პირველი ანგარიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 29 მარტი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პირველი ანგარიში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, 29 მარტი

29 მარტი, 2010

2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნა. თვითმმართველობებისთვის გათვალისწინებული ტრანსფერების საერთო მოცულობამ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით იმატა. ამავე დროს, საგრძნობლად გაიზარდა თბილისის მერიის მუშა-მოსამსახურეთა რიცხოვნობა და მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებულთა რაოდენობა. ამ ცვლილებებით გამოწვეული სახელფასო ფონდების ზრდა წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პოლიტიკასთან. ამ მიდგომის ოპონენტების ვარაუდით, ადგილი აქვს სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ ადამიანების დასასაქმებლად, რომლებიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში მიიღებენ მონაწილეობას. მთავრობამ აგრეთვე გააორმაგა სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი თანხა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ღონისძიება, კანონის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან უნდა დაფინანსდეს. თბილისის მერია აფინანსებს დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 10 ლარით გაზრდას. ეს ნაბიჯი კანონს ეწინააღმდეგება (რადგანაც საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება) და ამავდროულად დისკრიმინაციულია საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრები პირების მიმართ. გარდა ამისა, თბილისის მერია პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად ვაუჩერებს ურიგებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები 2006 წლის ადგილობრივი არჩევნებისა და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროსაც განხორციელდა, მაგრამ არ განხორციელებულა 2007 და 2009 წლებში, როდესაც არჩევნები არ იმართებოდა. ამასთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სოციალური პროგრამების განხორციელებაში.

 

print
elections