ახალი ანგარიში: „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“ - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ახალი ანგარიში: „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“

20 ივლისი, 2012

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

2012 წლის 20 ივლისი, თბილისი – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში აქვეყნებს ახალ ანგარიშს  „სახელმწიფო სახსრების საარჩევნო მიზნით ხარჯვა“.

ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჯარო ფინანსების ხარჯვის ტენდენციები  საარჩევნო წლებში განსხვავებულია − ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური, მოკლევადიანი დასაქმების და სხვა ტიპის პოპულისტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული. ამ კუთხით არც 2012 წელია გამონაკლისი.

საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზმა გამოავლინა სისტემური ხარვეზებიც, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფო ფინანსების საარჩევნო მიზნით ხარჯვას, კერძოდ:

  • ბიუჯეტი საკმარისად დეტალიზებული არ არის, რის გამოც ხანდახან გაუგებარია, როგორ იხარჯება გარკვეული თანხები. ეს განსაკუთრებით სარეზერვო ფონდების ხარჯვას ეხება;

  • 2012 წლიდან ბიუჯეტში თანხის პროგრამის მუხლებს შორის გადანაწილების ზღვარი 5%-დან 100%-მდე გაზარდა, რამაც სახელმწიფო ორგანიზაციებს საშუალება მისცა თავიანთი საბიუჯეტო პროგრამების მუხლებს შორის პარლამენტის თანხმობით გარეშე შეუზღუდავად გადაანაწილონ თანხები.

კვლევამ ასევე გამოავლინა საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯვის კონკრეტული შემთხვევები, კერძოდ:

  • სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე 25 000 სტუდენტი წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციებში (როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში) დასაქმდება და თითოეული მათგანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 ლარს მიიღებს;

  • პროფესიული განათლების 1000­ ლარიანი ვაუჩერების დარიგება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის;

  • ხანდაზმულობის პენსიის 25%-იანი ზრდა;

  • დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის 100%-ზე მეტით გაფართოება;

  • „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების“ დაფინანსების უპრეცედენტო - 309%-იანი ზრდა მაისის საბიუჯეტო ცვლილებებით;

  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2012 წლის ზაფხულში დაწყებული პროექტი − „ლიდერი 2012“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები უფასოდ მიჰყავთ საკურორტო ქალაქ ანაკლიაში და ტრენინგებს უტარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროგრამა 80 ათას სტუდენტზეა გათვლილი და სტუდენტური თვითმმართველობების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ხორციელდება.

აღნიშნული ინიციატივების უმეტესობის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაწყება გვაფიქრებინებს, რომ წინასაარჩევნოდ ხდება სახელმწიფო ფინანსური რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა მართებს სახელმწიფო სახსრების განკარგვისას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს საბიუჯეტო სახსრების ისეთი პროგრამებისთვის გამოყენებისაგან, რომლებიც საარჩევნოდ მოტივირებულად აღიქმება. ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ რეალურ პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიუჯეტის საარჩევნო მიზნით ხარჯვას.

ანგარიშისმომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ­ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნაგაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ისშესაძლოა არ ასახავდეს საარჩევნოსისტემებისსაერთაშორისოფონდის(IFES),USAID­ის და აშშ­ის მთავრობის შეხედულებებს.

ანგარიში მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

print
elections