“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავას განაგრძობს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის სასამართლო პროცესი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოში 30 ნოემბერს დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე არ დადასტურდა ეკა გიგაურის რაიმე შემხებლობა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ხაინდრავა და გ. ადამაშვილი მხოლოდ თავის აზრს გამოთქვამდნენ და არ ახორციელებდნენ ცილისწამებას ეკა გიგაურის წინააღმდეგ.
გვინდა საჯაროდ განვაცხადოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება როგორც ეროვნული სასამართლოს მიერ დადგენილ, ასევე საერთაშორისო პრაქტიკას, რადგან ხაინდრავა და ადამაშვილი, არაერთ საჯარო გამოსვლაში, მათ შორის სასამართლო პროცესზეც კი, მტკიცებით ფორმაში აგრძელებდნენ იმაზე საუბარს, რომ თითქოსდა ეკა გიგაური ნამდვილად მონაწილეობდა 7 ნოემბრის მოვლენებში. თუმცა მათ ეს მოსაზრება სასამართლოზე ვერც დოკუმენტურად და ვერც მოწმეთა ჩვენებებით ვერ დაამტკიცეს.
აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი რომ სასამართლო 3 წლის მანძილზე გაჭიანურებულ პროცესზე არკვევდა იყო თუ არა გურამ ადამაშვილის და გოგა ხაინდარავას 2014-2015 წლების დეკემბერ-იანვარში გაკეთებული საჯარო განცხადებები ცილისწამება, რაც ეკა გიგაურის, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კაპანიის ნაწილი იყო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსათვის“ სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, იმის გათვალისწინებით, რომ ეკა გიგაურის და მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციის კამპანიაში, მათ შორის მსგავსი შინაარსის საჯარო განცხადებებით ჩაერთნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ამ საქმეზე.
სასამართლო გადაწყვეტილებით ნათელია, რომ ეკა გიგაურს 7 ნოემბრის მოვლენებში მონაწილეობა არ მიუღია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ეკა გიგაური სამართლებრივ დავას გააგრძელებს და გადაწყვეტილებას სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სასამართლოები დავას კვლავაც არ განიხილავენ მიუკერძოებლად, საბოლოოდ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ.
