისნის საარჩევნო ოლქი. 2. #8 საპყრობილე, თბილისი, გლდანის საარჩევნო ოლქი. 3. #2 საპყრობილე, ქუთაისი. 4. #4 საპყრობილე, ზუგდიდი. 5. #3 საპყრობილე, ხელვაჩაური. ოთხ დაწესებულებაში უბნები იყო გახსნილი (მათ შორის, #8 საპყრობილეში ორი უბანი), ზუგდიდის საპყრობილეში კი გადასატანი ყუთით ხდებოდა ხმის მიცემა. ცესკოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სულ ამ დაწესებულებებში 2 669 ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მათ შორის წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა საერთო რაოდენობა ხუთივე დაწესებულებაში 1 184-ია. საქართველოს კანონმდებლობით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული,ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში,თუ ისინი ადგილსამოყოფელს იცვლიან ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (თბილისში მერის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო კოდექსში არაფერი წერია. შესაბამისად, ზოგადი წესიდან გამომდინარე, თბილისის მცხოვრებლები დედაქალაქში მერის და პროპორცული წესით არჩევნებში შეუზღუდავად მიიღებენ მონაწილეობას). კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლები ხმას აძლევენ ამავე დაწესებულებებში და არა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. წინასწარ პატიმრობაში მყოფთაგან განსხვავებით, აღნიშნული დაწესებულებების თანამშრომლებს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, შეზღუდვა არ აქვთ და ხმას აძლევენ როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპრციულ არჩევნებში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, წინასწარ პატიმრობაში მყოფ მხოლოდ სამ ამომრჩეველს ჰქონდა პირადობის მოწმობა. მათგან ერთმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ორმა კი უარი განაცხადა. სასჯელაღსრულების დაწესებულებების ადმინისტრაციის განმარტებით, პატიმრების ნაწილს საერთოდ არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მეორე ნაწილის საბუთები კი მათ პირად საქმეებში ინახებოდა პროკურატურაში. წინასწარ პატიმართა მიერ ხმის მიცემის პროცესში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამდროისთვის შემდეგი პროცედურული დარღვევები დააფიქსირა: - ხელვაჩაურის მესამე საპყრობილეში უბანზე გამოკრული არ იყო ხმის მიცემის ინსტრუქცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დამკვირვებლის მიერ საჩივრის დაწერის შემდეგ, ეს დოკუმენტაცია უბანზე გამოიკრა; - ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში 62 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირია რეგისტრირებული. საუბნო კომისიამ, რომელზეც ეს საპყრობილეა მიმაგრებული, მათი სიები პირადი ნომრების გარეშე მიიღო საოლქო საარჩევნო კომისიიდან. მართალია, ვერც ერთმა წინასწარ პატიმრობაში მყოფმა პირმა შესძლო არჩევნებში მონაწილეობა პირადობის მოწმობის არ ქონის გამო,თუმცა მათ რომც ჰქონოდათ პირადობის მოწმობები, პირადი ნომრის გარეშე მათი იდენტიფიცრება ვერ მოხდებოდა. ჩვენი დაკვირვების შედეგად, გვინდა გამოვყოთ შემდეგი პრობლემები: • წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს პრაქტიკულად არ მიეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ამრიგად თავიანთი კონსტიტუციური უფლება შეეზღუდათ. • სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებს შეუზღუდავად ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება,მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი რეგისტრირებული მოცემულ საარჩევნო ოლქებში. ამრიგად ისეთმა ამომრჩევლებმა მიიღეს რიგი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს დაკომპლექტებაში მონაწილეობა, რომლებიც სხვა ოლქებში არიან რეგისტრირებული. • გაუგებარია, თუ რა საჭიროებას წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა თანამშრომლისათვის ხმის მიცემის ორგანიზება სამუშაო ადგილზე და არა საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით, როგორც ეს სხვა მოქალაქეებთან მიმართებაში ხდება. სპეციალური უბნების შედეგები, როგორც წესი, სახელისუფლებო პაარტიისათვის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვეულებრივი უბნების შედეგები. მაგალითისთვის,2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნეში წინასწარი დაკავების ადგილებში მიხეილ სააკაშვილმა ჯამში ხმების 92.2% მიიღო. დღეს არსებული კანონმდებლობით აღნიშნული უბნების შედეგების ცალკე ნახვა შეუძლებელი იქნება - მათი შედეგები წინასწარ განსაზღვრულ სხვა საარჩევნო უბნის შედეგებს შეერევა, ერთად დაითვლება. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ასეთ დახურულ უბნებში ამომრჩეველთა მარკირებაც არ ხორციელდება, ვინაიდან კანონი ამის ვალდებულებას არ აწესებს. საკონტაქტო პირები: ვახტანგ კობალაძე, აღმასრულებელი დირექტორი, ტელ.: 877 400 818. თამუნა ქაროსანიძე, მედიაცენტრის კოორდინატორი, ტელ.: 877 71 91 07.

elections