საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, EPRC და ჯამპსტარტ ჯორჯია ყველაზე გამჭვირვალე დაფინანსების მქონე ანალიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის დასახელდნენ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, EPRC და ჯამპსტარტ ჯორჯია ყველაზე გამჭვირვალე დაფინანსების მქონე ანალიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის დასახელდნენ

17 თებერვალი, 2015

არასამთავრობო ორგანიზაცია Transparify-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 47 ქვეყანაში მოღვაწე 169 ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური გამჭვირვალობა არის შეფასებული. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, Transparify-მ შეადგინა რეიტინგი, სადაც გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით ორგანიზაციებს 0-დან 5 ქულამდე (სადაც „5“ „ყველაზე გამჭვირვალეს“ ნიშნავს) აქვთ მინიჭებული.

საქართველოდან კვლევისთვის რვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) და „ჯამპსტარტ ჯორჯია“, რომლებიც უმაღლესი ქულით – 5-ით შეფასდნენ.

საერთო ჯამში, 5 ქულა გამჭვირვალობაში 169-დან მხოლოდ 31-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიმსახურა. საკუთრივ, ეს შეფასება გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანიზაციები საჯაროდ აფიქსირებენ საკუთარი დონორების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, თანხებისა და დაფინანსებული პროექტების მითითებით.

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის პროცესის მნიშვნელოვანი აქტორები არიან. მათი დანიშნულებასა და მანდატს, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკის მიმღებთათვის რეკომენდაციების გაწევას წარმოადგენს, რითიც ისინი პოლიტიკის ფორმირების პროცესში იღებენ მონაწილეობას. სწორედ ამიტომ მათ თავადაც აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ საკუთარი დაფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა.

print