“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ოპოზიციის როლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა პარლამენტში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ოპოზიციის როლის გაძლიერების შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა პარლამენტში

23 დეკემბერი, 2022

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საკანონმდებლო ორგანოში  ძალაუფლების გადანაწილებას და ოპოზიციის როლის გაძლიერებას.

საკანონდებლო წინადადებით, პარლამენტის 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს ოპოზიციის წარმომადგენელი. სავალდებულო ორი კომიტეტია: საფინანსო- საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის. დანარჩენი სამი კომიტეტი კი, რომელთაც ასევე ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს,  უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით განისაზღვრება.

საკანონდებლო წინადადება სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა გადაიჭრას. 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმება“ ცალკეული კომიტეტების თავმჯდომარეთა თანამდებობების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავებას ითვალისწინებდა.

ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო კონტროლის სრულფასოვნად განხორციელებისათვის.