რთველი და არჩევნები — რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რთველი და არჩევნები — რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვა

29 აპრილი, 2022

2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია. სუბსიდიის მიზეზად მან ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა. კვლევაში მოცემული ფაქტები ცხადყოფს, რომ რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს.

მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა პირდაპირ ბიუჯეტიდან ახორციელებს, მათ შორის ღვინის სააგენტოს გავლითაც.

სუბსიდიის ძირითადი თანხა სახელმწიფოს კუთვნილ შპს „მოსავლის მართვის კომპანიაში” ჩაირიცხა. 2021 წელს ამ თანხამ  ჯამში თითქმის 107 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა: “მოსავლის მართვის კომპანიამ” პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღო 86,500,000 ლარი, ხოლო დამატებით 20,872,727 ლარი ღვინის სააგენტომ მისცა. ღვინის სააგენტოსგან მიღებული თანხით კომპანიას უნდა ჩაებარებინა როგორც საღი, ისე სეტყვით დაზიანებული ყურძენი, ხოლო 86,500,000 ლარით უნდა გადაემუშავებინა მიღებული მოსავალი, დაესაწყობებინა და ტრასპორტირება მოეხდინა, აგრეთვე გაესტუმრებინა სასესხო საკრედიტო ვალდებულებები. ამ თანხის მეშვეობით კომპანია აცხადებს გამარტივებულ შესყიდვებსაც და ოპერირებს წლის განმავლობაში.

ღვინის სააგენტომ რთველის დაფინანსებაზე ჯამურად 47,447,110 ლარი გასცა. აქედან, როგორც აღვნიშნეთ, 20,872,727 ლარი “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე წავიდა, ხოლო დანარჩენი თანხა - 26,547,383 ლარი - 82 ღვინის მარნის სუბსიდიაზე  დაიხარჯა. ღვინის სააგენტოში სულ 83 ღვინის კომპანია დარეგისტრირდა წინასწარ.

მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის #626 განკარგულების თანახმად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიას” დაევალა ყურძნის მიმღები პუნქტების აღჭურვა შაქრის ავტომატური მზომი მოწყობილობებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას ამისთვის დამატებით 3,500,000 ლარი ჩაერიცხა.

შპს “მოსავლის მართვის კომპანია” უმეტესწილად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს, რომლებსაც ძირითადად “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალური  კომპანიები იღებენ. ღვინის სააგენტოში სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის “‘ქართული ოცნების” მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან. ამ 31 კომპანიაზე გაიცა 30,343,512 ლარის ოდენობის თანხა, რაც სუბსიდიის საერთო მოცულობის 22%-ს შეადგენს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სუბსიდიის მიმღები კომპანიები ასევე იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში”, სარგებლობენ შეღავათიანი, ფაქტობრივად უპროცენტო აგროსესხებით და ამავდროულად, პარტია “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2016-2021 წლების განმავლობაში მათ 3,626,420 ლარი გაიღეს.

გამარტივებული შესყიდვები მიიღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა: მისი ცოლისძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის შპს „ვაინ  კახეთმა“, პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ღვინის მარანმა, შპს „ქინძმარაულმა“  და ყოფილი შსს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ - შპს „რთველისმა“, ჯამურად  800,000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა მიიღეს.

900,000 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო 9 დღის დაარსებულმა კომპანიამ, შპს “დი ჯი ელმა”, რომლის მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველია.

სუბსიდიის მიმღები 5 მსხვილი კომპანია დაკავშირებულია კომპანია „ბოლერო ენდ კომპანისთან”, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ კარიჭაშვილია. ჯამურად ამ კომპანიებმა მიიღეს 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა. ვახტანგ კარიჭაშვილი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად  ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სააქციო საზოგადოება „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ“ და შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ”. ეს კომპანიები უკავშირდება ზაალ დუგლაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრს “ქართული ოცნებიდან”.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ღვინის კომპანიას იმ შემთხვევაში შეეძლო სუბსიდიის პროგრამაში მონაწილეობა, თუ მევენახისგან ჩაიბარებდა 1000 ტონაზე მეტ ყურძენს. ამ ხელოვნური  ბარიერის გამო, მცირე მარნებმა სუბსიდიით ვერ ისარგებლეს. 

 

 

2021 წელს რთველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა. მთავრობამ ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია რთველზე. სუბსიდიის მიზეზად მან ჭარბი მოსავალი და გლობალური პანდემია დაასახელა.

სუბსიდიის მიღების სქემა ასეთია:  სუბსიდირების წესსა და  ყურძნის ფასს განსაზღვრავს მთავრობა. ყურძნის ჩაბარების მსურველი კომპანიები წინასწარ, ელექტრონული ფორმით რეგისტრირდებიან რთველის საკოორდინაციო შტაბში - www.portal.wine.gov.ge. რთველის დაწყების შემდეგ, ღვინის კომპანია უხდის მევენახეებს ყურძნის წინასწარ დადგენილ ღირებულებას,; წარადგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ღვინის სააგენტოში, რომელიც, თავის მხრივ, უშუალოდ ღვინის კომპანიებს ურიცხავს  სუბსიდირებულ თანხებს. 2021 წელს ყურძენზე სუბსიდირებული თანხები შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 კგ რქაწითელზე - 0,35 ლარი, 1კგ კახურ მწვანეზე - 0,35 ლარი, 1კგ მუჯურეთულისა და 1 კგ ალექსანდროულისთვის - 3 ლარი.

ღვინის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წელს სახელმწიფოსგან გამოყოფილი სუბსიდიიდან 47,447,110 ლარი განაწილდა 83 ღვინის კომპანიაზე (იგულისხმება როგორც მცირე მარნები და ინდივიდუალური მეწარმეები, აგრეთვე დიდი კომპანიები). თუმცა, ამ თანხის თითქმის 45% - 20,872,727 ლარი - ერგო სახელმწიფო შპს “მოსავლის მართვის კომპანიას”, რომელსაც მთავრობამ განსაკუთრებული როლი მიაკუთვნა. მის 100-პროცენტიან წილს სოფლის განვითარების სააგენტო ფლობს. ეს კომპანია მთავრობამ 2020 წლის 4 აგვისტოს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სააქციო საზოგადოება “აკურას” ქარხნის ბაზაზე შექმნა და ახლა უკვე სახელმწიფო მისი მეშვეობით ცდილობს ჭარბი მოსავლის მიღება/გადამუშავებას, სასპირტე მასალის წარმოებასა და მის გაყიდვას.

ამ თანხის გარდა, მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე კიდევ 86,500,000 ლარი გამოყო, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა 2020 წლის რთველზე სააქციო საზოგადოება “აკურას” მიერ აღებული სასესხო ვალდებულებები, დიდი ნაწილი კი პირდაპირ გადაეცა შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” 2021 წლის რთველის ფარგლებში კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ყურძნის ჩაბარების, მისი ტრანსპორტირების, გადამუშავების, იჯარისა და სასესხო ვალდებულებების ასანაზღაურებლად, ასევე დასეტყვილი ყურძნის შესასყიდად.

შპს “მოსავლის მართვის კომპანია” გამარტივებულ შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 აგვისტოს #1461 განკარგულების საფუძველზე. განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე არ დევს. სწორედ ეს განკარგულება აძლევს “მოსავლის მართვის კომპანიას” იმის საშუალებას, რომ გააფორმოს გამარტივებული შესყიდვები, ბაზრის კვლევის და სხვა პროცედურების გვერდის ავლით. ჩაბარებულ მოსავალს “მოსავლის მართვის კომპანია” ამუშავებს, ასაწყობებს და ინახავს ქვეკონტრაქტორ ღვინის კომპანიებში, პროდუქციას კი აუქციონის გზით ყიდის.

ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მოგების და სავაჭრო ბრუნვის შესახებ. კომპანიიდან მოგვწერეს, რომ ანგარიშს 2022  წლის ბოლოს გამოაქვეყნებენ.

მთავრობამ შპს „მოსავლის მართვის კომპანია” სწორედ იმიტომ შექმნა, რომ ჭარბი მოსავლის პრობლემა მოაგვაროს და მევენახეებში უკმაყოფილება დააცხროს, მით უფრო მაშინ, როცა  რთველი და არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გადასახადის გადამხდელის ფული პოლიტიკური მიზნებით იხარჯება და საჯარო სიკეთის შექმნას არ ემსახურება.

აღნიშნულ კვლევაში ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ კომპანიებზე, რომლებიც იღებენ საკმაოდ დიდ სუბსიდიებს, ამავდროულად არიან “ქართული ოცნების” შემწირველები, მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ძირითადად იღებენ გამარტივებულ შესყიდვებს. ჯამში ასეთ 31  კომპანიაზე  30,343,512 ლარის ოდენობის სუბსიდია გაიცა.

სუბსიდიის მსხვილი ბენეფიციარები

სს “სარაჯიშვილი”

სს „სარაჯიშვილმა“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 4,460,683 ლარი მიიღო. კომპანიის გენერალური დირექტორი, ზურაბ ბუბუტეიშვილი “ქართული ოცნების” საკმაოდ მსხვილი შემწირველია. 2016 წლიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით მან 290,000 ლარი  მმართველ პარტიას შესწირა. 2021 წელს „სარაჯიშვილი“ ჩაერთო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში და ყვარლის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან დაზიანებული ყურძენიც ჩაიბარა: შპს “მოსავლის მართვის კომპანიისგან” 648,000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა მიიღო შპს “სარაჯიშვილი ვაინერი ენდ დისთილერმა”, რომლის ერთ-ერთი დირექტორია ზურაბ ბუბუტეიშვილი, ხოლო 1,080,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო კიდევ ერთმა შვილობილმა კომპანიამ - შპს “სარაჯიშვილი დისთილერმა”.

ძმები ჩხაიძეების ღვინის კომპანიები

შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა”

კომპანიამ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 4,366,848.50 ლარი მიიღო. კომპანიის გენერალური დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ზურაბ ჩხაიძე. შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობამ” და ზურაბ ჩხაიძემ ერთობლივად “ქართული ოცნებას” 2016 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 420,000 ლარი შესწირა.

შპს „ასკანელი ძმები“

ღვინის სააგენტომ “ასკანელ ძმებს” სუბსიდიის სახით  2,576,109.25 ლარი მისცა. კომპანიის დირექტორმა, ირაკლი უგლავამ 2020-2021 წლებში “ქართულ ოცნებას” 35,000 ლარი შესწირა, ხოლო ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯიმშერ ჩხაიძემ 2019 წელს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ 10,000 ლარი გაიღო. კომპანიის 55%-იანი წილის მფლობელია გოჩა ჩხაიძე, რომელიც იმავდროულად არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 

შპს „ქართველი”

შპს “ქართველის” 100% წილის მფლობელია შპს “ლ.ს.ა. გრუპი”, რომლის 100% წილის მფლობელი თავის მხრივ არის ჯიმშერ ჩხაიძე. ამ კომპანიამ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით  326,900 ლარი მიიღო.

ვახტანგ კარიჭაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები

შპს „უნივერსალ სპირიტს“

შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია შპს “უნივერსალ სპირიტს”, რომელმაც 2021 წლის რთველის სუბსიდიიდან გამარტივებული შესყიდვით  3,912,000 ლარი მიიღო და გურჯაანში დასეტყვილი მოსავალი შეისყიდა. ამჟამად  კომპანიის მესაკუთრეა შპს “საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანება“, რომლის 80%-იანი წილის მფლობელია “Bolero & Company”-ს პრეზიდენტი, ვახტანგ კარიჭაშვილი. კარიჭაშვილს ორმაგი (საქართველოს და რუსეთის) მოქალაქეობა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს-პარტნიორია და მასთან ერთად  ფლობს კომპანიას ბრიტანეთში.

როგორც შპს “Bolero & Company”-ს, ასევე შპს “საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანების” დირექტორია ირაკლი ბექაური, რომელმაც 2018-2021 წლებში “ქართულ ოცნებასა” და მის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 150,000 ლარი შესწირა. 2018-2019 წლებში “ქართულ ოცნებას” 15,000 ლარი შესწირა  შპს “Bolero & Company”-ს მეორე დირექტორმა, თორნიკე მახათაძემაც.

შპს „გრუზვინპრომი“

შპს “Bolero & Company” ფლობს კიდევ ერთი კომპანიის - შპს “გრუზვინპრომის” 100%-იან წილს.  შპს “გრუზვინპრომმა” 2021 წელს ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით - 47,901 ლარი, ხოლო შპს “მოსავლის მართვის კომპანიისგან” 743,810 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ამ კომპანიის დირექტორია მამუკა ფოთოლაშვილი, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 50,000 ლარი შესწირა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, როდესაც შპს “Bolero & Company”-ს დირექტორი იყო.

შპს „ათენა“

შპს “ათენამ” ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით  627,581.50 ლარი მიიღო. კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელია შპს „მილადა ინტერნეიშენალი“, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 100,000 ლარი შესწირა. 2018 წელს კომპანიას სხვა მესაკუთრეები ჰყავდა, დღეს  „მილადა ინტერნეიშენალის“ 100% წილის მესაკუთრეა ვახტანგ კარიჭაშვილი, რომელიც ასევე შპს “Bolero & Company”-ს მესაკუთრეა. „მილადა ინტერნეიშენალის“ დირექტორს, ლერი რაზმაძეს ჯამში 9,000 ლარი აქვს შეწირული “ქართული ოცნებისათვის”. მას ვახტანგ კარიჭაშვილთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს: ლერი რაზმაძე გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის შვილია, ვახტანგ კარიჭაშვილის მეუღლე კი დავით რაზმაძის დაა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მესამე ვადით აირჩიეს.

შპს „როქ ლოჯისტიქსი“

შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” 4 გამარტივებული შესყიდვა, საერთო ღირებულებით 720,000 ლარი - გაუფორმა შპს „როქ ლოჯისტიქსს“, რომლის მესაკუთრე და დირექტორიც ლერი რაზმაძეა.

შპს „ემ.ემ.ბე“

შპს “ემ.ემ.ბემ” შპს “მოსავლის მართვის კომპანიისგან”  70,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოს საპატრიარქო. მისი დირექტორი არის კახაბერ მახათაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში “ქართულ ოცნებას” 90,000 ლარი შესწირა, 2017-2019 წლებში კი  ზესტაფონის მერი იყო. დღეს შპს “Bolero & Company”-ს ერთ-ერთი დირექტორია მისი შვილი, თორნიკე მახათაძე. კომპანიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს, იოსებ სიხაშვილს, 2021 წელს 30,000 ლარი აქვს შეწირული “ქართული ოცნებისათვის”.

 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის ოჯახთან უშუალოდ დაკავშირებული კომპანიები

შპს „ვაინ კახეთი“

შპს “მოსავლის მართვის კომპანიისგან” შპს „ვაინ კახეთმა“  550,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ეს კომპანია  პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  ცოლისძმას და პარლამენტის ყოფილ დეპუტატს “ქართული ოცნებიდან” ალექსანდრე თამაზაშვილს ეკუთვნის.  კომპანიის დირექტორია ლევან ზილფიმიანი, საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით ზილფიმიანის (საპარლამენტი ჯგუფი “ევროპელი სოციალისტები”) შვილი.

შპს „დი ჯი ელ“

2021 წლის 23 აგვისტოს დარეგისტრირებმა კომპანია „დი ჯი ელ“-მა შპს “მოსავლის მართვის კომპანიისგან” 900,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა რეგისტრაციიდან ზუსტად 9 დღეში მიიღო. კომპანიის მისამართია: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მირზაანი, მესაკუთრე თამარ ალუღიშვილი, ხოლო დირექტორი ზაქარია ბოსტოღანაშვილია. თამარ ალუღიშვილი არის დედოფლისწყაროელი ბიზნესმენის, ნუგზარ ალუღიშვილის ქალიშვილი. ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნუგზარ ალუღიშვილი არის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრი და მისი ბიზნესის ფაქტობრივი განმკარგველი. კვლევის მომზადების პროცესში ნუგზარ ალუღიშვილმა ჟურნალისტების წინააღმდეგ მასთან დაკავშირებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სასამართლოში  სარჩელი შეიტანა.

შპს „ქინძმარაული“

შპს “ქინძმარაულმა” შპს “მოსავლის მართვის კომპანიისგან” - 150,000 ლარის ოდენობის გამარტივებული შესყიდვა. ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით კი -  50,428 ლარი მიიღო.  ეს კომპანია კახეთის ყოფილ გუბერნატორსა და პარლამენტის ყოფილ წევრს “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი შიოლაშვილს ეკუთვნის.

 შპს „რთველისი“

შპს „რთველისმა“ ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით  57,368 ლარი მიიღო. კომპანიის 25%-იან წილს შსს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფლობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც წერდა ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრების შესახებ მას შემდეგ, რაც მან დატოვა მინისტრის თანამდებობა.

პარლამენტის წევრთან, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებული კომპანიები

სს „კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა“

სააქციო საზოგადოება “კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანამ” ღვინის სააგენტოსგან სუბსიდიის სახით 1,342,509 ლარი მიიღო. ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დავით დუგლაძე, წევრები კი - ეკატერინე დუგლაძე (დავით დუგლაძის ძმის, პარლამენტის ხაშურის და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ დუგლაძის მეუღლე) და ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი არიან. 

შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანია”

შპს “დუგლაძეების ღვინის კომპანიამ” ღვინის სააგენტოდან სუბსიდიის სახით მიიღო 759,988.25 ლარი მიიღო.

ამ კომპანიას 23-23 პროცენტიანი წილით ფლობენ დავით დუგლაძე, ზაალ დუგლაძე (რომელმაც ამ კომპანიაში თავისი წილი ძმაზე გაასხვისა), ალექსანდრე ივანიშვილი და მალხაზ ყანჩაველი. 8 პროცენტის მფლობელია გიორგი კაპანაძე, რომელსაც ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის  მოქალაქეობა აქვს. კომპანიის დირექტორია დავით დუგლაძე.

დავით დუგლაძე “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. 2016-2020 წლებში მან 155,000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას. 2012 წელს მას 60,000 ლარი ჰქონდა შეწირული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”; ზაალ დუგლაძემ 2016-2020 წლებში (ვიდრე დეპუტატი გახდებოდა) მმართველ პარტიას 115,000 ლარი მისცა; მალხაზ ყანჩაველმა 2016-2018 წლებში “ქართულ ოცნებასა” და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 105,000 ლარი შესწირა.

სუბსიდიის სხვა მიმღებები

ცხრილში იმ კომპანიებს წარმოგიდგენთ, რომელთავ ასევე მიიღეს დაფინანსება რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან და ამავდროულად მმართველი პარტიისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველები არიან.

 

ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობები

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 აპრილის #626 განკარგულებით, შპს “მოსავლის მართვის კომპანიას“ გამარტივებული შესყიდვით უნდა შეეძინა ყურძენში შაქრის მზომი 30 ერთეული მოწყობილობა. ყურძენში შაქრის მზომ ხელსაწყოებს საქართველოში არ ამზადებენ. იგი შემოიტანა შპს “ენოგრუპმა“, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს უკრაინაში, ფილიალები კი რუსეთსა და საქართველოში აქვს. კომპანიის დირექტორია უკრაინის მოქალაქე კოსტიანტინ ბალტაჟი. საქართველოში “ენოგრუპის“ ფილიალი რეგისტრირებულია თელავის მუნიციპალიტეტში. სახელმწიფოს შესყიდვაში მხოლოდ ეს ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა და მან  3 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შესყიდვა მიიღო.

საქართველოს მთავრობამ იცოდა, როდის უნდა დაწყებულიყო რთველი და შეეძლო, შაქრის მზომი აპარატები შეეძინა ბევრად ადრე, გამოეცხადებინა საერთაშორისო ტენდერი და, შესაძლოა, უფრო იაფად ეყიდა ინსტრუმენტები, თუმცა მან ეს არ გააკეთა და პირდაპირი/გამარტივებული შესყიდვის გზა არჩია. ქვეყნის ბიუჯეტს ერთი ერთეული ხელსაწყო 100 000 ლარი დაუჯდა, საერთო ჯამში კი “მოსავლის მართვის კომპანიამ” 30 ერთეული ხელსაწყო იყიდა. 

სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს” მონაცემებით, შაქრის მზომი აპარატები სავალდებულო სტანდარტიზაციას არ ექვემდებარება, რადგან სავალდებულო სტანდარტიზაციის რეესტრში არ შეუტანიათ და არც არავის მიუმართავს სააგენტოსთვის ამ აპარატების ნებაყოფლობითი დაკალიბრებისთვის. შესაბამისად, გაუგებარია, რა ხარისხის და წარმომავლობის ხელსაწყოებზეა საუბარი, აქვს თუ არა მას შესაბამისი გარანტია, რა ვალდებულებები ეკისრება შემომტან კომპანიას ქარხნული წუნისა თუ სხვა ტექნიკური გაუმართაობის შემთხევევაში. 

შეღავათიანი აგროკრედიტი - დამატებითი სარგებელი სახელმწიფოსგან

ზემოთჩამოთვლილი კომპანიები, გარდა იმისა, რომ  იღებენ საბიუჯეტო სუბსიდიებს, მონაწილეობენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და იგებენ გამარტივებულ შესყიდვებს, ისინი  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების აქტიური ბენეფიციარები არიან და დაფინანსებას იღებენ ისეთი პროგრამებიდან, როგორებიცაა “აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“. 

სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სააგენტო გასცემს თანხებს სესხის საპროცენტო განაკვეთების დასაფარად.

სააგენტოს მიერ 2013-2021 წლებში იმ ღვინის კომპანიებზე გაცემული თანადაფინანსება , რომლებიც ამავდროულად სახელმწიფო სუბსიდიითაც სარგებლობენ და  “ქართული ოცნების” შემწირველები არიან, ასე გამოიყურება:

ღვინის მარნები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით:

რეკომენდაციები:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ უნდა შეისწავლოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გამოცხადებული გამარტივებული ტენდერები და მოახდინონ მათზე რეაგირება.

ასევე უნდა შეისწავლოს ყურძენში შაქრის მზომი მოწყობილობების შესყიდვის გამჭვირვალობა და აუცილებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელებს აღნიშნული ხელსაწყოების შესყიდვა საკმაოდ ძვირი დაუჯდათ.

აუცილებელია, რომ თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. საჭიროა, შემსყიდველმა - შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.

ღვინის სააგენტომ პროცესი უნდა წარმართოს გამჭვრივალედ  და თანხებზე წვდომა ჰქონდეს მცირე მარნებს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავლები და ბრუნვა აქვთ.

აუცილებელია ღვინის სააგენტომ გასცეს პასუხი კითხვაზე, თუ რა საჭიროა თანხების ორ ნაწილად ხარჯვა, როდესაც მცირე ნაწილს გასცემს სააგენტო, თანხის უდიდეს ნაწილს კი რიცხავს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” ანგარიშზე.

 

print