რა საკითხებით ინტერესდებოდნენ დეპუტატები 2023 წელს? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა საკითხებით ინტერესდებოდნენ დეპუტატები 2023 წელს?

03 აპრილი, 2024

სადეპუტატო კითხვები პარლამენტის წევრების მიერ ხშირად გამოიყენება, თუმცა საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს ეფექტურს ვერ ვუწოდებთ, რაც განპირობებულია, როგორც კითხვების შინაარსით, ასევე, მთავრობის წევრთა მიერ კითხვებზე რეაგირებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატია.

2023 წელს პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 წერილობითი კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ უწყებებს, აქედან 77 - უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. 796 კითხვა უპასუხოდ დარჩა.

პასუხგაუცემელი კითხვებიდან 791-ის ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს).

2023 წელს სადეპუტატო კითხვების თემატიკა შეეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის: 

  • რეგიონებში წყალმომარაგება
  • განათლებისა და კულტურის თემატიკა
  • მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობა
  • მუნიციპალიტეტებში ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხოციელებული აქტივობები
  • მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგები და სემინარების რაოდენობა. 

სადეპუტატო კითხვების თემატიკა ძირითადად სხვადასხვა საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა. ერთი და იგივე შინაარსის კითხვა სხვადასხვა სტრუქტურაში იყო გაგზავნილი, რამაც კითხვების სიმრავლე განაპირობა.

სადეპუტატო კითხვების შესწავლისას შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: 

  • მთავრობის წევრთა მიერ ასეულობით შემთხვევაში ჰქონდა ადგილი სადეპუტატო კითხვების იგნორირებას, განსაკუთრებით თუ კითხვა ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ იყო დასმული. 2023 წელს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ დასმულ 791 კითხვას (27%-ს) არ გაეცა პასუხი. პასუხგაუცემელი კითხვებისა და დაგვიანებული პასუხების პრობლემაზე ყურადღებაა გამახვილებული საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პერიოდულ ანგრიშებშიც;
  • 2023 წელს სადეპუტატო კითხვების თემატიკა ძირითადად სხვადასხვა საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა. მსგავსი ინფორმაციის მიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც შესაძლებელია. საპარლამენტო კონტროლის საკონსტიტუციო მექანიზმი, როგორც წესი, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს უნდა ეხებოდეს და პასუხად მეტი ინფორმაცია იყოს მოთხოვნილი, ვიდრე სტატისტიკური მონაცემები; 
  • იმ შემთხვევაში თუ მინისტრი ან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი არ პასუხობს სადეპუტატო კითხვებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მექანიზმი უნდა იყოს ეფექტური. მთავრობის მიერ სადეპუტატო კითხვების იგნორირება პლენარულ სხდომაზე მსჯელობის თემად და რიგ შემთხვევებში მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლადაც შეიძლება იქცეს. სადეპუტატო კითხვებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვას შეისწავლის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრები ხშირად ტოვებენ უპასუხოდ სადეპუტატო კითხვებს, ამ პრობლემის გამო არავის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია: 

  • დეპუტატები და მთავრობის წევრები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდენენ საპარლამენტო კონტროლის საკონსტიტუციო მექანიზმს;
  •  პარლამენტის წევრების მიერ სადეპუტატო კითხვები რეალური ზედამხედველობის განსახორციელებლად გამოიყენებოდეს; 
  • მინისტრები შერჩევით მიდგომას არ იყენებდნენ და პასუხობდნენ დასმულ კითხვებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს კითხვის ავტორი; 
  • პასუხგაუცემელი კითხვები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი ხდებოდეს.
print