ENG

საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადება კითხვებს ბადებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორიგის სისტემის ეფექტიანობასთან და ბიუროს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით

11 დეკემბერი, 2019

 

გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურის ბიუროს 10 დეკემბრის განცხადებას, რომელიც ეხება იმავე დღეს გამოქვეყნებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას მინისტრების და მათი მოადგილეების ბიზნესკავშირების თაობაზე.

ბიუროს განცხადება დიდწილად ბუნდოვანია და უმეტეს შემთხვევაში რთულია იმის გაგება, თუ კონკრეტულად კვლევაში მოყვანილ რომელ ფაქტებს ან დასკვნებს აყენებს ბიურო ეჭვქვეშ. მიუხედავად ამისა, გვსურს გამოვეხმაუროთ განცხადების იმ ნაწილებს, რომლებიც აშკარად პოლიტიზებულია, წარმოადგენს მცდელობას, გაამართლოს კანონის მოთხოვნათა იგნორირების ფაქტები და აგრძელებს სამოქალაქო სექტორზე ხელისუფლების გახშირებული თავდასხმების ტენდენციას.

  1. განცხადების დასაწყისშივე ნათქვამია, რომ კვლევაში „მოცემული შეფასებები მცდარია, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა ემყარება მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს: თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს და საჯარო რეესტრის ინფორმაციას. კვლევაში მოყვანილ თითოეულ შემთხვევას თან ერთვის ბმულები შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებზე.

  1. ბიუროს განცხადების თანახმად, კვლევაში ნახსენები თანამდებობის პირების უმეტესი ნაწილის დეკლარაციები ბიურომ უკვე შეამოწმა 2019 წლის განმავლობაში და ვერ აღმოაჩინა იმ კატეგორიის დარღვევები, რომლებიც კვლევაშია აღწერილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არ მიუწვდება ხელი ბიუროს მიერ განხორციელებული შემოწმების დეტალებზე, თუმცა, ის გარემოება, რომ ჩვენ მიერ გამოვლენილი მრავალი დარღვევის ფონზე ბიურომ ვერც ერთი მსგავსი დარღვევა ვერ აღმოაჩინა, გაკვირვებას იწვევს და კითხვებს ბადებს ბიუროს მიერ ჩატარებული მონიტორინგის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

  1. ბიურო, ასევე, აცხადებს, რომ მან ვერ დაადგინა დარღვევა მინისტრების: მაია ცქიტიშვილის, ეკატერინე ტიკარაძისა და ლევან დავითაშვილის შემთხვევაში.

ეს განცხადება გაკვირვებას იწვევს, ვინაიდან სამივე მინისტრს ცალსახად არასრულად აქვს შევსებული ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია. კერძოდ:

  • 2019 წლის იანვრის დეკლარაციაში მაია ცქიტიშვილმა მიუთითა, რომ მისი მეუღლე შპს „მიკროკლიმატის“ მეწილეა, თუმცა არ ახსენა, რომ იგი ამ კომპანიის დირექტორიცაა. დეკლარაციაში მან, ასევე, ჩაწერა, რომ მისი მეუღლე შპს „თბილისის კომერციული ქონების“ 75%-ის მფლობელია, თუმცა არ ახსენა, რომ 2018 წლის მარტამდე ამ წილის მფლობელი თავად იყო.
  • ეკატერინე ტიკარაძემ დეკლარაცია 2019 წლის აგვისტოში შეავსო, სადაც არ ჩაწერა, რომ 2018 წლის განმავლობაში იყო შპს „Room 404-ის“ 50%-ის მფლობელი და დირექტორი, ასევე, სააქციო საზოგადოება „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილე კომპანიაა.
  • 2019 წლის თებერვლის დეკლარაციაში ლევან დავითაშვილმა მიუთითა, რომ მისი მეუღლე შპს „Intermanagement-ის“ 100%-ის მეწილეა, თუმცა არ ახსენა, რომ იგი ამ კომპანიის დირექტორიცაა. გარდა ამისა, მან არ ახსენა, რომ 2018 წლის განმავლობაში ფლობდა წილებს 4 კომპანიაში, რომლებიც მან მხოლოდ დეკლარაციის საანგარიშო პერიოდზე უფრო გვიან -  2019 წლის იანვარში დათმო.
  1. ბიუროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დეკლარაციაში ისეთი საწარმოს მიუთითებლობა, რომელიც უკანასკნელი 6 ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, არ წარმოადგენს დარღვევას”.

საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად დარღვევას აღარ წარმოადგენს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ისეთ კომპანიაში მონაწილეობის მიუთითებლობა, რომელიც ბოლო 6 ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, ძალაში 2019 წლის აპრილში შევიდა. ჩვენს კვლევაში ნახსენებ თანამდებობის პირებს სადავო კომპანიებში მონაწილეობა არც ცვლილებების ძალაში შესვლამდე შევსებულ დეკლარაციებში აუსახავთ, რაც კანონის იმ დროს მოქმედი რედაქციის დარღვევა იყო.

  1. გაუგებარია ბიუროს მტკიცება, რომ „აქციებისა და წილის ფლობის კანონთან შეუსაბამობა, კვლევაში არასწორად არის მითითებული.“ ჩვენს კვლევაში არსად წერია, რომ აქციებისა და წილის ფლობა კანონის დარღვევაა.

ამასთან, გვსურს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება 2019 წლის გაზაფხულზე კანონში შესული ზემოხსენებული ცვლილების მიმართ. ეს ცვლილება უკიდურესად ართულებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული მოქალაქეების მიერ თანამდებობის პირების ბიზნესკავშირების მონიტორინგს, რადგანაც ისინი მოკლებულნი არიან იმის შემოწმების შესაძლებლობას, ფუნქციონირებდა თუ არა რომელიმე კომპანია ბოლო 6 წლის განმავლობაში  - ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, რადგანაც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას და მხოლოდ შესაბამის ოფიციალურ უწყებებს აქვთ მასზე წვდომა. ამგვარი ცვლილება ძირს უთხრის თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობის გამჭვირვალობას და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც თავად ამ კანონის მიზნებსა და სულისკვეთებას, ისე საქართველოს საერთაშორისო ანტიკორუფციულ ვალდებულებებს.

ვინაიდან ბიუროს მიერ 2018 წლის განმავლობაში შემოწმებული საქართველოს პარლამენტის 60 წევრის დეკლარაციიდან დარღვევები 59-ში აღმოჩნდა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები კანონში ამგვარი ცვლილების შეტანის მოტივაციასთან დაკავშირებით (განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილების ინიციატორთა შორის ამ დარღვევებისთვის დაჯარიმებული დეპუტატებიც იყვნენ). ფაქტობრივად, კანონით დაკისრებული ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების ნაცვლად, დეპუტატებმა თავად კანონი მოირგეს მომავალში ჯარიმებისთვის თავის არიდების მიზნით.

ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია თავად საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადების სულისკვეთება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიურო მიზნად ისახავს პოლიტიკური თანამდებობის პირების დაცვას კრიტიკისგან და ამ მიზნის მიღწევას ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის დისკრედიტაციის საშუალებით. ასეთი ქმედება ძირეულად ეწინააღმდეგება ბიუროს, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო ინსტიტუტის, მისიას.

მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, უფრო დეტალურად გაეცნოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, ასევე, თავი შეიკავოს პოლიტიკური შინაარსის მქონე ზოგადი განცხადებებისგან და თუ რაიმე დასკვნას არ ეთანხმება, თითოეულ საკითხზე წარმოადგინოს კონკრეტული მყარი არგუმენტები.