ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი: რატომ სჭირდება ის საქართველოს და რას გვეუბნება საერთაშორისო პრაქტიკა
საქართველოში კორუფციის შემთხვევების აღმოჩენისა და პრევენციისთვის აუცილებელია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამჟამად, საქართველოში მოქმედებს თანამდებობის პირების ქონების გასაჯაროების სისტემა, მაგრამ არ არსებობს ქონებრივი დეკლარაციების სიზუსტის უზრუნველმყოფი მექანიზმი. ჩვენს ხელთ არსებული მასალა იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი მექანიზმის არარსებობა საშუალებას აძლევს თანამდებობის პირებს წარადგინონ არასრული ან არაზუსტი დეკლარაციები და არ გაასაჯაროვონ კერძო კომპანიებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. სისტემის ამ ნაკლოვანების შედეგად იზრდება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკი. საუკეთესო საერთაშორისო პრქტიკის შესწავლის საფუძველზე, ჩვენ გამოვყავით მარტივი და ეფექტური გადამოწმების მეთოდები და შესაძლო ცვლილებები სისტემის გრძელვადიანი გაუმჯობესებისათვის. პირველ რიგში, საჭიროა გადასამოწმებელი დეკლარაციების შერჩევის მეთოდი, რადგან ყველა საჯარო მოხელის დეკლარაციის გადამოწმება მეტად რთული ამოცანა იქნებოდა. ამასთან, საჭიროა კონსენსუსი გადამოწმების მასშტაბთან დაკავშირებით. და ბოლოს, უნდა შეირჩეს ან შეიქმნას უწყება, რომელიც ამ პროცესს წარმართავს .
ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს მონიტორინგს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და მასთან დაკავშირებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ძალისხმევა ფოკუსირებულია ანტიკორუფციულ რეფორმებსა და საჯარო სამსახურის რეფორმაზე, თუმცა მონიტორინგი ასევე მიმდინარეობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო რეფორმა და ადამიანის უფლებების – ქალთა, ბავშვთა, პროფკავშირების და პატიმართა უფლებების დაცვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოლიტიკის ანგარიში ეხება ანტი-კორუფციული რეფორმების სფეროში არსებულ ერთ-ერთ ვალდებულებას: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმების სისტემის შექმნას.
მონიტორინგის მიზანია გაიზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება ასოცირების შეთანხმების შესრულების მხრივ და შეიქმნას დამატებითი სტიმული შემდგომი რეფორმებისთვის. პროექტი დაფინანსებულია ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.