აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ პირველი კვლევის ანგარიში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

აზარტული თამაშების ბაზრის შესახებ პირველი კვლევის ანგარიში

08 დეკემბერი, 2014

თბილისი, 2014 წლის 8 დეკემბერი – აზარტული თამაშების ბიზნესი საქართველოში საკმაოდ კარგად არის განვითარებული და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. მიუხედავად ამისა, ბაზრის დეტალური შესწავლა დღემდე არ მომხდარა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა წარმოადგენს ამ ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების პირველ მცდელობას. ანგარიშში მიმოხილულია ამ სფეროს მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა და წარმოდგენილია ბაზრის ძირითადი მახასიათებლები: სტატისტიკური მონაცემები, ძირითადი მოთამაშეები და მათი მფლობელების შესახებ საინტერესო ინფორმაცია.

ფინანსური მაჩვენებლები

  • სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, რომლის დროსაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 3.2-ჯერ, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა 2010 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. საგრძნობი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2012-2013 წლებშიც.

  • 2013 წელს აზარტული და სხვა ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს.

  • 2013 წელს აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საქმიანობით დაკავებულ დაწესებულებებში დასაქმებული იყო 5 046 ადამიანი, რაც ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 0.3% შეადგენს.

  • 2014 წელს ზრდის ტენდენცია, სავარაუდოდ, შეწყდება და სათამაშო ბიზნესის შემოსავლები შემცირდება: აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ბრუნვის მოცულობამ 2014 წლის I და II კვარტალში მხოლოდ 338.1 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზრის ძირითადი მოთამაშეები

  • 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედი საწარმოების საერთო რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. აქედან 32 მსხვილი საწარმოა. ამ ტიპის ბიზნესი ყველაზე ფართოდ გავრცელებული არის თბილისში, რომელსაც მოსდევს ბათუმი და ქუთაისი.

  • 32 მსხვილი საწარმოდან ოთხის მფლობელი პოლიტიკური პარტიების შემომწირველებში ფიგურირებს:

  • შპს GEOBET-ის და შპს „კონტრასტ +“-ის მფლობელმა თეიმურაზ უგულავამ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა.

  • შპს „სლოტ გლდანის“, შპს „წითელი და შავის“ და შპს „ევროკაპიტალის“ მფლობელმა ვლადიმერ ბაკურაძემ იმავე პერიოდში ასევე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 50 000 ლარი შესწირა.

  • შპს betwin-ის მფლობელმა ირაკლი ხახუბიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ნაციონალურ მოძრაობას“ 10 000 ლარი შესწირა.

  • 2013 წლის მაისში „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორიცაა.

  • „საქართველოს ლატარიის კომპანია“ სათამაშო ბიზნესში ერთადერთი კომპანიაა, სადაც წილებს (70%) „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით სახელმწიფო ფლობს.

  • რამდენიმე შემთხვევაში შეუძლებელია კომპანიის მფლობელების დადგენა, რადგანაც ისინი უცხო ქვეყნაში ან ოფშორულ ზონაში არიან რეგისტრირებულნი:

  • უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები: „ქართული კაზინოს ჯგუფი” - ნიდერლანდები (75%); „დეიდრიმ უნივერსალი,” დიდი ბრიტანეთი (100%);

  • ოფშორულ ზონაში რეგისტირებული კომპანიები:  „მონაკო“ – კვიპროსი (100%);  „საქართველოს ლატარიის კომპანია“ – ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.), (30%); „კაზინო აჭარა“ – კვიპროსი (10%), ვირჯინიის კუნძულები (ბრიტ.) (90%); „ლიმონი 2009“ – მალტა (100%).

  • საქართველოს გარდა, კომპანიების მფლობელებსა და დირექტორებს შორის არიან რუსეთის, თურქეთის, სომხეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გეგმავს კვლევის მომავალშიც გაგრძელებას და მეორე ანგარიშის გამოცემას, რომელშიც ძირითადი აქცენტი გაკეთდება ჩვენი ორგანიზაციის დაკვეთით შესრულებული გამოკითხვის შედეგებზე და ამ სფეროში არსებული პრობლემების ანალიზზე. მეორე ანგარიშში წარმოდგენილი იქნება, ასევე, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და კონკრეტული რეკომენდაციები.

 

 

print