ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში პოლიტიური კრიზისის პირობებში ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს

01 დეკემბერი, 2019

 

გამოქვეყნებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების  გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ შესრულდა პირობა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქუჩაში ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები, პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

„საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა, აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე დელია ფერეირა რუბიო.

ზაფხულის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის შედეგად, როცა მოქალაქეები ხელისუფლებისგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდნენ, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერდა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. ეს გადაწყვეტილება ორი კვირის წინ შეიცვალა, რამაც მიმდინარე საპროტესტო აქციები გამოიწვია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ წარსულში უკვე განაცხადა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობის შესახებ. საარჩევნო რეფორმის შეჩერება ასუსტებს ქართული დემოკრატიის ხარისხს და საფრთხეს უქმნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.