საპრეზიდენტო არჩევნები –"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ განახორციელა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის მონიტორინგი
- 2 152 წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირიდან კონსტიტუციური უფლების რეალიზება – საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება – მხოლოდ 149-მ (7%-მა) შეძლო
- კენჭისყრის დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადაყვანილი იყო ყაზარმულ რეჟიმზე
თბილისი, საქართველო - 2008 წლის 5 იანვარს `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ~ განახორციელა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის პროცედურების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასჯელაღსრულების რვა დაწესებულებაში. საქართველოს კანომდებლობით წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ისევე როგორც ყველა სხვა ამომრჩეველმა, ბიულეტენ(ებ)ის მისაღებად მათ საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრებს უნდა წარუდგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი). „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დამკვირვებლებმა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიერ ხმის მიცემის მონიტორინგი განახორციელეს შემდეგ დაწესებულებებში: კრწანისის პირველ საპყრობილეში, კრწანისის მეხუთე იზოლატორში და ციხის საავადმყოფოში, გლდანის მერვე საპყრობილეში, ისნის ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და საპყრობილის რეჟიმის დაწესებულებაში, ზუგდიდის მეოთხე საპყრობილეში, ხელვაჩაურის მესამე საპყრობილეში და ქუთაისის მეორე საპყრობილეში.
