ასი ახალი საავადმყოფო საქართველოსთვის:რამდენ წელს იმუშავებენ ისინი?
2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს „100 ახალი საავადმყოფოს” მშენებლობას. პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით. წინამდებარე ანგარიშის მიზანია შეაფასოს საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური პრივატიზაციის პროგრამა ჯანდაცვის რეფორმის მიზნებთან მიმართებაში, რომლებიც გაწერილია ევროპის თანამეგობრობისა და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში, კერძოდ კი: ჯანდაცვის სამსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის რესტრუქტურიზაცია, და ჯანდაცვის სფეროს ფინანსირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება. ანგარიშში ძირითად პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს პრივატიზაციის პროგრამის ტენდენცია ინვესტორთა ყურადღება გაამახვილოს რაოდენობით მაჩვენებლებზე – ახალი დაწესებულებებისა და საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, ახალი მშენებლობების დასრულების მოკლე ვადები და სხვა – რაც უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებული სამუშაოების ხარისხზე. მეორე საყურადღებო საკითხს წარმოადგენს ახალი საავადმყოფოებისა და ინვესტორთა იმ დაპირებების მდგრადობა, რომლებიც ითვალისწინებს მოსახელობისთვის მომავალში ჯანდაცვის სერვისების შეთავაზებას.
