საკანონმდებლო ორგანოს გამჭვირვალობა იზრდება, თუმცა საპარლამენტო კონტროლი არასაკმარისია
დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობაში პარლამენტის 2014 წლის საქმიანობის შეფასება წარმოადგინა.
კვლევა ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ორგანიზაციის საპარლამენტო ოფისის დაკვირვებებს, პარლამენტიდან გამოთხოვილ სტატისტიკურ ინფორმაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს. ანგარიში ეხება 2014 წლის მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, პარლამენტის წევრთა საქმიანობის შეფასებას, მათ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს, პარლამენტის წევრთა კავშირს ბიზნესთან და არადეკლარირებულ სამეწარმეო საქმიანობას, ასევე, მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობას. ანგარიშში შეფასებულია პარლამენტის კომიტეტების საქმიანობა და საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.
მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელსაც ანგარიში მოიცავს:
-
ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება;
-
ცვლილებები უმცირესობასა და უმრავლესობაში;
-
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში;
-
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
-
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიზანშეწონილობა;
-
საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა;
-
კანონის ამოქმედების გადავადება;
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები:
-
ფარული მოსმენების საკანონმდებლო რეგულირება;
-
კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორის აღმოფხვრის შესახებ;
-
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
-
კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’
-
კანონი კომერციული ბანკების შესახებ.
კვლევის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლების წარმოდგენილია ანგარიშში. რეკომენდაციები ძირითადად შეეხება საკანონდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესში საზოგადოების მეტ ჩართულობას პარლამენტის გამჭვირვალობისა და მის წევრთა პასუხსმგებლობის გაზრდას.
პრეზენტაციის დასასრულს კვლევის შედეგების გათვალისწინებით დასახელდებიან პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები, რომელთა აქტიურობა საკანონმდებლო ორგანოში გამორჩეული იყო 2014 წელს.
-
დავით უსუფაშვილი – 2014 წელს ყველაზე მაღალრეიტინგული პარლამენტის წევრი (საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად);
-
ვახტანგ ხმალაძე – 2014 წელს ყველაზე მეტი კანონის ავტორი (16 კანონი);
-
დავით ონოფრიშვილი – 2014 წელს ყველაზე მეტი კანონის ავტორი (16 კანონი);
-
სერგო რატიანი – 2014 წელს პლენარული სხდომების ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან (165 გამოსვლა);
-
ზაქარია ქუცნაშვილი – 2014 წელს პლენარული სხდომების ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან (122 გამოსვლა);
-
ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ყველაზე აქტიური კომიტეტი 2014 წელს (ჩატარებული სხდომები განხილული განცხადებების რაოდენობა);
-
ნინო გოგუაძე – 2014 წელს ყველაზე დასამახსოვრებელი სიტყვით გამოსვლა (ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით);
-
ეთერ სვიანაიძე, პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 2014 წელს პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის.
კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი რეკომენდაციებია:
-
პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციის გაძლიერება და თანამდებობის პირთა არჩევის ფუნქციის ეფექტურად განხორციელება – პარლამენტის წევრის წერილობითი კითხვების გასაჯაროება, მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, სახელმწიფო სტრუქტურების დროული დაკომპლექტება;
-
საკანონმდებლო პროცესის დახვეწა – კანონის ამოქმედების ვადის გადავადების დასაბუთება, კანონის დაჩქარებული წესით მიღების დასაბუთება, განმარტებითი ბარათის დახვეწა, კომიტეტების მიერ სამუშაო ჯგუფების შექმნა;
-
პარლამენტის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გაზრდა, პარლამენტის წევრების მიერ სხდომებზე დასწრება, პარლამენტის წევრების მიერ ოფიციალური ელექტრონული ფოსტის გამოყენება, ქონებრივი დეკლარაციების სწორად შევსება;
-
პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა – კომიტეტის სამოქმედო გეგმების და წლიური ანგარიშების ვებ გვერდზე განთავსება, კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის სრულად და დროულად განთავსება – სხდომის ოქმები, კომიტეტის დასკვნები, კომიტეტის სხდომების თემატურად დაყოფილი არქივის არსებობა;
-
საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა – კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, კომიტეტის სხდომების ანონსის და დღის წესრიგის დროული განთავსება ვებ გვერდზე, საკანონმდებლო წინადადებების ვებგვერდზე განთავსება, პარლამენტის შენობაში შესვლის სისტემის გამარტივება;
პარლამენტის მაჟორიტარი წევრების საქმიანობა – პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პარლამენტის ვებ გვერდის გამოყენება და ინფორმაციის განახლება.