საქართველოს პროგრესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი: სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია რიგაში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს პროგრესი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი: სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია რიგაში

19 მაისი, 2015

 

2015 წლის 19 მაისი     

რიგა, ლატვია

დღეს, 19 მაისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ორი დღით ადრე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რიგაში კონფერენციას მართავენ. კონფერენციიის მონაწილეები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის კუთხით საქართველოს მიერ დღეისათვის მიღწეული პროგრესს იხილავენ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქართველოსა და ლატვიის ბიუროები („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და Delna) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. დისკუსიის მონაწილეები შეეცდებიან პასუხი გასცენ შეკითხვებს: რამდენად შეასრულა საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები რიგის სამიტამდე? რა მომავალი აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს? როგორია აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები?

კონფერენციაზე ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, კავშირი „საფარი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) – წარმოადგენენ საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებისა და ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს. პოლიტიკის დოკუმენტები, სადაც დღის წესრიგის შესრულების ანგარიში და რეკომენდაციებია წარმოდგენილი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მომზადდა და მოიცავს შემდეგ სფეროებს: სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და ადამიანის უფლებათა დაცვა – ქალთა, ბავშვთა, პროფკავშირებისა და პატიმართა უფლებები. ღონისძიების მონაწილეებთან ერთად დისკუსიაში ჩაერთვებიან და მონიტორინგის შედეგებზე განმარტებებს გააკეთებენ საქართველოს მთავრობის ის წარმომადგენელები, რომლებიც შესაბამის სფეროებზე არიან პასუხისმგებელნი.

როგორც ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, მონიტორინგის მიზანია, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაში საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების კიდევ უფრო გაზრდა და რეფორმების წახალისება:

„სამოქალაქო საზოგადოება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას უყურებს, როგორც ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმას. ევროკავშირი ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა გამოწვევებით სავსე გარემოში რეფორმების გატარების ხელშეწყობის თვალსაზრისით".

კონფერენციის პირველ პანელზე განხილული იქნება ასოცირების დღის წესრიგი, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარების ინსტრუმენტი. სიტყვით გამომსვლელთა შორის არიან ევროკომისიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების უფროსი დირკ შუბელი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვიქტორს მაკაროვსი და ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლოლიტა ჩიგანე.

მეორე და მესამე პანელებზე გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგის პოლიტიკური ნაწილის შესრულების საკითხში საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მის წინაშე მდგომი გამოწვევების განხილვა.

„აქ წარმოდგენილი არასამთავრობოები წარმოადგენენ წამყვან ორგანიზაციებს თავიანთ სფეროებში. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას მის მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. ამავე დროს, არსებობს საკითხები, სადაც ჩვენ ერთი აზრი გვაქვს. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

მოხარული ვართ, რომ დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები: იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვალერი ლომუაშვილი და სასჯელაღსრულების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა ხანდოლიშვილი.

ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ანგარიშების (პოლიტიკის დოკუმენტების) წარმოდგენა თბილისში 15 ივნისს იგეგმება.

 

მეტი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ნანა ლობჟანიძე

nana@transparency.ge, 595 210 309

ანუკა ტოკლიკიშვილი

anuka@osgf.ge, 595 221 999

print