საკუთრების უფლების დაცვა პოსტრევოლუციურ საქართველოში
საკუთრების უფლების დაცვის მყარი გარანტია ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. კერძო საკუთრება, საერთო საკუთრებისაგან განსხვავებით, რომლის დროსაც ქონება ერთობლივად შეიძლება ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს და თითოეული მათგანი ჩაითვლება ამ ქონების თანამესაკუთრედ, უკვე დიდი ხანია აღიარებულია ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად. ეს უფლება დაცულია თითქმის ყველა თანამედროვე სახელმწიფოს კანონმდებლობაში. კერძო საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს უზენაეს კანონშიც – საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლში 1, თუმცა ბოლო პერიოდში ეს უფლება გარკვეულწილად შეირყა. კერძო საკუთრების ნგრევისა და ჩამორთმევის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. თბილისში საკუთრების ხელყოფის კონკრეტული შემთხვევები პირველად სააშკარაოზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოიტანეს.
