საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს მთავრობას, მონაცემთა ღიაობა OGP-ის სამოქმედო გეგმის ნაწილი გახადოს
2014 წლის 4 ივნისი, თბილისი – დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „ღია მონაცემთა განსაზღვრა და გაზომვა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, რომ მონაცემთა ღიაობა ვალდებულების სახით აიღოს ღია მმართველობის პარტნიორობის მეორე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ამჟამად იუსტიციის სამინისტროს მიერ მუშავდება.
ჩვენ ვაქვეყნებთ ამ ანგარიშს არა მარტო იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას დავუჭიროთ მხარი, არამედ იმისთვისაც, რომ, გარკვეულწილად, დავეხმაროთ სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს გაასაჯაროონ მათი მონაცემები (მაგ. დავაზუსტოთ, თუ კონკრეტულად რას ნიშნავს „ღია მონაცემები“, და როგორ შეიძლება ისინი გაიზომოს).
ანგარიში სამ ნაწილადაა დაყოფილი: თავდაპირველად იგი წარმოადგენს ღია მონაცემთა შესახებ 10 სახელმძღვანელო პრინციპს (რა არის და რას ნიშნავს ღია მონაცემები). ამის შემდეგ ანგარიში განიხილავს „ღია მონაცემთა გამოყენებადობის ინდექსს“ (Open Data Usability Index - ODUI ), სადაც აღწერილია, თუ როგორ იზომება ამა თუ იმ მონაცემთა ბაზის ღიაობა. ბოლო ნაწილი კი ეხება გამოყენებადობის ინდექსის გამოყენებას რამდენიმე კონკრეტულ მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც სხვადსხვა სამთავრობო უწყებებისგან იქნა მოძიებული. ჩვენ ის მონაცემთა ბაზები შევარჩიეთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, გამოსადეგი იქნებოდა საზოგადოებისთვის, თუმცა სინამდვილეში გაცილებით მეტი ბაზაა ხელმისაწვდომი.
შერჩეული მონაცემთა ბაზების გამოყენებადობის ინდექსის მიხედვით შეფასების შემდეგ, ჩვენ შევადგინეთ რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია, რომელთა ნახვაც ანგარიშის მე-18 გვერდზეა შესაძლებელი. გთავაზობთ ამ პროცესში კონკრეტულ ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებულ დაკვირვებებსაც:
-
საქართველოს პარლამენტის კენჭისყრის მონაცემთა ვებგვერდმა (http://votes.parliament.ge/) ყელაზე მაღალი ქულა დაიმსახურა (75/100). ვებგვერდზე ინფორმაცია მოცემულია ძალიან ხელმისაწვდომი (როგორც ადამიანის ისე მანქანის მიერ წაკითხვადი) ფორმით. გარდა ამისა, წარმოდგენილი მონაცემები სიზუსტითა და რელევანტურობით ხასიათდება, რადგან ვებგვერდი უზრუნველყოფილია განაცხადის პროგრამირების ინტერფეისი (API): მონაცემთა ბაზაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად და პროგრამულად ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პირისთვის.
-
მაღალი ქულა კიდევ რამდენიმე ვებგვერდმა დაიმსახურა, მაგალითად, 2012 და 2013 წლების საარჩევნო შედეგების ვებგვერდები (http://results2012.cec.gov.ge/ და http://results2013.cec.gov.ge/). მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვებგვერდი მხოლოდ რამდენიმე გვერდისგან შედგება, ისინი ყველა რელევანტურ მონაცემს შეიცავს, რომელიც ადვილადაა ხელმისაწვდომი და ღია ფორმატშია წარმოდგენილი, რაც, თავის მხრივ, მათ ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა.
-
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდმა (http://geostat.ge/) ყველაზე დაბალი ქულა მიიღო (55.8325/100). ეს საინტერესო შემთხვევაა. ვებგვერდის ბუნებიდან გამომდინარე იგი დიდი რაოდენობით ინფორმაციას შეიცავს, რაც geostat.ge-ს მნიშვნელოვან რესურსად აქცევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ტიპის მონაცემთა სრული ბაზის მისაღებად გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდაა საჭირო. ეს ინფორმაცია შემდეგ დოკუმენტში ჩანს: http://geostat.ge/cms/files/September % 202012_Eng.pdf . სამწუხაროდ, ამ გარემოებამ ბევრად შეამცირა გამოყენებადობის ინდექსის მიერ განსაზღვრული „ღიაობის“ ქულა, რადგან უფასო ინფორმაცია სწორედ იმ კომპონენტთაგანია, რომელიც განსაზღვრავს „ღია მონაცემებს“.
-
ასევე დაბალი ქულა მიიღო შემოსავლების სამსახურის ვებგვერდმა (http://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=5099&lang = 2), რაც, ძირითადად, მისი „ექსპორტისა და იმპორტის“ გვერდების დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გვერდებზე რელევანტური და დეტალური ინფორმაციაა გამოსახული, საბოლოო ქულა ორმა გარემოებამ დაწია: პირველ რიგში, მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ გრაფიკების სახით, რაც დაინტერესებული პირების მიერ მონაცემთა ხელახლა გამოყენებას გამორიცხავს, და მეორე, მონაცემთა სანახავად საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება, რაც აფერხებს მათ ხელმისაწვდომობას (ამ შემთხვევაში მონაცემთა ხელმისაწვდომობას გაზრდიდა მათთან პირდაპირ URL-ით წვდომის შესაძლებლობა).