საქართველომ უკეთ უნდა დაიცვას მამხილებლები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველომ უკეთ უნდა დაიცვას მამხილებლები

29 ივლისი, 2015

მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობა საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებს, თუმცა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოც და მისი აღსრულებაც ნაკლოვანია. ეს ნაკლოვანებები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2015 წლის მარტში, როდესაც სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, გივი თარგამაძეს, ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ.

მამხილებელი არის პირი, რომელიც საჯარო ან კერძო სექტორში ჩადენილი კორუფციული ან უკანონო ფაქტის შესახებ აცნობებს უწყებებს ან პირებს, რომელთაც ამ ფაქტზე რეაგირება შეუძლიათ. მხილების წახალისება, სამართლებრივი დაცვისა და მკაფიო პროცედურების უზრუნველყოფით, ხელს უწყობს კორუფციული ქმედებების გამოვლენას და ეხმარება საზოგადოებას თავიდან აიცილოს საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს სახელმწიფო სახსრების მითვისებით, არაკეთილსინდისიერად შესრულებული საზოგადოებრივი სამუშაოებით ან ადამიანის უფლებების დარღვევით.

დღესდღეობით საქართველოში:

  • მამხილებელთა დაცვა ვრცელდება მხოლოდ ყოფილ ან მოქმედ საჯარო მოსამსახურეებზე;

  • არაა განსაზღვრული იმ ქმედებების მკაფიო და ამომწურავი ჩამონათვალი, რომლებიც მხილების საგანი შეიძლება გახდეს;

  • არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მხილების საკითხს;

  • კანონით არაა გათვალისწინებული კომპენსაცია მამხილებლისთვის, თუ მას მიაყენებენ ზიანს.

ამ და სხვა საკანონმდებლო ნაკლოვანებების გარდა, აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში მამხილებლთა დაცვის კანონმდებლობა არც ერთხელ გამოყენებულა. ეს გარემოება მიუთითებს სამსახურში კანონდარღვევის ფაქტების გამჟღავნებასთან დაკავშირებით სტიგმაზე. აშკარაა ისიც, რომ მამხილებელთა დაცვის შესახებ საზოგადოება ცუდადაა ინფორმირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეიმუშავა ახალი პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა შესრულებამაც უნდა აღმოფხვრას საქართველოში მამხილებელთა დაცვის სისტემის ძირითადი ნაკლოვანებები და ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან დააახლოვოს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობის ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს ამ ცვლილებების მიღება და, ამავდროულად, იზრუნოს კანონმდებლობის სხვა ხარვეზების აღმოფხვრაზეც.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ეს პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის პოზიციას.

 

print