„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ფინანსური გამჭვირვალობის ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ფინანსური გამჭვირვალობის ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო

19 ივლისი, 2018

                              

არასამთავრობო ორგანიზაცია Transparify-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით 2018 წელს უმაღლესი შეფასება, ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო.

17 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში 24 ქვეყნის 92 ანალიტიკური ინსტიტუტის ფინანსური გამჭვირვალობა არის შეფასებული. კერძოდ, Transparify აფასებს, თუ რამდენად ასაჯაროებენ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი ვებ-გვერდების მეშვეობით დაფინანსების წარმომავლობისა და ოდენობების შესახებ ინფორმაციას. Transparify-ის რეიტინგში გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით ორგანიზაციებს 0-დან 5 ქულამდე აქვთ მინიჭებული,  სადაც 5 „ყველაზე გამჭვირვალეს“ ნიშნავს.

იმ 67 ორგანიზაციას შორის, რომელთაც 2018 წელს გამჭვირვალობის კუთხით უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, ხუთი საქართველოში მოქმედი ორგანიზაციაა. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ ერთად ხუთვარსკვლავიანი ჯილდოს მფლობელები გახდნენ:  „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი.

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკის ფორმირების პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან და თავადაც ეკისრებათ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ გამჭვირვალე საქმიანობა, მათ შორის ფინანსების ნაწილში.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს წლებია მისდევს. ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მის ვებ-გვერდზე, ასევე რეგულარულად ქვეყნდება მისი საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშები, რომელსაც თან ერთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნაც.  გამჭვირვალობის ამგვარი სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 2014 წლიდან მოყოლებული ხუთვარსკვლავიანი ჯილდოს სტაბილური მიმღებია.

Transparify-ის ანგარიშის მიხედვით, ზოგადად, ანალიტიკური ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის ზრდის კუთხით დადებითი დინამიკა შეინიშნება.  2013 წლის შემდეგ დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც უმაღლეს შეფასებას იღებენ.

„უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამჭვირვალე ანალიტიკური ორგანიზაციების ზრდა აჩვენებს, რომ ფინანსური გამჭვირვალობა ნორმა ხდება მსოფლიოს მაღალი დონის ინსტიტუტებს შორის“, - აღნიშნავს Transparify-ის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ჰანს გუტბროდი.

print