ვინ არიან საქართველოს მოსამართლეები
თბილისი, 2014 წლის 5 დეკემბერი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საერთო სასამართლოთა სისტემაში მოქმედი 168 მოსამართლის განათლება, სამუშაო გამოცდილება და მათი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. ჩვენ შევისწავლეთ ინფორმაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა შესახებ.
ანგარიშში მოცემული ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უშუალოდ სასამართლოთა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული რეზიუმეები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციები შეიცავს 2013 წლის შესახებ მონაცემებს. ის ფაქტი, რომ ეს მონაცემები საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, დადებითად უნდა შეფასდეს. წინამდებარე ანგარიშის მომზადება სწორედ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის გამო გახდა შესაძლებელი.
მონაცემთა შესწავლის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
-
სასამართლოებში ქალების სიმრავლის მიუხედავად ადმინისტრაციული ფუნქციები (პალატა/კოლეგიის თავმჯდომარის პოზიცია) ძირითადად მხოლოდ მამაკაც მოსამართლეებს უკავიათ. 168 შესწავლილი მოსამართლიდან 85 ქალია.
-
ჯამში 19 ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი მოსამართლეებიდან 11 წარსულში პროკურატურაში ან სხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდნენ.
-
მოსამართლეთა უმრავლესობას (168-იდან 87 მოსამართლე) სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებში აქვთ სესხი.
-
გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლეების ოჯახი წევრები იურიდიული მომსახურებას ეწევიან, ასევე იყო ერთი შემთხვევა სადაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ოჯახის წევრი კერძო არბიტრაჟის მესაკუთრეა. კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებების ცნობა აღსრულების საკითხს სწორედ სააპელაციო სასამართლო იხილავს.
-
მოსამართლეთა დეკლარაციებში არ იქნა აღმოჩენილი ძვირადღირებული საჩუქრის მიღების შესახებ ინფორმაცია. ძირითადად დეკლარაციაში მითითებული შემთხვევები ოჯახის წევრების მიერ გაკეთებულ საჩუქრებს ეხება.
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმეტესობა პარალელურად აკადემიურ საქმიანობას ეწევა, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.
პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის შესწავლისას გარკვეული ხარვეზებიც იქნა აღმოჩენილი. ზოგიერთ შემთხვევაში, სასამართლოთა ვებგვერდებზე ინფორმაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი. მაგალითად, ზოგიერ შემთხვევაში მოსამართლეთა რეზიუმეებში არ იყო განახლებული ინფორმაცია მათი საქმიანი გამოცდილების შესახებ ან არასრულყოფილად იყო მოცემული ინფორმაცია მოსამართლეთა განათლების შესახებ ინფორმაცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე სასამართლოების ვებგვერდებთან შედარებით მეტი ინფორმაცია იყო განთავსებული.
მოსამართლეთა წარსული საქმიანობის, განათლებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანი მონაცემების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც საზოგადოებისა და, განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის არის საინტერესო. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია ასევე შესაძლებელს ხდის მოსამართლეთა კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შეფასებას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინფორმაციის დამუშავებას სასამართლო სისტემის შესაბამისი ორგანოები რეგულარულად უნდა ახორციელებდნენ.
საკონტაქტო პირი:
ნანა ლობჟანიძე, კომუნიკაციების ოფიცერი
595 210 309, nana@transparency.ge
მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“. დოკუმენტის შინაარსი შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ისა, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.