ტურისტული ქალაქების შემოსავლების მეოთხედი აზარტულ თამაშებზე მოდის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ტურისტული ქალაქების შემოსავლების მეოთხედი აზარტულ თამაშებზე მოდის

30 ივლისი, 2015

თბილისი, 2015 წლის 30 ივლისი – აზარტული თამაშების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მეორე ანგარიშის მიხედვით, ეს ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიც არის. აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ 2014 წელს 658 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამ ბიზნესში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 177.5 მლნ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 2.3%-ია.

გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, 2014 წელს საქართველოს 6 დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24%-ს შეადგენდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა

2014 წლის დეკემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის გაზომვა. როგორც აღმოჩნდა:

  • გამოკითხულთა 94% არ არის დაკავებული აზარტული თამაშებით. დარჩენილი 6%-დან უმრავლესობა კი უპირატესობას ონლაინ ტოტალიზატორს ანიჭებს;

  • ფულზე აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების უმეტესობა გართობის მიზნით თამაშობს და უფრო ხშირად აგებს, ვიდრე – იგებს;

  • გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია და ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში ბოლო 1 წლის განმავლობაში წარმოიშვა;

  • მიუხედავად იმისა, რომ ფულზე აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობა საკმაოდ დაბალია და ამ საქმიანობის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემებიც მხოლოდ 2%-ს ჰქონდა, მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან – შეიზღუდოს (29%).

არასრულწლოვანთა ჩართულობა

  • მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობით არასრულწლოვანს ეკრძალება ფულზე აზარტული თამაში და ქართულ ვებგვერდებზე რეგისტრაციისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება მოითხოვება, ამ პროცესში სერიოზული ხარვეზი მაინც არსებობს. კერძოდ, ონლაინ-თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია.

ფულის გათეთრება

  • Moneyval-ის 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის ზრდის ფონზე საეჭვო გარიგებების შესახებ ინფორმაციის არარსებობა მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების ორგანიზატორები სათანადო ყურადღებით არ ახდენენ ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგს.

სანებართვო პირობების კონტროლი

  • შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტული თამაშების ყველა ობიექტი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ექვემდებარება შემოწმებას. აზარტული თამაშების დაწესებულებათა შემოწმება 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე სულ 1 104 შემოწმება ჩატარდა. ჩატარებული შემოწმებებიდან 716 ობიექტში (ობიექტების 65%) სანებართვო პირობების დარღვევა იქნა აღმოჩენილი;

  • ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა ტოტალიზატორებსა და სათამაშო აპარატების სალონებში. რაც შეეხება ჯარიმების მოცულობას, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო ჯარიმისა და საურავების სახით გადახდილია დაახლოებით 537 000 ლარი, 2014 წელს – 375 000 ლარი, ხოლო 2015 წლის იანვარ-მაისში – 243 000 ლარი.

რეკომენდაციები

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ამ დარგის მიმართ ლიბერალური პოლიტიკა, რადგანაც აზარტული თამაშების ბიზნესი ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია. თუმცა, აუცილებელია სახელმწიფომ მეტი გააკეთოს აზარტული თამაშებიდან მომდინარე პოტენციური სოციალური რისკების შესასწავლად და აღმოსაფხვრელად. რადგანაც ამ ეტაპზე ეს დარგი სახელმწიფოს მიერ არ არის კარგად შესწავლილი და არ არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა, რთულია იმის თქმა, რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში აზარტული თამაშებიდან მომდინარე სერიოზული უარყოფითი გარეგანი ეფექტები. შესაბამისად, არაგონივრული იქნება ამ ბიზნესზე დამატებით რაიმე სერიოზული შეზღუდვის დაწესება, რასაც, გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს. ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება მიგვაჩნია მიზანშეწონილად:

  • დარგის უკეთ შესწავლა და მკაფიო სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება – საჭიროა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები რეგულარულად აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ ამ დარგში მიმდინარე მოვლენებს, აფასებდნენ რისკებს და ანალიზის საფუძველზე ხდებოდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება და  სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება. დამატებითი რეგულაციების საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც უფრო ლიბერალური მიდგომები გააჩნიათ ამ სექტორის მიმართ;

  • ონლაინ თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის დახვეწა – არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართულობის აღსაკვეთად აუცილებელია, რომ აზარტული თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის პროცესი დაიხვეწოს. კერძოდ, უნდა არსებობდეს პირის იდენტიფიკაციის სრულყოფილი მეთოდები;

  • საეჭვო ფინანსური ტრანზაქციების კონტროლის გაუმჯობესება – აუცილებელია, რომ აზარტულ თამაშებში ჩართული მხარეების ფინანსურ ტრანზაქციებზე სახელმწიფომ უფრო ეფექტიანი კონტროლი დააწესოს. ამ მიზნით, ასევე, საჭიროა, Moneyval-ის შეფასებებისა და რეკომენდაციების  დროული გათვალისწინება.

ანგარიში მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული „მთავრობის საქმიანობის მონიტორინგის“ პროექტის ფარგლებში.