როგორ ისჯება ადამიანების დახმარება საქართველოში: სოლიდარობის ფონდების დევნა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

როგორ ისჯება ადამიანების დახმარება საქართველოში: სოლიდარობის ფონდების დევნა

16 მაისი, 2025

ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტია ქართული ოცნება სხვადასხვა სამართლებრივ მეთოდებს იყენებს, რომლის მიზანი ქვეყანაში არსებული პროტესტის მონაწილეთა რეპრესირება და მათთვის მრავალფეროვანი ბარიერების შექმნაა. ივანიშვილის მთავრობა არა მხოლოდ ცდილობს უხეში პოლიციური ძალის გამოყენებით ჩაახშოს მოქალაქეთა პროტესტი (რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს), არამედ პროტესტში მონაწილეობისა და ძალადობისგან თავდაცვის მიზნით პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევის დე ფაქტო კრიმინალიზაციასაც ახდენს. 

ამის მკაფიო მაგალითია რეპრესიული სისხლისსამართლებრივი ზომები, რომლებსაც ივანიშვილის მთავრობა უკანასკნელი თვეების განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების ფონდების (საზოგადოებაში ამ ფონდებს „სოლიდარობის ფონდებს“ უწოდებენ) მიმართ ახორციელებს. ამ ზომებს არაფერი აქვთ საერთო სამართალთან და მართლწესრიგის დაცვის ამოცანებთან. მათი მიზანია ნებისმიერი პროტესტის აღმოფხვრა, მიუხედავად მისი მშვიდობიანი და კონსტიტუციური ხასიათისა, და აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა შორის სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების სურვილის ჩახშობა სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების გზით.

ქვემოთ აღწერილია აშკარა პროცესუალური დარღვევები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი ამ ფონდების მიმართ. საქმე ეხება მათი ანგარიშების დაყადაღებას, მათი ხელმძღვანელების სახლების და პირად ჩხრეკას და სხვ.

სოლიდარობის ფონდების მიმართ რეპრესიების ოფიციალური გამართლება

სოლიდარობის ფონდების მიმართ პირველი რეპრესიული ზომების შესახებ საზოგადოებამ პირველად 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში შეიტყო, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ფონდის - „ნანუკას ფონდის“ ხელმძღვანელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ის სამსახურმა (სუს-მა) კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. 

ამასთანავე, ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა, თუ რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სოლიდარობის ფონდი სუს-ის სამიზნე. იმ დროს, როდესაც დემოკრატიული ქვეყნების მიერ სანქცირებული „ხარებას“ (ზვიად ხარაზიშვილის) ქვემდებარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რაზმები და სხვა პოლიციური დანაყოფები სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში - ცემდნენ მათ (განსაკუთრებით თავის არეში) ხელებით, ფეხებით, სპეციალური ხელთათმანებით, ხელკეტებით და სხვ., და, ამასთანავე, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების და თუნდაც შიდა კანონმდებლობის დარღვევით იყენებდნენ აკრძალულ მეთოდებს, მათ შორის, სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს - ცრელმსადენ გაზს, წიწაკის სპრეის, ქიმიური საშუალებებით შეზავებულ წყლის ჭავლს და სხვ., სწორედ ამ დროს, „ნანუკას ფონდი“ ბრუტალური პოლიციური ძალის წინაშე შიშველი ხელებით მდგარ მოქალაქეებს ურიგებდა რესპირატორებს, აირწინაღებს, დამცავ სათვალეებს, ჩაფხუტებს და სხვ. თურმე მმართველი პარტიის პოლიტიკური დავალებების ბრმად შემსრულებელ პოლიციას შეუძლია სრული დაუსჯელობით მოწამლოს, თავის ქალა და სახის ძვლები ჩაუმტვრიოს მშვიდობიან მომიტინგეებს, ხოლო, ამ უკანასკნელთ იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ თავი დაიცვან მოწამვლისა და თავის მტვრევისგან.

ეს ყველაფერი თავად ნანუკა ჟორჟოლიანის ან სხვა სოლიდარობის ფონდების სპეკულაცია არ არის. ამის შესახებ მოგვიანებით მმართველი პარტიიის გავლენების ქვეშ მყოფი პროკურატურამ თავად განაცხადა. 2025 წლის მარტის შუა რიცხვებში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რათა ყადაღა დადებოდა ექვსი ორგანიზაციის - „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითი ჯორჯიას“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „მოძრაობა სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებს საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკებში. ცხადია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ). პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ამ ორგანოს საიტზე გამოქვეყნდა, სხვა უსაფუძვლო ბრალდებებს შორის, ნათქვამია:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვა და სხვა ლოკაციებზე, მიმდინარე საპროტესტო აქციები, ე.წ ,,მარშები“ და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს... გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ე.წ. რესპირატორებით, ,,სპეციალურ აირწინაღებით“, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური... გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა...“.

ამ კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებულ თეორიულ შეფასებებში იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც საზოგადოებისთვის საგანგაშო თუ არა, საყურადღებო უნდა იყოს:

  1. პროკურატურის შეხედულებით მთლიანად საპროტესტო მოძრაობა და არა ცალკეული ფაქტები, რომლებიც თავისთავად დაუსაბუთებელია, წარმოადგენს „საბოტაჟის მცდელობას“ და „უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;“ 
  2. პროტესტის მონაწილეთათვის მატერიალური დახმარების გაწევა წარმოადგენს „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას“;
  3. ფონდების მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი საქმიანობის ნიშნებად მიჩნეულია პროტესტის მონაწილეების „რესპირატორებით, სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით მომარაგება“, „მათთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა“ და მათ სასარგებლოდ „ჯარიმების გადახდა“.

სამოქალაქო პროტესტისა და პროტესტის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევისთვის ამგვარი კვალიფიკაციის მინიჭებით ივანიშვილის პროკურატურა ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აცხადებს ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებას და პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევას, მათ შორის, ისეთსაც კი, როგორიცაა პოლიციელთა უკანონო ძალადობისგან არაძალადობრივი თავდაცვის საშუალებების მიწოდება და ჯარიმების გადახდა.

სოლიდარობის ფონდების მიმართ სისხლისსამართლებრივი საპროცესო მექანიზმების ბოროტად გამოყენება

2024 წლის დეკემბრიდან დღემდე სოლიდარობის ფონდების მიმართ, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან ერთად, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებიც იქნა გამოყენებული. ქვემოთ გაანალიზებულია ამ მოქმედებების კანონთან შესაბამისობის საკითხი.

) საბანკო ანგარიშების დაყადაღება

სოლიდარობის ფონდების საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შუამდგომლობით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტს მიმართა. მეორე დღეს - 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყადაღა დაადო სოლიდარობის ფონდების საბანკო ანგარიშებს საქართველოს რამდენიმე კომერციულ ბანკში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.

აღნიშნული 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სოლიდარობის ფონდებს ქონებას ყადაღა ვერ დაედებოდა, რადგან ხსენებული ნორმა გამოყენებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმეზე არსებობს „ბრალდებული“ და საქმე ეხება ან თავად ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალი ზემოხსენებული სოლიდარობის ფონდების არცერთ წარმომადგენელს არ აქვს წაყენებული.

ამიტომ სასამართლომ მიუთითა იმავე 151-ე მუხლის 31 ნაწილზე, რომელიც ბრალდებულის არსებობას აუცილებლად არ მიიჩნევს. კერძოდ, აღნიშნული 31 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინებით ყადაღა ასევე შეიძლება დაედოს ქონებას, თუ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული“, ან/და „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“, ამასთანავე, აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზნის მისაღწევად: ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად; ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად; გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

მაშასადამე, სსსკ-ის 151-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე ქონებაზე ყადაღის დადება კანონიერია მხოლოდ შემდეგი პირობების კუმულაციურად არსებობის შემთხვევაში:

  1. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და  ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული;
  2. ქონებაზე ყადაღის დადება საჭიროა: ა) ახალი დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად; ბ) განადგურებისგან ან დაზიანებისგან მის დასაცავად; გ) მისი გადამალვის, გასხვისების ან დახარჯვის აღსაკვეთად; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილი „დასაბუთებულ ვარაუდს“ განმარტავს, როგორც ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა.

თუ არ ჩავთვლით ე.წ. აღწერილობთ ნაწილს და განჩინების სხვა ფორმალურ რეკვიზიტებს. აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ციტირებას, სასამართლომ ყადაღის დადების შესახებ განჩინება მხოლოდ შემდეგი ერთი აბზაცით „დაასაბუთა“:

„მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაზე დართული მასალები ასაბუთებს ყადაღის დადების აუცილებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს საკმარისი მონაცემები და ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან და წარმოდგენილია პროკურორის მიერ. წარმოდგენილი მასალები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის შესაბამისად ასაბუთებს, რომ ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშების გამოყენებით შესაძლოა ხორციელდებოდეს დანაშაულებრივი საქმიანობა, კერძოდ, წარმოდგენილი მასალების თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ირკვევა, რომ დასახელებული ფონდები გასცდნენ წესდებით განსაზღვრული საქმიანობების ძირითად მიმართულებებს და ემსახურებიან დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებას. შესაბამისად, არსებობს მოთხოვნილი საბანკო ანგარიშების დაყადაღების აუცილებლობა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, პროკურორის შუამდგომლობა ყადაღის დადების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.“

მაშასადამე, სსსკ-ის ზემოთ მითითებული 151-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, სასამართლოს პირველ რიგში უნდა მიეთითებინა და აღეწერა ის ფაქტები და ინფორმაცია, რომელთა ერთობლიობა დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული, ან/და ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. სასამართლოს განჩინების ზემოთ ციტირებულ აბზაცში ერთი სიტყვითაც არ არის აღნიშნული, თუ რომელი დანაშაული შეიძლებოდა ყოფილიყო ჩადენილი დაღადაღებული საბანკო ანგარიშების მიმართ ან რომელი დანაშაულის ჩადენის გზით არის ეს ქონება მოპოვებული. სასამართლომ მხოლოდ ის აღნიშნა, ისიც კონკრეტულ ფაქტებზე და ინფორმაციაზე მითითების გარეშე, რომ „ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშების გამოყენებით შესაძლოა ხორციელდებოდეს დანაშაულებრივი საქმიანობა“ და, რომ „დასახელებული ფონდები გასცდნენ წესდებით განსაზღვრული საქმიანობების ძირითად მიმართულებებს და ემსახურებიან დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებას.“ 

ამდენად, თუნდაც სასამართლოს მიერ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაკეთებული ეს დასკვნები სწორი ყოფილიყო, რაც ასე არ არის, ისინი ვერ გახდებოდა სოლიდარობის ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღების საფუძველი, რადგან 151-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადება ხდება არა იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების გამოყენებით „დანაშაულებრივი საქმიანობა ხორციელება“ ან „დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზება“ ხდება, არამედ ის, რომ ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული (მაგალითად, მოპარულია, მითვისებულია და სხვ.). 

ასეთ დასკვნამდე ივანიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანური სასამართლოც კი ვერ მივიდა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ ფონდების გამგებლობაში არსებული სახსრები მოქალაქეების და ორგანიზაციების ნებაყოფილობითი შემოწირულობების გზით არის დაგროვებული. ერთადერთი „დანაშაული“, რომელიც ამ სახსრების მობილიზებასთან არის დაკავშირებული, არის მოქალაქეების ემპათია, სოლიდარობა და გულწრფელი სურვილი დაეხმარონ ერთამენთს უკანონო და უსამართლო სისტემის თვითნებობის წინააღმდეგ.

რაც შეეხება 151-ე მუხლის 31 ნაწილის მიზნებს - ახალი დანაშაულის ჩადენის აღკვეთა და სხვა, არსანიშნავია, რომ სასამართლომ არც ამ გარემოებების არსებობის დასაბუთებით შეიწუხა თავი. 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განიჩნება სოლიდარობის ფონდებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა, ბუნებრივია, რომ რაიმე უკეთესი გადაწყვეტილების იმედი მათ ვერც ექნებოდათ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძისგან ვერც მიიღეს.

) განჩინებები ფინანსური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღებისა და ელექტრონული დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ

2025 წლის 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ დააკმაყოფილა პროკურორ ლაშა კოტრიკაძის შუამდგომლობები და გასცა განჩინებები სოლიდარობის ფონდებისგან მათი ფინანსური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების შესახებ ნებართვის გაცემისა და მათივე კომპიტერული სისტემებიდან ელექტრონული დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.

ეს განჩინებები ფორმალურ ხასიათს ატარებს და რაიმე დამარწმუნებელი დასაბუთება ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილების მიზნით განჩინებებში არ გვხვდება.

) ნანა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკა

2025 წლის 29 აპრილს „ნანუკას ფონდის“ ხელმძღვანელს ნანა ჟორჟოლიანს მის საცხოვრებელ ბინაში დაადგნენ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა (გმს) გამომძიებელი ნინო ლოლაძე, გმს უფროსი გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი, გმს გამომძიებელი გიორგი ნიქაბაძე და გმს გამომძიებელი გოჩა სათაშვილი, აგრეთვე სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუდ) სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა მოსიძე, სუს-ის სუდ-ის თანამშრომლები არჩილ მადიაშვილი, შოთა კოკორაშვილი, ირაკლი ობოლაშვილი და აკაკი ქორქაშვილი. მათ ნანა ჟორჟოლიანს წარუდგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავას 2025 წლის 1 აპრილის განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. ჩხრეკის შედეგად ნანა ჟორჟოლიანისგან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი.

გარდა ამისა, იქვე გენერალური პროკურატურის გმს უფროსი გამომძიებლის დავით ბაინდურაშვილის დადგენილების საფუძველზე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ საბაბით ჩატარდა ნანა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნანა ჟორჟოლიანის საძინებელი ოთახიდან, აგრეთვე მისი შვილების საძიენებელი ოთახებიდან ამოღებულ იქნა 13 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა - ლეპტოპები, მობილური ტელეფონები, ფოტოაპარატები, მეხსიერების ბარათები.

გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც სასამართლოს განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვის გაცემისა და გამომძიებლის დადგენილება „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“ ბინის ჩხრეკის შესახებ დაუსაბუთებელია და არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ასევე ყურადღებას იმპყრობს ისიც, რომ ნანა ჟორჟოლიანის პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად მასთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა გენერალური პროკურატურის 4 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თანამშრომელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჩათვლით. გაუგებარია, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი 9 გენერალური პროკურატურისა და სუს-ის 9 თანამშრომლის მონაწილეობა ნანა ჟორჟოლიანის პირად ჩხრეკაში და, საერთოდ, რა საჭიროებას წარმოადგენდა ნანა ჟორჟოლიანის პირადი ჩხრეკა. 

ერთადერთი საფუძვლიანი ვარაუდი, რომელიც შეიძლება წარმოეშვას მიუკერძოებელ დამკვირვებელს  არის ის, რომ ამით ივანიშვილი და მისი პარტია  ნანა ჟორჟოლიანის, სხვა ფონდებისა და მთლიანად საზოგადოების ტერორიზებას ცდილობს, რათა მოსახლეობას დაეკარგოს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების სურვილი.

) ალექსანდრე (ალეკო) ცქიტიშვილის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკა

2025 წლის 29 აპრილს ასევე ჩატარდა ალექსანდრე (ალეკო) ცქიტიშვილის ბინისა და პირადი ჩხრეკა. ამ შემთხვევაშიც ჩხრეკა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავას 2025 წლის 1 აპრილის განჩინებების საფუძველზე ჩატარდა.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩხრეკის ან ამოღების განჩინებაში, სხვა მონაცემებთან ერთად, აღნიშნული უნდა იყოს “ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები.” მოსამართლე შამათავას განჩინებაში არ არის მითითებული არც სავარაუდო საგანი ან სხვა ობიექტი და არც მისი გვარეობითი ნიშნები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მითითებული ნორმის უხეში დარღვევაა.

დასკვნა

აღნიშნულ საქმეებში ცალსახად იკვეთება ივანიშვილის და მმართველი პარტიის ინტერესი. გამოძიებას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფონდები და კონკრეტული პირები ჩართულები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში. ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც აქამდე ჩატარდა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გახდებოდა საქმის შეწყვეტის საფუძველი. 

აღნიშნული საქმეების დაწყებას წინ უსწრებდა ანტიდასავლური და პროსასახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების მიერ (“იმედი”, “პოსტვ”, საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი 2”) წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიები. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ამ დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.   ცალსახაა, რომ ივანიშვილი და მმართველი პარტია, გარდა იმისა, რომ ცდილობს ჩაახშოს მოქალაქეთა საპროტესტო მოძრაობა, ახდენს ერთმანეთის მიმართ მოქალაქეთა სოლიდარობის დე ფაქტო კრიმინალიზაციას. საზოგადოებაში სურთ დანერგონ აზრი, რომ სახელმწიფოს მიერ უსამართლოდ დევნილი და დაჩაგრული ადამიანისათვის დახმარების გაწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. 

აღნიშნული საქმეები მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე “გამოძიების” სამართლებრივ საფუძვლებსა და კანონიერებაში არცერთ ინსტიტუტს არ შეუტანია ეჭვი, მათ შორის, არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არც სახალხო დამცველის აპარატს.  აშკარაა, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო და ინსტიტუტი - სასამართლო, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვ. ივანიშვილის და მმართველი პარტიის მსახურებაშია.

პირები, რომლებიც მონაწილეობენ სოლიდარობის კრიმინალიზაციაში:

მოსამართლეები

მზია გარშაულიშვილი

ნანა შამათავა

გიორგი მიროტაძე

გენერალური პროკურატურის თანამშრომლები

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე

გმს უფროსი გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი

გმს გამომძიებელი ნინო ლოლაძე 

გმს გამომძიებელი გიორგი ნიქაბაძე 

გმს გამომძიებელი გოჩა სათაშვილი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები 

ლაშა მოსიძე

არჩილ მადიაშვილი 

შოთა კოკორაშვილი 

ირაკლი ობოლაშვილი 

აკაკი ქორქაშვილი

print