სახელმძღვანელო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
დაუყონებლივ გასავრცელებლად
2012 წლის 22 ივნისი – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – აზერბაიჯანი” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთი” აქვეყნებენ ახალ ანგარიშს “სახელმძღვანელო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინფომრაციის თავისუფლების შესახებ”. ანგარიში რეგიონული კვლევითი პროექტის “ სამხრეთ კავკასიაში ინფორმაციის თავისუფლების” ფარგლებში შეიქმნა. პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდება.
ანგარიშზე მუშაობისას გამოვლინდა შემდეგი ძირითადი საკითხები:
-
სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ საკუთარი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობის მხრივ ფორმალური გარანტიების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა;
-
სამი ქვეყნის საკანონმდებლო ბაზების შედარებისას აღმოჩნდა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე კარგად გაწერილი კანონდებლობები აქვთ;
-
მხოლოდ აზერბაიჯანში დაარსდა დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებისთვის საჭირო მოთხოვნების შესაბამისობას შეისწავლის, თუმცა რეალურად ის არაეფექტური მექანიზმია;
-
აზერბაიჯანისა და სომხეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები აწესებს პასუხისმგებლობას საჯარო ინფორმაციის უკანონოდ არგაცემის შემთხვევაში. საქართველოში კანონმდებლობა ასეთ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
-
აზერბაიჯანლებისა, ქართველების, სომხების უმეტესობას (50%) არასოდეს უსარგებლიათ საკუთარი უფლებით და არ გამოუთხოვიათ ისეთი საჯარო ინფორმაცია, როგორიცაა ოფიციალური პირების ხელფასები, სახელმწიფო შესყიდვები, პარტიების დაფინანსება, ხარჯები თავდაცვისა და განათლების სფეროში და ა.შ.
წინამდებარე სახელმძღვანელო სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის შესაბამისი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დეტალური კრებულია. სახელმძღვანელოს მიზანია იყოს პირველწყარო ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი კვლევის პირველადი მიზანია არაა სომხეთში, საქართველოსა და აზრებიაჯანში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დე ფაქტო პრობლემების და ნაკლოვანებების იდენტიფიცირება, ის მაინც ამოწმებს თუ როგორ ასრულებენ ამ სამი ქვეყნის საჯარო დაწესებულებები საკუთარ მოვალეობებს და როგორ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. ამავე დროს, ანგარიშზე მუშაობისას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დახმარებით მოხდა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და გამოვლინდა თუ რამდენად იციან სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში მოქალაქეებმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლების შესახებ.
