საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმა
2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე საქმიანობა ორი მნიშვნელოვანი ტენდენციით ხასიათდება: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარების მიზნით გააქტიურებული ძალისხმევა და შესაბამისად, ნატო-ში გაწევრიანებისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესასრულებლად დაწყებული ფართომასშტაბიანი რეფორმები ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი დაგეგმვის სფეროებში. ორივე მიმართულებით წარმატება არაერთგვაროვანია: 2006 წლის ნოემბერში, რიგის ნატო-ს 21-ე სამიტზე, ნატო-ს წევრი ოცდაექვსი სახელმწიფოს მეთაურები საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის (ID) დაწყებაზე შეთანხმდნენ.მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა ზოგადად დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, ინტენსიური დიალოგის ხანგრძლივობის ვადა დადგენილი არ არის და თანამშრომლობის ამ ეტაპზე საქართველოს უფლებები და მოვალეობები მხოლოდ ზოგადად განისაზღვრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის სფეროში დაგეგმვისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მენეჯმენტის ახალი, საკმაოდ ვრცელი სქემა შეიმუშავა, თუმცა თავდაცვის სფეროში, ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებები მხოლოდ ქაღალდზე შესრულდა, არსებითი რეფორმა კი ჯერ კიდევ ჩასატარებელია. თავდაცვის რეფორმის შემუშავებისა და განხორციელების პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკისრება, თუმცა ინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ნატო-ს მოთხოვნების ბუნდოვანებამ ქართული მხარის მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილება და ანგარიშვალდებულება განსაკუთრებით გაართულა.
