ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს

08 დეკემბერი, 2016
დღეს, 8 დეკემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ ფარმაცევტული ბაზრის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ამ დარგში არსებული ძირითადი ტენდენციები, პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭირო რეკომენდაციები. კვლევის საანგარიშო პერიოდი ძირითადად 2012-2016 წლებს მოიცავს, თუმცა ზოგიერთ უფრო ადრინდელ საკითხსაც მოიცავს.
ანგარიშში შემდეგი ძირითადი მიგნებებია განსაკუთრებით აღსანიშნავი:
 
  • ფარმაცევტული ბაზარი საბაზრო ძალაუფლების არც თუ ისე მკაფიო კონცენტრაციით ხასიათდება. 2015 წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით,  ბაზრის დაახლოებით 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შპს „პსპ ფარმა” -  22.32%, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია” - 14.91%, შპს „ავერსი - ფარმა” -14.54%, სს „ჯი პი სი - 10.20%”  და შპს „გლობალფარმი” - 7.02%. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია, თუმცა სულ ახლახან დაანონსებული „ეი-ბი-სი ფარმაციის’’ და სს „ჯი-პი-სი’’-ს გაერთიანება ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის და შედეგად დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკებს კიდევ უფრო მეტად აჩენს. ასევე აღსანიშნავია აღნიშნული შერწყმის დადებითი მხარეებიც, კერძოდ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას;   

  • საქართველომ GMP საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა კვლავ ვერ მოახერხა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც. აღნიშნულ სტანდარტებზე გადასავლას მთავრობა 2016 წლისთვის გეგმავდა, თუმცა მთავრობის ახალი დადაგენილებით ის 2018 წლისთვის გადაიდო;  

  • სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის შემოწმებაზე, როგორც ჩანს, არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი/ბიუჯეტი ამ ფუნქციის ეფექტიანად შესასრულებლად. ასევე დღეს არსებული კანონმდებლობაც სრულად ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული ფუნქციის სრულყოფილად განხორციელებას;  

  • ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმის რეგისტრაციის წესი ქმნის  ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის მცირე რისკებს;

  • რეცეპტების სისტემის დადებითი მხარეები მის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო არც თუ ისე დიდია. ფარმაცევტული ქსელები მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისას ყოველთვის არ ჯარიმდებიან. ამ ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ჯარიმები საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ დარღვევის პრევენცია მოხდეს;

  • ქვეყანაში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება პოლიპრაგმაზია (ავადმყოფისათვის ერთდროულად გაუმართლებლად მრავალი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა) და ფარმაკოზედამხედველობის სრულყოფილი სისტემის არარსებობა;

  • 2013-2016 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად რეცეპტების (ელექტრონული რეცეპტების) შემოღებას და მასთან დაკავშირებულ თანმდევ პროცესებს ეხებოდა. ამავე პერიოდში განხორცილებული ცვლილებები, ასევე უკავშირდება ჯარიმების გამკაცრებას უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაზე და ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევაზე. წესების დარღვევისას ბევრ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა

  • 2014 წელს, განსაკუთრებით კი აპრილის შემდეგ, ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვანად გაიზარდა. ზრდის ტემპმა პიკს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწია. 2015 წლის ნოემბრიდან ფასების ზრდის ტემპმა კლება დაიწყო და 2016 წლის მაისის თვიდან მედიკამენტთა ზოგიერთ ჯგუფზე ფასები უკვე შემცირდა. ფასების კლების ტენდენცია თითქმის ყველა ფარმაცევტულ პროდუქტზე 2016 წლის დეკემბრამდე ნარჩუნდება;  

  • იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოები „ავერსი-რაციონალი" და „ჯი-ემ-პი"მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში ფარმაცევტული წარმოების სექტორის განვითარებაში, მათ ბაზრის 97% უკავიათ. ამჟამად ბაზარზე დაშვებულია 11,168 მედიკამენტი (წამლის ფორმის, დოზისა და შეფუთვაში რაოდენობის გათვალისწინებით), რომელთა შორის 1,367 ქართული წარმოებისაა, ეს კი ყველა მედიკამენტის რაოდენობის 12,25% შეადგენს, საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიდან 259 სამკურნალო საშუალებას აწარმოებს ,,ავერსი-რაციონალი“, ხოლო 237-ს - ,,ჯი-ემ-ფარმაცევტიკალსი“ (ჯი-ემ-პი). აქედან ცხადია, რომ საქართველოში არიან ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც ფარმავცევტული პროდუქტს საქართველოში შეძენილი ნედლეულით აწარმოებენ;

  • 2012 წელს ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა სახელისუფლო პარტიას  „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა” მთლიანობაში 415,000 ათასი ლარი შესწირეს. მსგავსი შემთხვევები 2012 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.