საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
14-15 სექტემბერს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თბილისში.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ღია საპარლამენტო პრინციპებს შეუერთდა და ხელი შეუწყო საკანონმდებლო ღიაობას ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში. ორდღიანი ფორუმის მიზანია განხილულ იქნას სამუშაო ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ღიაობის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი, მათ შორის „ღია პარლამენტის“ სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და ღია საპარლამენტო მონაცემების საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის ასპექტები. საერთაშორისო კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საპარლამენტო ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების შესახებ სესიის მოდერატორია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი მოხსენებას გააკეთებს - ღიაობის გაძლიერება: სტანდარტების მიღება, გეგმების შემუშავება და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის სესიაზე. ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში იმართება და მის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენს. ეს არის ერთკვირიანი მოწოდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტებისადმი, რათა მათ ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ღიაობას.