საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის რეფორმა

03 თებერვალი, 2010

საქართველო, რომლის მოსახლეობის 50-55% სიღარიბის ზღვარს დაბლა, 15% კი უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრობს, გამართული და მდგრადი სოციალური დაცვის სისტემის შექმნას დაუყოვნებლივ საჭიროებს. საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო სოციალური დაცვის საბჭოური სისტემა, რომელიც პენსიონერების, უმუშევრების, უნარშეზღუდულების და მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მრავალი ჯგუფის წარმომადგენლებს მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში ცხოვრების გარანტიას უქმნიდა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ვერც სოციალური დაცვის ასეთი გულუხვი სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა შეძლო და ვერც შემორჩენილი მოდელის ძირეულად შეცვლა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებმაც გარდამავალი პერიოდის ადრეულ ეტაპზე პენსიაზე ადრე გასვლის საშუალებები შექმნეს და საპენსიო უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა აიღეს, საქართველოს მთავრობა მკაცრი ფინანსური შეზღუდვების გამო გაცილებით უფრო პრაგმატული აღმოჩნდა. 1995 წელს საქართველომ დიფერენცირებული პენსიების საბჭოთა სისტემა, რომელიც პენსიის რაოდენობას პირის ნამსახურობის წლების ან ხელფასის ოდენობის მიხედვით ადგენდა, ყველა პენსიონერისთვის სტანდარტული პენსიის სისტემით შეცვალა. 1996 წელს პენსიაზე გასვლის ასაკი ქალებისთვის 55-დან 60 წლამდე, ხოლო მამაკაცებისთვის 60-დან 65 წლამდე გაიზარდა. პენსიაზე ადრე გასვლის შემთხვევაში პირი კუთვნილ პენსიას განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე ვერ მიიღებდა. ასევე,პენსიების გაცემა შეუწყდათ საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს, რომლებიც მუშაობას კვლავ აგრძელებდნენ.

 

print