საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა შეისწავლოს თანამდებობის პირების ქონების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
შაბათს, 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირის ძვირადღირებული უძრავი ქონების შესახებ. სიუჟეტში მოცემული ინფორმაცია ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სრულად აქვთ თანამდებობის პირებს დეკლარირებული ქონება და შემოსავლები, ასევე იმის შესახებ, ხომ არ იღებენ ისინი შემოსავალს კანონის გვერდის ავლით.
მართალია მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას მნიშვნელოვანი როლი აქვთ თანამდებობის პირთა საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მხრივ, მაგრამ ზემოხსენებულ კითხვებზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებებს შეუძლიათ, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ თანამდებობის პირთა ქონებისა და შემოსავლების კანონიერების შესამოწმებლად საჭირო ყველა სახის ინფორმაციაზე.
საქართველოში გასულ წელს ამოქმედდა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, თუმცა მის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს ჯერაც არ შეუქმნია დამოუკიდებელი კომისია, რომელიც „განსაკუთრებული კორუფციული რისკის“ და „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ გათვალისწინებით შესამოწმებლად შეარჩევდა თანამდებობის პირთა დეკლარაციებს. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული ეს მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანზიმი დღემდე არ ამოქმედებულა.
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოცანა ქონებრივ დეკლარაციებში მომცემული ინფორმაციის გადამოწმებაა. მონიტორინგის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების პრევენცია და ასეთი ფაქტების გამოვლენაა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს კანონით დადგენილი ყველა ანტიკორუფციული მექანიზმის ეფექტური ოპერირება და მედიისა თუ სამოქალაქო სექტორის მიერ გასაჯაროებული კორუფციის შესაძლო შემთხვევების საფუძვლიანი შესწავლა.
განცხადება მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით
