ახალი ანგარიში: „საარჩევნო კამპანიის ფინანსების ანალიზი“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი ანგარიში: „საარჩევნო კამპანიის ფინანსების ანალიზი“

20 დეკემბერი, 2012

 

2012 წლის 20 დეკემბერი, თბილისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში აქვეყნებს ახალ ანგარიშს  „საარჩევნო კამპანიის ფინანსების ანალიზი“. ანგარიშში გაანალიზებულია იმ საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსური დეკლარაციები, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა საჭირო რაოდენობა მოიპოვეს და საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ. ეს სუბიექტებია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“.

კვლევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია და ფაქტია გამოსაყოფი:

  • საარჩევნო სუბექტების შემოსავლები - „ქართულ ოცნებას” 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში შემოსავლის სახით 2 მილიონ 377 ათას 877 ლარი აქვს მიღებული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კი - 10 მილიონ 76 ათას 414 ლარი. საარჩევნო სუბიექტებმა, წინა წლების მსგავსად, კვლავ შემოწირულებების სახით მიიღეს შემოსავლის უდიდესი ნაწილი. ამჯერად შემომწირველები მხოლოდ ფიზიკური პირები იყვნენ, რადგანაც იურიდიული პირებისგან შემოწირულების მიღება კანონით აიკრძალა. მიუხედვად ამისა, ჩვენ ხელთ არსებულ მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთაგან 74-ს და „ქართული ოცნების“ შემომწირველთაგან 30-ს გარკვეული კავშირი აქვს ბიზნესთან;
  • საარჩევნო სუბიექტების ხარჯები - „ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში სულ 6 მილიონ 206 ათას 577 ლარის ხარჯი გასწია, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 18 მილიონ 695 ათას 669 ლარი. „ქართულმა ოცნებამ” მთლიანი ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი პარტიის სიმბოლიკის შემცველი მცირე ღირებულების ნივთების დამზადებას, „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ” კი რეკლამას მოახმარა;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა - სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხშირად აჭარბებდა თავის უფლებამოსილებებს და კანონის უგულებელყოფით ახდენდა პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობაზე კონტროლს, რაც ხშირად ფინანსური კონტროლის ფარგლებსაც კი სცდებოდა. გარდა ამისა, თუკი 2011 წლის დეკემბრამდე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის ორგანოს მხრიდან საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დაუყოვნებლივ ხდებოდა, ყოველგვარი შეფერხების და ინფორმაციის სრული გამჭვირვალობით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კანონის ეს მოთხოვნა არაერთხელ იქნა უგულებელყოფილი, ხოლო საარჩევნო კამპანიის საბოლოო ანგარიშები დღემდე არ არის გამოქვეყნებული, მიუხედავად ვალდებულებისა;
  • საკანონმდებლო პრობლემები - საარჩევნო დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული წინა პერიოდთან შედარებით, თუმცა, მაინც იკვეთება სერიოზული პრობლემები. 2011 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული ფინანსური დეკლარაციის ფორმები და მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. დეკლარაციის ფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამ მხრივ პრობლემები, თუმცა გარკევული საკითხები კვლავ საჭიროებს გაუმჯობესებას;
  • ფინანსური დეკლარაციების ფორმები - 2011 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო სუბიექტებს, განსხვავებით წინა პერიოდებისაგან, როდესაც მხოლოდ შემოწირულება იყო შემოსავლის წყარო, დაემატა სხვა კატეგორიებიც, დეკლარაციის ფორმები კი არ იძლევა ამ კატეგორიების ამოწურვის საშუალებას, მაშინ, როდესაც ხარჯების ნაწილში ეს პრობლემა მოგვარებულია და არსებობს დამატებითი ფორმა, რომელიც სრულად ამოწურავს ყველა ტიპის ხარჯს. 


ანგარიშის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ის შესაძლოა არ ასახავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID­–ის და აშშ­-ის მთავრობის შეხედულებებს.

ანგარიში მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

print
elections