საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

28 დეკემბერი, 2020

 

30 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი გააგზავნა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება 5 ნოემბერს წარდგენილი ვარიანტისგან. ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილება „კორონავირუსით” გამოწვეული პანდემიის ფაქტორის ასახვამ  გამოიწვია. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს ბიუჯეტის საბოლოო პროექტზე.

ძირითადი მიგნებები

  • ბიუჯეტის განახლებული პროექტის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 4.3%-ით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში მომავალი წლისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული, რაზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეკომენდაცია იყო, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმილიყო;
  • 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 16.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.7 მლრდ ლარით ნაკლებია. შემცირებას განაპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 5.3 მლრდ ლარის ვალის აღებას გეგმავს;
  • მაისამდე გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი. იმ პირებს, რომელთა ხელფასი არ აღემატება 1,500 ლარს, 750 ლარი არ დაებეგრებათ;
  • ბიუჯეტის გადასახდელები 2.5 მლრდ ლარით იზრდება და 18.4 მლრდ ლარს მიაღწევს, მათ შორის, ხარჯები 222 მლნ ლარით იზრდება. გადასახდელებს ყველაზე მეტად 2.8 მლრდ ლარის ვალის დაფარვა ზრდის;
  • ადმინისტრაციული ხარჯები 221 მლნ ლარით იზრდება და იგი ჯამში 3.3 მლრდ ლარამდე იქნება. ამ ხარჯების ზრდას შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტის და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 151 მლნ ლარით მეტის დახარჯვა განაპირობებს. 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება;
  • საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 356 ადამიანით იზრდება და 112,570-ს მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება, ხოლო 176 შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამას. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა, ხოლო 50-ით - პარლამენტის აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა;
  • ყველაზე მეტად 4 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 551 მლნ ლარით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 264 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროს - 95 მლნ ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 30 მლნ ლარით;
  • 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 370 მლნ ლარით ზრდას იწვევს;
  • 400 მლნ ლარია გამოყოფილი „კორონავირუსული” დაავადების მართვაზე, რაც დაავადებულთა მკურნალობას, ტესტებს, ვაქცინის შესყიდვას და პანდემიის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოიცავს;
  • კორონავირუსით” გამოწვეული მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის  დახმარებაზე 310 მლნ ლარია გამოყოფილი. 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები. 6 თვის განმავლობაში დამატებით თვეში 100 ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ასევე, 16 წლამდე ასაკის 3 და მეტ შვილიანი ოჯახები 6 თვის განმავლობაში თვეში 100 ლარს მიიღებენ. იანვარ-თებერვალში მიმდინარე წელს არსებული წესით დაფინანსდება კომუნალური გადასახადები;
  • მნიშვნელოვნად მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება - 353 მლნ ლარით. კლების მიზეზი საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე გამოყოფილი თანხის 280 მლნ ლარით შემცირება და მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამის განულებაა, რომელზეც წელს 70 მლნ ლარია გამოყოფილი;
  • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 2 მლნ ლარით მცირდება და მისთვის 800 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც, წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 882 მლნ ლარი და წლის ბოლომდე სავარაუდოდ 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება;
  • ბიუჯეტის დეფიციტი 4.1 მლრდ ლარი (მშპ-ის 7.7 %) იქნება, საიდანაც 2.5 მლრდ ლარი ახალი ვალის აღებით დაიფარება, ხოლო 1.6 მლრდ ლარი - ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით;
  • 2021 წელს მთავრობა მთლიანობაში 5.3 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.8 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. 2021 წელს მთავრობა ახალ საშინაო ვალს არ აიღებს. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ დოლარის ღირებულების „ევროობლიგაციების” გადასაფარად 1,657 მლნ ლარის ახალ „ევროობლიგაციებს” გამოუშვებს. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიაში, მთავრობა ახალი „ევროობლიგაციების” გამოშვებას არ გეგმავდა, დავალიანება ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხიდან უნდა დაფარულიყო;
  • 2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.1 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 60.1% იქნება. აქედან გამომდინარე, ვალი კრიტიკულ ზღვრად მიჩნეულ მშპ-ის 60%-ს გადასცდება;
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს, რაც პროგრამული ბიუჯეტირებისადმი არასათანადო მიდგომის მაჩვენებელია.

რეკომენდაციები

  • ბიუჯეტის ხარჯებში „კორონავირუსით” გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების ასახვა აუცილებელი იყო, მაგრამ ეს მნიშვნელოვანწილად უნდა მომხდარიყო ბიუჯეტში ეკონომიის გაკეთებით და არა ახალი ვალების აღებით;
  • ბიუჯეტის წინა ვერსიაში მთავრობა წელს მოზიდული საგარეო დახმარებების ნაწილით არსებული საგარეო ვალის დაფარვას გეგმავდა, რაც მომავალში ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებდა. ეს მიდგომა გარკვეულწილად უნდა შენარჩუნდეს. წარმოდგენილი პროექტით, მთავრობის ვალი კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს სცდება. მაღალი ვალის მქონე ქვეყნების ჯგუფში გადასვლა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეასუსტებს;
  • გასული წლების და მიმდინარე წლის მსგავსად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პროგრამის დაფინანსების საჭირო მოცულობა მაქსიმალურად ზუსტად უნდა განსაზღვროს და პროგრამის მართვა მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს;
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.

1.მაკროეკონომიკური გარემო

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლისთვის ეკონომიკის 5%-იან კლებას პროგნოზირებს. ვინაიდან იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკური კლების საშუალო ტემპი 5.1% იყო და ამავე დროს, კლების მაჩვენებელი ოქტომბერში 3.9%-მდე შემცირდა, 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, წლიური 5%-იანი კლების პროგნოზი ახლოს არის რეალობასთან.

2021 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 4.3%-ით ზრდას პროგნოზირებს. ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიით, მთავრობა 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა პანდემიური სიტუაციის გართულების გამო მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი შეამცირა. ზოგადად, კრიზისული წლის შემდეგ ეკონომიკის ზრდის მიღწევა იოლდება, რადგან ეკონომიკა უბრუნდება კრიზისამდელ მდგომარეობას. თუმცა, აშკარაა, რომ პანდემია მინიმუმ მომავალი წლის დასაწყისშიც პრობლემა იქნება და 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა შემცირდება. ეკონომიკა ზრდას სავარაუდოდ მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს.

2021 წლისთვის ლარის აშშ დოლარის მიმართ გაცვლით საორიენტაციო კურსად 3.3 არის აღებული. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2021 წელს 4 353 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, რაც 7.3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3%-ია.

2.სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები[1]

2021 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 16.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.7 მლრდ ლარით (9%-ით) ნაკლებია. შემოსულობების შემცირებას განაპირობებს ის, რომ 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 5.3 მლრდ ლარის ვალს აიღებს.

შემოსულობების ყველაზე მსხვილი მუხლი  - შემოსავლები 2021 წელს 11.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლისთვის დაგეგმილ შემოსავლებზე 966 მლნ ლარით მეტია. შემოსავლები საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს. ჯამური შემოსავლების ზრდას საგადასახადო შემოსავლების 1.4 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს. მათ შორის, 593 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს დღგ-დან მიღებული თანხა, 325 მლნ-ით საშემოსავლო გადასახადიდან, ხოლო 257 მლნ-ით აქციზიდან მიღებული შემოსავალი. ეკონომიკური კრიზისის და საგადასახადო შეღავათების[2] გამო, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლები 686 მლნ ლარით შემცირდა. 2021 წლისთვის პროგნოზირებული 10.3 მლრდ ლარის საგადასახადო შემოსავლების მიღება ეკონომიკური ზრდით და დროებითი საგადასახადო შეღავათების გაუქმებით უნდა იქნას მიღწეული. თუმცა, 2021 წლის მაისამდე გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი: კერძოდ, იმ პირებს, რომელთა ხელფასი არ აღემატება 1,500 ლარს, 750 ლარი არ დაებეგრებათ.[3] აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ბიუჯეტს 220 მლნ ლარი დაუჯდება.

2020 წელთან შედარებით, 271 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების მოცულობა და 287 მლნ ლარს შეადგენს. კლება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მისაღებ გრანტებზე მოდის, რომლებიც მიმდინარე წელს პანდემიის გამო გაიზარდა.

სხვა შემოსავლები 125 მლნ ლარით მცირდება. კლება განპირობებულია იმით, რომ 2020 წელს ბიუჯეტის სხვა შემოსავლებში „StopCov ფონდში” მობილიზებული 133.5 მლნ ლარი აისახა. 2021 წელს კი აღნიშნულ ფონდში შემოსავლების მიღება დაგეგმილი არ არის.

პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 150 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2020 წლის გეგმაზე 60 მლნ ლარით მეტია.

ფინანსური აქტივები 1,776 მლნ ლარით შემცირდება. აქედან, 1,626 მლნ ლარი ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებაზე მოდის, ხოლო 150 მლნ ლარი ადრე გაცემული სესხების ბიუჯეტისთვის დაბრუნებიდან შემოვა. ნათშის გამოყენებაც და სესხების დაბრუნებაც შემოსულობების ნაწილია.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

3.ბიუჯეტის გადასახდელები[4]

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 18.4 მლრდ ლარი იქნება. რაც 2020 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 2.5 მლრდ ლარით (15%-ით) მეტია.

გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ხარჯები 222 მლნ ლარით იზრდება. მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება. შრომის ანაზღაურების გაზრდილი ხარჯიდან 27 მლნ ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ხოლო 13 მლნ  თავდაცვის სამინისტროზე მოდის. 2021 წელს პოლიციელების ხელფასი არ იზრდება, მაგრამ იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. სახელფასო ფონდი ასევე იზრდება ჯანდაცვის სამინისტროში 6.9 მლნ ლარით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 5.9 მლნ ლარით, პარლამენტის აპარატში 1.5 მლნ-ით და აუდიტის სამსახურში 1.4 მლნ ლარით.

საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები 151 მლნ ლარით იზრდება.  ჯამში, შრომის ანაზღაურებაზე და საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე გამოყოფილი თანხა, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ ხარჯებს წარმოადგენს, 222 მლნ ლარით იზრდება და 3.3 მილიარდს ლარს მიაღწევს. 2019 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 356 ადამიანით გაიზრდება და 112,570-ს მიაღწევს. დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროში იზრდება 438 ადამიანით. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება, ხოლო 176 შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამას. 82 დასაქმებულით პოლიციელთა რაოდენობა იზრდება. 50-ით პარლამენტის აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. სხვა უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ იცვლება.

ყველაზე მეტი თანხა - 5.3 მლრდ ლარი სოციალურ ხარჯებზეა გამოყოფილი, რომელიც პენსიას, ჯანდაცვას და სოციალურ დახმარებებს მოიცავს. სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 3.5 მლრდ ლარი კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 500 მლნ ლარით მეტია. 3.5 მლრდ ლარის კაპიტალურ ხარჯებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი 578 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერიც.

346 მლნ ლარით მცირდება სუბსიდიებზე გამოყოფილი თანხა, რასაც „კორონავირუსით” მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელი პროგრამების დაფინანსების შემცირება განაპირობებს.

გადასახდელები მოიცავს ასევე მთავრობის ვალის ძირის დაფარვის მაჩვენებელს, რომელიც 2021 წელს რეკორდულად მაღალი - 2.8 მლრდ ლარი იქნება. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს. ამასთან ერთად, ბიუჯეტიდან 918 მლნ ლარი მთავრობის ვალის პროცენტის დაფარვაზე დაიხარჯება.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

4.ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო[5] 3.8 მლრდ ლარი იქნება, როცა 2020 წელს იგი 4.3 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი. 2021 წლისთვის პროგნოზირებული მშპ-ის მიმართ მთლიანი სალდო 7.2% იქნება. 2020 წლის ბიუჯეტში ანალოგიური მაჩვენებელი 8.6%-ია.

აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ზედა ზღვრად ერთიანი ბიუჯეტის[6] მთლიანი უარყოფითი სალდო („საბიუჯეტო კოდექსის” მიხედვით დეფიციტის) არის ნაგულისხმევი და არა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი. 2021 წელს ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო -4.1 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 7.7%-ს შეადგენს.

რადგან ერთიანი ბიუჯეტის მთლიანი სალდო მშპ-ის 3%-ზე მაღალია, მთავრობა ვალდებულია პარლამენტს წარუდგენს კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმა. პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული გეგმა წარმოდგენილია ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტში, რომლის მიხედვით 2022 წელს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის -4.0% იქნება, ხოლო 2023 წელს -2.9%.

ტრადიციული გაგებით დეფიციტი[7] 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 4.1 მლრდ ლარი (მშპ-ის 7.7%) იქნება, საიდანაც 2.5 მლრდ ლარი ახალი ვალის აღებით დაიფარება, ხოლო 1.6 მლრდ ლარი - ბიუჯეტის ნაშთის გამოყენებით. ნაშთზე არსებული 1.6 მლრდ ლარი პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად მიმდინარე წელს საგარეო დაფინანსებიდან მოზიდული თანხაა, რომელსაც მთავრობა წელს სრულად არ ხარჯავს. 2020 წლის ბიუჯეტში ტრადიციული გაგებით დეფიციტი 4.5 მლრდ ლარია (მშპ-ის 9%).

2021 წელს საქართველოს მთავრობა 5.3 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.8 მლრდ ლარი ადრე აღებული ვალის მომსახურებას მოხმარდება. შედეგად, მთავრობის ვალი 2.5 მლრდ ლარით გაიზრდება. ზრდა მხოლოდ საგარეო ვალზე მოდის. 2021 წელს მთავრობა ახალ საშინაო ვალს არ აიღებს. მომავალ წელს მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ დოლარის ღირებულების „ევროობლიგაციების” გადასაფარად 1,657 მლნ ლარის ახალ „ევროობლიგაციებს” გამოუშვებს. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიაში, მთავრობა ახალი „ევროობლიგაციების” გამოშვებას არ გეგმავდა, დავალიანება ბიუჯეტის ნაშთზე არსებული თანხიდან უნდა დაფარულიყო.

2021 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 32.1 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 60.1% იქნება. მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 28.6 მლრდ ლარია, რაც მშპ-ის 58%-ია. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონით მთავრობის ვალის დაშვებული ზედა ზღვარი მშპ-ის 60%-ია. რადგან ვალი მშპ-ის 60%-ზე მაღალია, მთავრობა ვალდებულია პარლამენტს წარუდგენოს კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმა. წარმოდგენილი გეგმის თანახმად, მთავრობის ვალის მშპ-ის 60%-ს 2022 წლისთვის ჩამოცდება და 58.6% იქნება.

საქართველოს მთავრობის ვალის 80%-მდე საგარეო ვალზე მოდის. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის ვარდნის შემთხვევაში, ლარში გამოხატული საგარეო ვალი და მისი თანაფარდობა მშპ-თან (რაც  ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელია) გაიზრდება. შესაბამისად, ვალის ტვირთისთვის ლარის გაუფასურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ლარის გაუფასურებასთან ერთად, ვალის ზრდას ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტი იწვევს.


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

*2020 და 2021 წლისთვის მოცემულია პროგნოზირებული მაჩვენებლები

5.უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წელთან შეადრებით, ყველაზე მეტად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება - 551 მლნ ლარით, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის ხარჯების ზრდითაა გამოწვეული. 2021 წელს ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე 853 მლნ ლარია გამოყოფილი, რაც 2020 წლის დაფინანსებაზე 234 მლნ ლარით მეტია.

264 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი და იგი 1.8 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა მეტწილად ზოგადი განათლების დაფინანსებაზე მოდის. 2020 წლის 1 სექტემბრიდან საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასი 150 ლარით გაიზარდა. 2021 წელს მასწავლებლები მომატებულ ხელფასს 12 თვის განმავლობაში აიღებენ, რაც 2020 წელთან შედარებით ხარჯებს ზრდის. ამასთან, სტატუსის მქონე მასწავლებლებს 2021 წლის იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ ხელფასი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება ჯამში მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 38 მლნ ლარით იზრდება სპორტის განვითარებაზე გამოყოფილი დაფინანსება და 122.4 მლნ ლარი იქნება. აღნიშნული ზრდით, სპორტის დაფინანსება 2019 წლის დონეს დაუბრუნდება.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მლნ ლარით იზრდება და 900 მლნ ლარს გაუტოლდება, რაც თავდაცვაზე გამოყოფილი წლიური თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები 48 მლნ ლარით იზრდება. ყველაზე მეტად საპენსიო ხარჯი იზრდება - 370 მლნ ლარით. 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონრების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი გახდება.

161 მლნ ლარით იზრდება და 400 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი „კორონავირუსული” დაავადების მართვაზე, რაც მოიცავს, როგორც დაავადებულთა მკურნალობის, ასევე ტესტებთან, ვაქცინის შესყიდვასთან და პანდემიის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

„კორონავირუსით” გამოწვეული მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის  დახმარებაზე გამოყოფილია 310 მლნ ლარი, რაც 2020 წელს ამ მიმართულებით დახარჯულ თანხაზე 470 მლნ ლარით ნაკლებია. 2021 წელს 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანები, რაზეც ჯამში 150 მლნ ლარია გამოყოფილი. 60 მლნ ლარია გამოყოფილი მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვაზე. 55 მლნ ლარია გამოყოფილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში დამატებით 100 ლარის დახმარების მისაცემად. 15 მლნ ლარია გამოყოფილი 16 წლამდე ასაკის 3 და მეტ ბავშვიანი ოჯახებისთვის 6 თვის განმავლობაში 100 ლარით დასახმარებლად. ასევე, 6 თვის განმავლობაში დამატებით 100 ლარის დახმარებაა გამოყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, რაც ბიუჯეტს 27 მლნ ლარი დაუჯდება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 2 მლნ ლარით მცირდება, 2020 წელს 802 მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო 2021 წელს - 800 მლნ, მაშინ როდესაც, მიმდინარე წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 882 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 900 მლნ-ს გადააჭარბებს. თავდაპირველად, 2020 წელს საყოველთაო ჯანდაცვისთვის 760 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ წინა წლების მსგავსად გამოყოფილი თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის პროგრამის ხარჯი 55 მლნ ლარით მცირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 30 მლნ ლარით იზრდება და 790 მლნ ლარი იქნება. ზრდას პოლიციელთა რაოდენობის 82-ით მატება და 2020 წლის 1 ივლისიდან მეხანძრე-მაშველების, პოლიციელების და მათთან გათანაბრებულ პირების ხელფასების 125 ლარით ზრდით მატება განაპირობებს. 2021 წელს გაზრდილ ხელფასს 12 თვის განმავლობაში აიღებენ (მიმდინარე წელს 6 თვის განმავლობაში იღებენ), რაც 2020 წელთან შედარებით ხარჯებს ზრდის.

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 23 მლნ ლარით იზრდება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროსი 18 მლნ ლარით.

მნიშვნელოვნად მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება - 353 მლნ ლარით. შემცირება ცალსახად არის დაკავშირებული „კორონავირუსით” გამოწვეული ხარჯების კლებასთან. 2020 წლის ბიუჯეტში საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე გამოყოფილი არის 330 მლნ ლარი, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში 50 მლნ ლარამდე მცირდება. შემცირება ლოგიკურია, რადგან მიმდინარე წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით საკრედიტო-საგარანტიო სქემიდან მხოლოდ 16.4 მლნ ლარია დახარჯული. მომავალ წელს თანხა არ არის გამოყოფილი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამაზე, რაც ხარჯებს 70 მლნ ლარით ამცირებს.

ეკონომიკის სამინისტრო 50 მლნ ლარს „კორონოვირუსის” მართვასთან დაკავშირებულ საკარანტინე სივრცეების დაქირავება-მოწყობაზე დახარჯავს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული მიზნით 45 მლნ ლარია გამოყოფილი.

 


მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

გასული წლების მსგავსად, პროგრამული ბიუჯეტისადმი არასათანადო მიდგომაა 2021 წელსაც, რისი მაჩვენებელია ის, რომ ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები კვლავ ბიუჯეტის დანართშია მოცემული და ბიუჯეტის შესახებ კანონის ტექსტს არ წარმოადგენს. ბოლო რამდენიმე წელია საქართველო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების დოკუმენტის კანონის ნაწილად გახდომაა, რაც გააძლიერებს მიზნებზე ორიენტირებულ საბიუჯეტო პოლიტიკას, ნაცვლად დღეს არსებული მიდგომისა, როცა საბიუჯეტო პოლიტიკის მთავარი მიზანი გეგმების შესრულება და გამოყოფილი თანხების სრულად ათვისებაა.


[1] შემოსულობები არის შემოსავლების, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების და ახალი ვალის აღების ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი წარმომავლობის თანხას, რაც კი ბიუჯეტში შედის, როცა შემოსავლები მხოლოდ გადასახადებიდან, გრანტებიდან და სხვა კონკრეტული წყაროებიდან მიღებულ თანხებს მოიცავს.

[2] პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მთავრობამ ბიზნესს საშემოსავლო გადასახადში, დღგ-ში და სხვა გადასახადებში დროებითი შეღავათები დაუწესა.

[3] რაც გულისხმობს, რომ 750 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულები სრულად თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადიდან, ხოლო 751 ლარიდან 1,500 ლარამდე ხელფასი დაიბეგრება მხოლოდ 750 ლარს ზემოთ. მაგალითად, თუ დასაქმებულს ხელფასია აქვს 1,000 ლარი, საშემოსავლო გადასახადი (20%) ჩამოეჭრება მხოლოდ 250 (1,000- 750) ლარზე.

[4] გადასახდელები არის ხარჯების, არაფინანსური და ფინანსური აქტივები ზრდის და ადრე აღებული ვალის დაფარვის ჯამი. ის მოიცავს ნებისმიერი თანხას, რაც კი ბიუჯეტიდან გადის, როცა ხარჯები  მხოლოდ კონკრეტული მიზნებით დახარჯულ თანხებს მოიცავს, მაგალითად ადმინისტრაციულს, სოციალურს, განათლების და ა.შ.

[5] მთლიანი სალდო არ მოიცავს ფინანსური აქტივების ცვლილებას. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მთლიანი სალდო თუ უარყოფითია, ბიუჯეტი დეფიციტურია, თუ დადებითია, ბიუჯეტი პროფიციტურია.

[6] ერთიანი ბიუჯეტი არის ცენტრალური (სახელმწიფო), ავტონომიური რესპუბლიკების ერთიანი

რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტების

კონსოლიდირებული ბიუჯეტი.

[7] რადგან მთლიანი სალდო სრულად არ მოიცავს ბიუჯეტის ყველა სახის შემოსავლებს და ხარჯებს, ტრადიციული გაგებით ბიუჯეტის დეფიციტში იგულისხმება სულ რამდენი თანხა აკლდება ბიუჯეტს, რომელიც ახალი ვალის აღებით და ნაშთზე არსებული თანხის გამოყენებით იფარება.