საქართველოს საგადასახადო სისტემის მიმოხილვა
საგადასახადო დაბეგვრა ფუნდამენტურია სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და მის მიერ მომსახურების გაწევის თვალსაზრისით, მაგრამ საქართველოსთვის იგი წლების განმავლობაში უდიდესი პრობლემა იყო. „ვარდების რევოლუციამდე” გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, რაც სახელმწიფოს სისუსტესა და კორუმპირებულობას გამოხატავდა, მომსახურების გაწევას სერიოზულად აფერხებდა. პოლიტიკურმა ნებამ და, განსაკუთრებით, 2005 წელს ახალი საგადასახადო კოდექსის შემოღებამ საქართველოს საგადასახადო ლანდშაფტის ძირეული შეცვლა გამოიწვია: გადასახადები შემცირდა, პროცედურული საკითხები დარეგულირდა, კორუფცია აღმოიფხვრა და კოდექსის აღსრულება საგრძნობლად გაუმჯობესდა. ეს სახელმწიფო შემოსავლების მასობრივ ზრდაში აისახა. თუმცა რამდენიმე ძირითადი პრობლემა დარჩა. საგადასახადო ორგანოები, გაუმჯობესების მიუხედავად, არ არიან ეფექტიანი და ვერ იყენებენ არსებულ აუდიტორულ მექანიზმებს და რისკის შესაფერის მეთოდებს საგადასახადო აუდიტისათვის ბიზნესების შერჩევის პროცესში. ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვასთან ერთად, ეს მნიშვნელოვანი შეცდომა უსიამოვნო გამოცდილებას შეგვახსენებს. ფინანსური პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტება, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის ადრეულ წლებში იჩინა თავი, საქართველოს ბიზნესსინამდვილეში დღესაც ფაქტად რჩება. ამის ძირითადი მიზეზი საბიუჯეტო დანაკლისია, მაგრამ ასევე აღსანიშნავია პოლიტიკური გათვლები, სადაც საგადასახადო აუდიტი, როგორც ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, პოლიტიკური ხელკეტის ფუნქციას ასრულებს. ხელისუფლებამ აღიარა, რომ დაბალი გადასახადები ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა ფისკალური ინსტრუმენტები სახელმწიფო პოლიტიკის სხვა დარგებს არ მოარგეს. უკიდურესად ლიბერალური ეკონომიკური პროგნოზიდან გამომდინარე, საგადასახადო სისტემა არ გამოიყენეს ცალკეულ სექტორებსა და რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში ეს სისტემა არ იქნა გამოყენებული საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად, მაგალითად, სიღარიბის დასაძლევად, ურბანული განახლებისათვის და დეცენტრალიზაციის რეფორმების გასატარებლად.