საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები
საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ამ პროექტის მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. ვინაიდან „კორონავირუსული” პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.
ძირითადი მიგნებები
- ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.9%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 5%-ით გაიზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემია დიდი ალბათობით მომავალი წელსაც გაგრძელდება, რეგიონში საომარი მოქმედებებია და ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა შემცირებულია, 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვფიქრობთ, საკმაოდ ოპტიმისტური მიზანია;
- 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 14.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.7 მლრდ ლარით ნაკლებია. შემცირებას განპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 3.2 მლრდ ლარის ვალს აიღებს;
- ბიუჯეტის ხარჯები 1 მლრდ ლარით მცირდება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებითაა გამოწვეული. ძირითადად, ეს ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული;
- 99 მლნ ლარით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და იგი ჯამში 3 მლრდ ლარამდე იქნება. კლებას პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო საქონლის და მომსახურების შესყიდვის შემცირება განაპირობებს. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 210 მლნ ლარით მეტი იქნება;
- საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 429 ადამიანით იზრდება და 112,643 მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება. 110-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვაში დასაქმებულთა რაოდენობა. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა;
- 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 370 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
- ყველაზე მეტად 4 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 601 მლნ ლარით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 199 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროს - 95 მლნ ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 30 მლნ ლარით;
- ყველაზე მეტად სამი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ჯანდაცვის სამინისტროს - 663 მლნ ლარით, ეკონომიკის სამინისტროს - 466 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 61 მლნ ლარით. სამივე სამინისტროს შემთხევაში კლების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებაა. მომავალ წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამის გაგრძელებაა დაგეგმილი იანვარ-თებერვალში;
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 42 მლნ ლარით მცირდება და მისთვის 760 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 795 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება;
- 2021 წლის ბიუჯეტში თანხა არ არის გამოყოფილი „კორონავირუსთან” დაკავშირებული საკარანტინე და სხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე. თუმცა, ცხადია, რომ საკარანტინე სივრცეების დაქირავება 2021 წლის დასაწყისშიც საჭირო იქნება და მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა აუცილებელი გახდება;
- ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 მლრდ ლარი (მშპ-ის 5.2%) იქნება, საიდანაც 528 მლნ ლარი ახალი ვალის აღებით დაიფარება, ხოლო 2.3 მლრდ ლარი - ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით;
- 2021 წელს მთავრობა 3.2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.6 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს. ვალის დასაფარად წელს მოზიდულ საერთაშორისო დახმარებებს გამოიყენებს. 2021 წლის ბოლოს ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 56% იქნება და დაშვებულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს მიუახლოვდება.
- ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია. შენარჩუნებულია დღეს არსებული მიდგომა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.
რეკომენდაციები
- პანდემიის გამწვავების, რეგიონში მიმდინარე ომის და შემცირებული უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს;
- ბიუჯეტის ხარჯებში „კორონავირუსით” გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების არასახვა, ბიუჯეტს არარეალისტურს ხდის. მთავრობამ აუცილებლად უნდა ასახოს ბიუჯეტში გაზრდილი სამედიცინო ხარჯები, საკარანტინე და სხვა ღონისძიებების დაფინანსება;
- გასული წლების და მიმდინარე წლის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. სამინისტრომ ან 2021 წლისთვის გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შეზღუდვა მოუწევს;
- მისასალმებელია, რომ მთავრობა წელს მოზიდული საგარეო დახმარებების ნაწილით არსებული საგარეო ვალის დაფარვას გეგმავს. მომავალში ეს ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებს. შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე ეს მიდგომა არ უნდა შეიცვალოს და დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, რესურსი მიმდინარე და მომავალი წლის ბუჯეტებში ეკონომიით უნდა გამოინახოს;
- ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული, ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.
1.მაკროეკონომიკური გარემო
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლისთვის ეკონომიკის 4.9%-იან კლებას პროგნოზირებს. ვინაიდან იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური კლების საშუალო ტემპი 5.6% იყო და ამავე დროს, კლების მაჩვენებელი აგვისტოში 5.3%-მდე შემცირდა, წლიური 4.9%-იანი კლების პროგნოზი ახლოს არის რეალობასთან.
2021 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს. ზოგადად, კრიზისული წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის მიღწევა იოლდება, რადგან ეკონომიკა უბრუნდება კრიზისამდელ მდგომარეობას. თუმცა, აშკარაა, რომ პანდემია მინიმუმ მომავალი წლის დასაწყისშიც პრობლემა იქნება და 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა დიდი ალბათობით შემცირდება. ამას ემატება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და არასტაბილური პოლიტიკური ვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შესაბამისად, 2020 წლისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ოპტიმისტური სცენარია.
ბიუჯეტის დანართში მთავრობის მიერ წარმოდგენილი პესიმისტური სცენარით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 2%-ით გაიზრდება.
2021 წლისთვის ლარის დოლარის მიმართ გაცვლით საორიენტაციო კურსად 3.29 არის აღებული. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2021 წელს 4 451 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 7%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია.
2.სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები[1]
2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 14.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.7 მლრდ ლარით (20%-ით) ნაკლებია. შემოსულობების შემცირებას განპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 3.2 მლრდ ლარის ვალს აიღებს.
შემოსულობების ყველაზე მსხვილი მუხლი - შემოსავლები 2021 წელს 11.3 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლისთვის დაგეგმილ შემოსავლებზე 1.1 მლრდ ლარით მეტია. შემოსავლები საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს. ჯამური შემოსავლების ზრდას საგადასახადო შემოსავლების 1.5 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს. მათ შორის, 610 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადით მიღებული თანხა, 293 მლნ-ით დღგ-დან, ხოლო 207 მლნ-ით აქციზიდან მიღებული შემოსავალი. ეკონომიკური კრიზისის და საგადასახადო შეღავათების[2] გამო, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლები 700 მლნ ლარით შემცირდა. 2021 წლისთვის პროგნოზირებული 10.5 მლრდ ლარის საგადასახადო შემოსავლების მიღება ეკონომიკური ზრდით და დროებითი საგადასახადო შეღავათების გაუქმებით უნდა მიიღწეს.
273 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების მოცულობა და 285 მლნ ლარს შეადგენს. კლება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მისაღებ გრანტებზე მოდის, რომლებიც მიმდინარე წელს პანდემიის გამო გაიზარდა.
სხვა შემოსავლები 125 მლნ ლარით მცირდება. კლება განპირობებულია იმით, რომ 2020 წელს ბიუჯეტის სხვა შემოსავლებში „StopCov ფონდში” მობილიზებული 133.5 მლნ ლარი აისახა. 2021 წელს კი აღნიშნულ ფონდში შემოსავლების მიღება დაგეგმილი არ არის.
პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 150 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2020 წლის გეგმაზე 60 მლნ ლარით მეტია.
ფინანსური აქტივების კლებიდან, რაც ადრე გაცემული სესხების დაბრუნებას გულისხმობს, ბიუჯეტში 150 მლნ ლარი შევა.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
3.ბიუჯეტის გადასახდელები[3]
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 17.1 მლრდ ლარი იქნება. რაც 2020 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.1 მლრდ ლარით (7.2%-ით) მეტია.
გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ხარჯები 1 მლრდ ლარით მცირდება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებითაა გამოწვეული. ძირითადად, ეს ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტში არის, მაგრამ 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული.
99 მლნ ლარით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ჯამში 3 მლრდ ლარამდე იქნება. კლებას საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯის 151 მლნ ლარით შემცირება განაპირობებს, რაც თავის მხრივ, პანდემიისთან დაკავშირებული სამედიცინო საქონლის და მომსახურების შესყიდვის შემცირებას უკავშირდება.
ადმინისტრაციული ხარჯის მეორე ნაწილი - შრომის ანაზღაურება 53 მლნ ლარით იზრდება. აქედან 27 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ხოლო 13 მლნ თავდაცვის სამინისტროზე მოდის. 2021 წელს პოლიციელების ხელფასი არ იზრდება, მაგრამ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. სახელფასო ფონდი ასევე იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 3.6 მლნ ლარით (ზრდა მოდის დაცული ტერიტორიების და აგროპროექტების მართვის პროგრამებზე), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2.5 მლნ-ით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში 2 მლნ-ით და ჯანდაცვის სამინისტროში 1.4 მლნ ლარით.
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 429 ადამიანით გაიზრდება და 112,643-ს მიაღწევს. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროში იზრდება 251 ადამიანით. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება. 110-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვაში დასაქმებულთა რაოდენობა. 82-ით პოლიცილეთა რაოდენობა იზრდება. სხვა უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება.
მიუხედავად შემცირებისა, ყველაზე მეტი თანხა - 4.8 მლრდ ლარი (ჯანდაცვის ხარჯების ჩათვლით) სოციალურ ხარჯებზეა გამოყოფილი, რომელიც პენსიას, ჯანდაცვას და სოციალურ დახმარებებს მოიცავს. სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 3.4 მლრდ ლარი კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 420 მლნ ლარით მეტია. 3.4 მლრდ ლარის კაპიტალურ ხარჯებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი 436 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერიც.
გადასახდელები მოიცავს ასევე აღებული ვალის ძირის დაფარვის მაჩვენებელს, რომელიც 2021 წელს რეკორდულად მაღალი - 2.6 მლრდ ლარი იქნება. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
4.ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი
2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდოს[4] -2.6 მლრდ ლარი იქნება, როცა 2020 წელს იგი 4.3 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი. 2021 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ მთლიანი სალდო 4.8% იქნება. 2020 წლის ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი 8.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზედა ზღვრად ერთიანი ბიუჯეტის[5] მთლიანი უარყოფითი სალდო („საბიუჯეტო კოდექსის” მიხედვით დეფიციტის) არის ნაგულისხმევი და არა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. 2021 წელს ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2.8 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 5.2%-ს შეადგენს და დაშვებულ ზღვარს გადასცდება.
რადგან ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო მშპ-ის 3%-ზე მაღალია, მთავრობა ვალდებულია პარლამენტს წარუდგენს კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმა. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული გეგმა წარმოდგენილია ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტში, რომლის მიხედვით 2022 წელს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -4.1% იქნება, ხოლო 2022 წელს -3%.
ტრადიციული გაგებით დეფიციტი[6] 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 2.8 მლრდ ლარი (მშპ-ის 5.2%) იქნება, საიდანაც 528 მლნ ლარი ახალი ვალის აღებით დაიფარება, ხოლო 2.3 მლრდ ლარი - ნაშთის გამოყენებით. 2.3 მლრდ ლარი პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად მიმდინარე წელს საგარეო დაფინანსებიდან მოზიდული თანხაა, რომელსაც მთავრობა წელს სრულად არ ხარჯავს. 2020 წლის ბიუჯეტში ტრადიციული გაგებით დეფიციტი 4.5 მლრდ ლარია (მშპ-ის 9%).
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*2020 და 2021 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები
2021 წელს საქართველოს მთავრობა 3.2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.6 მლრდ ლარი ადრე აღებული ვალის მომსახურებას მოხმარდება. შედეგად, მთავრობის ვალი 528 მლნ ლარით გაიზრდება. ზრდა მხოლოდ საშინაო ვალზე მოდის. მთავრობა 2021 წელს საგარეო ვალს უფრო მეტს დაფარავს, ვიდრე ახალს აიღებს. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს, რაც საგარეო ვალის შემცირებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ახალი ვალით ძველის გადაფარვა ხდება, ეს ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებს, რადგან ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება წელს მიღებული შეღავათიანი კრედიტების საპროცენტო განაკვეთს.
2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 59% იქნება. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 27 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის 54%-ია.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 80%-მდე საგარეო ვალზე მოდის. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაში, ლარში გამოხატული საგარეო ვალი და მისი თანაფარდობა მშპ-თან (რაც ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელია) გაიზრდება. შესაბამისად, ვალის ტვირთისთვის ლარის გაუფასურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ლარის გაუფასურებასთან ერთად, ვალის ზრდას ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტი იწვევს.
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
*2020 და 2021 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები
5.უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება
2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება - 601 მლნ ლარით, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის და ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციის ხარჯების ზრდითაა გამოწვეული. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 2021 წელს 451 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება. მათ შორის, 234 მლნ ლარით მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება.
199 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი და იგი 1.7 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე მოდის. სტატუსის მქონე მასწავლებლებს იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ ხელფასი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებაზე ჯამში 880 მლნ ლარი იქნება. 43 მლნ ლარით იზრდება სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე გამოყოფილი დაფინანსება, თუმცა, აღნიშნული ზრდით, პროგრამის ბიუჯეტი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მლნ ლარით იზრდება და 900 მლნ ლარს გაუტოლდება, რაც თავდაცვაზე გამოყოფილი წლიური თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 30 მლნ ლარით იზრდება და 790 მლნ ლარი იქნება. ზრდას პოლიციელთა რაოდენობის 82-ით მატება და რაც 2020 წლის 1 ივლისიდან მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების და მათთან გათანაბრებულ პირების ხელფასების 125 ლარით ზრდით მატება განაპირობებს. 2021 წელს გაზრდილ ხელფასს 12 თვის განმავლობაში აიღებენ, როცა მიმდინარე წელს 6 თვის განმავლლბაში იღებენ, რაც სახელფასო ფონდის ზრდას იწვევს.
ყველაზე მეტად სამი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ჯანდაცვის სამინისტროს - 663 მლნ ლარით, ეკონომიკის სამინისტროს - 466 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 61 მლნ ლარით. სამივე სამინისტროს შემთხევაში, ბიუჯეტის კლების მიზეზი „კორონავირუსთან” დაკავშირებული პროგრამების დასრულებაა. მომავალ წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამის გაგრძელებაა დაგეგმილი იანვარ-თებერვალში, რაზეც 60 მლნ ლარია გამოყოფილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები 720 მლნ ლარით მცირდება კორონავირუსთან დაკავშირებული სოციალური პროგრამების დასრულების გამო. 2021 წლისთვის არ არის დაგეგმილი ისეთი პროგრამები, როგორიცაა ბავშვზე 200 ლარიანი დახმარება, უმუშევრად დარჩენილთათვის 200-300 ლარიანი დახმარება, დამატებითი ფულადი დახმარებები სოციალურად დაუცველთათვის და ა.შ. დაფინანსება არ არის გამოყოფილი „კორონავირუსით” გამოწვეული დაავადების მართვაზე, რომელზეც მიმდინარე წელს 239 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურის პროგრამის ხარჯი 55 მლნ ლარით მცირდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 42 მლნ ლარით მცირდება, 2020 წელს 802 მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო 2021 წელს - 760 მლნ, მაშინ როდესაც, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 795 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 802 მლნ ლარი საკმარისი არ იქნება.
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე მნიშვნელოვნად პენსიის ხარჯი იზრდება - 370 მლნ ლარით. 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონრების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბოუჯეტი 466 მლნ ლარით მცირდება. შემცირება ცალსახად არის დაკავშირებული „კორონავირუსით” გამოწვეული ხარჯების განულებასთან. 2020 წლის ბიუჯეტში საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე გამოყოფილი არის 330 მლნ ლარი, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული. ასევე, თანხა არ არის გამოყოფილი ისეთ მსხვილ პროგრამებზე, როგორებიც არის მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობა (წელს გამოყოფილია 70 მლნ ლარი) და „კორონავირუსთან” დაკავშირებული საკარანტინე და სხვა ღონისძიებების დაფინანსება (წელს გამოყოფილია 45 მლნ ლარი). თუმცა, ცხადია, რომ საკარანტინე სივრცეების დაქირავება 2021 წლის დასაწყისშიც საჭირო იქნება და მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფა აუცილებელი გახდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 61 მლნ ლარით მცირდება. მიმდინარე წელს 40 მლნ ლარი იყო გამოყოფილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობაზე (200 ლარიანი დახმარება), რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში აღარ არის გათვალისწინებული. ასევე 20 მლნ ლარი იყო გამოყოფილი „კორონავირუსიდან” გამომდინარე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც ასევე აღარ არის გათვალისწინებული. 18 მლნ ლარით მცირდება მევენახეობა-მეღვინეობის განვითრების პროგრამის დაფინანსება, რომელიც ძირითადად ყურძნის ფასის სუბსიდირებას და სახელმწიფოსგან ყურძნის შესყიდვას მოიცავს.
ცხრილი 1. უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება, მლნ ლარი
მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო
გასული წლების მსგავსად, პროგრამული ბიუჯეტისადმი არასათანადო მიდგომაა 2021 წელსაც, რისი მაჩვენებელია ის, რომ ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონის ნაწილად გახდომაა, რაც გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.
[1] შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს მოიცავს.
[2] პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მთავრობამ ბიზნესს საშემოსავალო გადასახადში, დღგ-ში და სხვა გადასახადებში დროებითი შეღავათები დაუწესა.
[3] გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.
[4] მთლიანი სალდო არ მოიცავს ფინანსური აქტივების ცვლილებას. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთლიანი სალდო თუ უარყოფითია, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ დადებითია, ბიუჯეტი პროფიციტურია.
[5] ერთიანი ბიუჯეტი არის ცენტრალური (სახელმწიფო), ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების კონსოლიდირებული ბიუჯეტი.
[6] რადგან მთლიანი სალდო სრულად არ მოიცავს ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავლებს და ხარჯებს, ტრადიციული გაგებით ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება სულ რამდენი თანხა დააკლდა ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით დაფარა.