საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა

22 თებერვალი, 2023

2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე 3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი „კოვიდ” პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს რუსეთიდან მიღებულ შემოსავალსაც კი 2-ჯერ აღემატება. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.6% იყო, როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3%-ს, ხოლო მაქსიმუმს - 9.9%-ს 2018 წელს აღწევდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული.

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, რადგან ომმა და სანქციებმა რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რომელიც წელსაც გაგრძელდება, საქართველოს რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა მაკროეკონომიკური კუთხითაც საფრთხის შემცველია.

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

●          2022 წელს საქართველოში 15,000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 22,400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა;

●        გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა;

●          2022 წელს საქართველოს ექსპორტი რუსეთში 6.8%-ით გაიზარდა და 652 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყების შემდეგ, მარტი-დეკემბერში კი ექსპორტი 3.2%-ით არის გაზრდილი, რაც  ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 5-ჯერ ზრდამ განაპირობა;

საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 14.4%-დან 11.7%-მდე შემცირდა. წილის შემცირება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები ტემპით გაიზარდა (6.8%), ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი ყველა ქვეყანასთან (32%);

●          ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა და 161 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 64% უჭრავს, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;

●          2022 წელს რუსეთიდან იმპორტი 79%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია;

●          ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა - 482 მლნ აშშ დოლარით (5-ჯერ მეტი). რუსული საწვავის წილმა იმპორტში 51% შეადგინა. 45%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი და 442 მლნ დოლარი შეადგინა; ნახშირბადიანი ფოლადის იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა და 49 მლნ დოლარი შეადგინა. 157%-ით გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

●          ელექტროენერგიიის რუსეთიდან იმპორტის 46%-ით ზრდის მიუხედავად, რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 2.6% უჭირავს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 32%-ით გაიზარდა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 8%-მდეა;

●          კვლავ მაღალია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე. 2022 წელს რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 97% იყო. საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის;

●          2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა - სულ 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 26%-ით ნაკლებია. თუმცა, ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში, 2022 წელს რუსეთიდან 14%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში;

        2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა,  რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია;

        2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია;

●          რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს კომპანიების რეგისტრაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა და განთავსებული დეპოზიტების მოცულობა;

●          2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს;

●        2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 33 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 51%-ით ნაკლებია. რუსეთიდან შემოსული ინვესტიციიდან 29 მლნ დოლარი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო.

 

რეკომენდაციები

საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანამონაწილეობით გასული წლის აპრილში უკვე გავასაჯაროვეთ რეკომენდაციები[1], თუ რა უნდა გაკეთდეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებისთვის:

რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;

● განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რუსული ბაზრის მაღალი წილი ქართული ღვინის ექსპორტში. რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;

რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება საქართველოში ამჟამად მოქმედი წესისგან განსხვავებული რეჟიმით უნდა განხორციელდეს. კომპანიის რეგისტრაციაზე თანხმობის მიღებამდე, შეძლებისდაგვარად უნდა გადამოწმდეს, განმცხადებელი პირი რაიმე სახით ხომ არ არის დაკავშირებული სანქცირებულ კომპანიებთან ან ადამიანებთან.

I.      შესავალი

საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა  ეკონომიკური ბერკეტები არაერთხელ გამოიყენა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების[2] შემდეგ კი, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების დონე და ტენდენცია. 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე დაკვირვება კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც იმ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქტიურად აკვირდება ამ საკითხს. რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე ბოლო კვლევა[3]  2022 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ, რომელშიც 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობა იყო შესწავლილი. წინამდებარე ანგარიში აღნიშნული კვლევის განახლებაა, რომელშიც 2022 წლის იანვარ-დეკემბერის პერიოდში დაფიქსირებული მაჩვენებლები და ტენდენციებია მოცემული. კვლევა ძირითადად მოიცავს საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემების ანალიზს.

II.     საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ძირითადი მაჩვენებლები

1.      საგარეო ვაჭრობა

2022 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  6.8%-ით გაიზარდა და 652 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი - 79%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.7% იყო, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე (იხილეთ გრაფიკი 1). წილის შემცირება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ რუსეთში ქართული ექსპორტი უფრო ნაკლები მასშტაბით გაიზარდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი ექსპორტი. 2022 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტი ჯამში 32%-ით გაიზარდა.

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთიდან შემოსული პროდუქციის წილი 10.1%-დან 13.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 17 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია (იხილეთ გრაფიკი 2).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

საბოლოო ჯამში, 2022 წელს რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.4%-დან 13.1%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.

2022 წელს რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველ ადგილზე 161 მლნ აშშ დოლარით ღვინო იყო, მეორე ადგილზე კი ფეროშენადნობები 109 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი - 90 მლნ აშშ დოლარით და მსუბუქი ავტომობილები - 76 მლნ აშშ დოლარით (იხილეთ გრაფიკი 3).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტები იყო 623 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიოდა ხორბალი და ხორბლის ფქვილი - 128 მლნ აშშ დოლარით, ბუნებრივი აირები (გაზი) 112 მლნ აშშ დოლარით,  ქვანახშირი და კოქსი - 78 მლნ აშშ დოლარით და ზეთი და მარგარინი 76 მლნ დოლარით (იხილეთ გრაფიკი 4).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წელს რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 161 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-იანი ზრდაა. გაიზარდა საქართველოს ჯამურ ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილიც და 63.8%-ს მიაღწია, რაც 2013 წლიდან, ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (იხილეთ გრაფიკი 5).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რუსულ ხორბალზე და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება ასევე, ტრადიციულად, მაღალია. 2021 წელს რუსეთიდან 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. 2022 წლიდან ხორბლის იმპორტი ხორბლის ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადის გამო, იმპორტიორებმა ხორბლის ფქვილის შემოტანა არჩიეს, რომელიც საბოლოოდ უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ხორბლის შემოტანა და გადამუშავება. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6-ჯერ გაიზარდა, ხორბლის იმპორტი კი 30%-ით შემცირდა. ჯამში, რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილმა საქართველოს ამავე საქონლის მთლიან იმპორტში 97% შეადგინა. რუსულ ხორბალს და ხორბლის ფქვილს საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარებაში 78%-მდე უჭირავს.[4]

ბოლო წლებში რუსული ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში მნიშვნელოვანი წილი აღარ უჭირავს. 2021 წელს  საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მხოლოდ 1.8% იყო,[5]  საქართველოს ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი მისი წილი 25%-ს შეადგენდა.[6] 2022 წელს საქართველოში მოხმარებულ ელექტროენერგიაში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 2.6% იყო, ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი - 24%.[7]

რაც შეეხება ბუნებრივი აირის[8]  იმპორტს, 2018 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირს საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 2.8% წილი ეკავა (ღირებულების მიხედვით). 2021 წელს კი 23.1%-მდე გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივი აირის შემოტანა 32%-ით გაიზარდა. რუსეთიდან სულ 93 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა, რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 21% იყო. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მომწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2022 წელს 349 მლნ აშშ დოლარის ბუნებრივი აირი შემოვიდა,  რაც საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამური იმპორტის 79% იყო. საქართველოს შიდა მოხმარებაში კი რუსულ ბუნებრივ აირს 8%-მდე უჭირავს.[9]

უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტი-დეკემბერში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 3.2%-ით გაიზარდა და 559 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ომის დაწყებიდან პირველ თვეებში, მარტი-ივნისში რუსეთში ექსპორტი 16%-ით შემცირდა, თუმცა ივლისიდან ზრდა დაიწყო და ივლისი-დეკემბერში 14%-ით გაიზარდა. მარტი-დეკემბერში რუსეთში ექსპორტის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 11.6% შეადგინა, როცა 2021 წლის იმავე თვეების მაჩვენებელი 14.4% იყო. ამავე პერიოდში რუსეთიდან იმპორტი 86%-ით გაიზარდა და 1,654 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 14.2% შეადგინა, როცა გასული წლის მარტი-დეკემბერში 10% იყო.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში საქართველოს ექსპორტის ზრდა ძირითადად მსუბუქი ავტომობილების გაყვანის ზრდამ განაპირობა, რაც რეალურად რეექსპორტია. 2021 წლის მარტი-დეკემბერში 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა საქართველოდან რუსეთში, ხოლო 2022 წლის მარტი-დეკემბერში 5-ჯერ მეტი - 74 მლნ აშშ დოლარის. რაოდენობის მიხედვით თუ ვნახავთ, 2021 წლის მარტი-დეკემბერში საქართველოდან რუსეთში 2,483 ავტომობილი გაიყიდა, 2022 წლის მარტი-დეკემბერში კი 2-ჯერ მეტი - 5,395 ერთეული. 2022 წლის მარტი-დეკემბერში ეთილის სპირტის და სპირტიანი სასმელების ექსპორტი 15.5 მლნ აშშ დოლარით (42%-ით) გაიზარდა, ღვინის ექსპორტი კი 24 მლნ აშშ დოლარით (21%-ით) არის გაზრდილი. 2-ჯერ გაიზარდა ელექტროგამახურებლების ესპორტი და 13 მლნ დოლარი შეადგინა (იხილეთ ცხრილი 1).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

ომის დაწყების შემდეგ თანხობრივად ყველაზე მეტად ფეროშენადნობების  ექსპორტი შემცირდა - 75 მლნ აშშ დოლარით (50%-ით). კარტოფილის ექსპორტი 12.6 მლნ აშშ დოლარით (88%-ით) შემცირდა, სიგარეტის ექსპორტი 11.5 მლნ დოლარით (90%-ით) (იხილეთ ცხრილი 2).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის მარტი-დეკემბერში ყველაზე მეტად - 5-ჯერ (482 მლნ აშშ დოლარით) - რუსული ნავთობპროდუქტების (საავტომობილო საწვავის) იმპორტი გაიზარდა. თუ რაოდენობრივ ჭრილში ვნახავთ, რუსეთიდან საწვავის იმპორტი 3.4-ჯერ გაიზარდა. მარტი-დეკემბერში საქართველოში შემოტანილ საწვავში რუსეთს 51%-იანი წილი ეკავა და პირველ ადგილზე იყო. 2021 წელს რუსული საწვავის წილი იმპორტში 16.4% იყო. საწვავის იმპორტის 69% თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, რუმინეთზე და ბულგარეთზე მოდიოდა. რუსულმა საწვავმა ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და ბულგარეთიდან საწვავის იმპორტი ჩაანაცვლა. მარტი-დეკემბერში საქართველოში საწვავის მოხმარება (ტონებში) 2%-ით გაიზარდა, საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი (რეალურად რეექსპორტი) კი 2-ჯერ გაიზარდა (28 ათასი ტონით). ყველაზე დიდი ზრდა არის უკრაინის, აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართულებით.

138 მლნ დოლარით (45%-ით) გაიზარდა კვების პროდუქტების იმპორტი და 442 მლნ დოლარი შეადგინა. მათ შორის, ყველაზე მეტად  - 80 მლნ დოლარით გაიზარდა ფქვილ-ბურღულეულის იმპორტი. 26 მლნ დოლარით გაიზარდა დამუშავებული მარცვალის იმპორტი.

ნახშირბადიანი ფოლადის წნელების და ნახევარფაბრიკატების რუსეთიდან იმპორტი 8-ჯერ გაიზარდა 49 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნული საქონლის საქართველოდან ექსპორტი არ გაზრდილა.

43 მლნ აშშ დოლარით (157%-ით) გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 70 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუ რაოდენობრივ ჭრილში ვნახავთ, იმპორტი 48%-ით არის გაზრდილი, რაც იმას მიანიშნებს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ქვანახშირის და კოქსის ჯამური ღირებულება მნიშვნელოვანწილად ქვანახშირის და კოქსის ფასის მატების გამო გაიზარდა. საქართველოდან ქვანახშრის და კოქსის ექსპორტი უმნიშვნელო მოცულობით განხორციელდა (იხილეთ ცხრილი 3).

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

2022 წლის მარტი-დეკემბერში ფაქტობრივად შეწყდა რუსეთიდან ტელეფონის აპარატების შემოტანა და კლებამ 29 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 9 მლნ აშშ დოლარით (78%-ით) შემცირდა სატელევიზიო კავშირის მიმღები საპარატურის იმპორტი. 8 მლნ აშშ დოლარით (54%-ით) შემცირდა რუსეთიდან სიმინდის შემოტანა, 5 მლნ დოლარით (82%-ით) კი მაცივრების იმპორტი (იხილეთ ცხრილი 4).

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

რომ შევაჯამოთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რადგან საქართველოს ექსპორტი სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე რუსეთის ბაზარზე. თუმცა, ცალკე აღებული ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება გაიზარდა, რაც მაღალი პოლიტიკური რისკების შემცველია. რუსული საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება კი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავტომობილო საწვავის და კვების პროდუქტების იმპორტის ზრდის გამო.

2.      ტურიზმი და ფულადი გზავნილები

„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ-მდე რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც საქართველომ დაახლოებით 776 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა. 2021 წელს რუსეთიდან 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რომლებმაც ქვეყანაში დაახლოებით 152 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს.

2022 წლის მარტიდან საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების სრულად მოხსნის და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ვინაიდან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ტურიზმი ძალიან შემცირებული იყო, ტურიზმის ზრდის ტემპის შეფასებისთვის უფრო ადეკვატური 2019 წელთან შედარებაა. 2022 წელს  რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წელს რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე 26%-ით ნაკლებია. თუმცა, 2022 წლის  სექტემბერ-დეკემბერში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორების რიცხვმა 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. სექტემბრიდან დაფიქსირებული ზრდა, გარკვეულწილად 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას შეიძლება უკავშირდებოდეს.

2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 4.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა,  რომ საქართველოს ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-თვის აქამდე არასდროს მიუღწევია (იხილეთ გრაფიკი 6).

რუსეთიდან შემოსული ვიზიტორებიდან რამდენი ადამიანი დარჩა საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის  მიხედვით, 31 ივლისის მდგომარეობით, ომის დაწყების შემდეგ შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან 43 ათასამდე დარჩა საქართველოში ხანგრძლივი ცხოვრების მიზნით.[10]

მონაცემთა წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 891 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელზე 15%-ით, ხოლო 21 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია.

საქართველოში შემოსული ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წელს 25.3% იყო. ცნობისათვის, ანალოგიურმა მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს - 26.3%-ს, 2018 წელს მიაღწია (იხილეთ გრაფიკი 7).

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ტრადიციულად, საქართველოსთვის შემოსავლების მიღების მნიშვნელოვანი წყარო რუსეთში დასაქმებული ქართველების მიერ გადმორიცხული თანხებია. 2012-2021 წლებში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების წილს საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. მაგალითად, 2012 წელს რუსეთის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ გზავნილებში 56% იყო, ხოლო 2021 წელს - 17.5%. ამას ორი გარემოება განაპირობებდა: რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხები წლიდან წლამდე ძირითადად მცირდებოდა, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხვების მოცულობა იზრდებოდა.

2022 წელს ფულად გზავნილებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია. 2022 წლის იანვარ-მარტში რუსეთიდან საქართველოში თვეში საშუალოდ 24 მლნ აშშ დოლარი ირიცხებოდა. გზავნილებმა სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო, როცა 133 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მაისში კი 314 მლნ აშშ დოლარი გამოიგზავნა. ივნის-დეკემბერში კი ჩამორიცხვებმა თვეში საშუალოდ 221 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გამოიგზავნა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვნად გაზრდილი ნაკადებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს ან/და თავად გადმოაქვთ საკუთარი დანაზოგი. როგორც ჩანს, რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მათ ქვეყანაში შექმნილ მძიმე სიტუაციას და დაწესებულ სანქციებს გაურბიან, რომელთა ნაწილმაც საქართველოში ხანგრძლივად დარჩენა გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების ასეთი მაღალი ტემპით ზრდა ერთჯერადი ფაქტორია. მიმდინარე და მომავალ წელს იგივე ნიშნულზე დარჩება ან შემცირდება.

რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან ფულად გზავნილებში 47.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2014 წელს იყო (იხილეთ გრაფიკი 8).

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

3.      პირდაპირი ინვესტიციები

ბოლო წლებში რუსეთიდან საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციები მასშტაბური არ იყო. მაგალითად, 2017-2021 წლებში რუსული ინვესტიციების წილი საქართველოს მიერ მოზიდულ ჯამურ უცხოურ ინვესტიციებში 4.4% იყო. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში სულ 307 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. თუმცა, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 38% ოფშორებიდან[11]  შემოდის და გარკვეულ შემთხვევებში, იგი რუსული წარმომავლობის ფულთანაც არის დაკავშირებული.[12]  2022 წლის იანვარ-სექტემბერში (მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის) რუსეთიდან 33 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა (იხილეთ გრაფიკი 9), რაც გასული წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 51%-ით ნაკლებია. იანვარ-ივნისში რუსეთიდან ინვესტიციები 9 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა ივლისი-სექტემბრის პერიოდში 42 მლნ დოლარით გაიზარდა.

BMG-ის ინფორმაციით,[13] მე-3 კვარტალში რუსეთიდან შემოსული 42 მლნ დოლარის ინვესტიციიდან 29 მლნ დოლარი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო.

 

მონაცემთა წყარო: „საქსტატი”

III.    რუსული კომპანიები საქართველოში

საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის რუსულ კომპანიებს კი საქართველოში ძირითადად რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნაწილი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

საქართველოს სამეწარმეო რეესტრის ბაზების გამოკვლევით მოვიძიეთ ის კომპანიები, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელები რუსეთის იურიდიული ან ფიზიკური პირები (მოქალაქეები) არიან. სწორედ ასეთ კომპანიებს ვუწოდებთ რუსულ კომპანიებს. თუმცა, ეს შესაძლოა არ იყოს სრული ჩამონათვალი, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შეიძლება სხვა ქვეყნის კომპანიის გავლით ეკუთვნოდეს რუსეთის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელი ოფშორშია რეგისტრირებული, რაც კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენას ართულებს.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 22,400-მდე ისეთი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან. აღნიშნული კომპანიების 84% (19,000-მდე) 2018-2022  წლებში არიან დარეგისტრირებული. 2022 წლამდე, ერთ წელიწადში 2018 წელს დარეგისტრირდა მაქსიმალური რაოდენობა - 1,180 კომპანია. 2020-2021 წლებში პანდემიის გამო რუსული კომპანიების რეგისტრაცია შემცირდა, 2021 წელს სულ 920 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

2022 წლიდან რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის მატება, ცალსახად რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული. რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად. 2022 წლის იანვარ-თებერვალში 190 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მარტში კი - 2,154 კომპანია. აპრილ-სექტემბერში თვეში საშუალოდ 1,263 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. ოქტომბრიდან რუსული კომპანიების რეგისტრაციამ მოიმატა. ოქტომბერ-დეკემბერში თვეში საშუალოდ 1,685 კომპანია რეგისტრირდებოდა.

საბოლოოდ, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 14,977 კომპანია დაარეგისტრირეს, რაც 16-ჯერ მეტია 2021 წელს რეგისტრირებულ კომპანიებთან შედარებით (იხილეთ გრაფიკი 10).

2022 წელს დარეგისტრირებული რუსული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. შედარებისთვის, 2021 წელს დარეგისტრირებულ რუსულ კომპანიებს შორის ინდივიდუალური საწარმოების წილი 51% იყო. ინდივიდუალური მეწარმეების 99%-ს არაქართული გვარები აქვთ.

  

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს მეწარმეთა რეესტრი

2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ გახსნილი ანგარიშების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 82 ათასს მიაღწია, როცა წინა წლებში მნიშვნელოვნად არ იზრდებოდა. რუსეთის  მოქალაქეების მიერ  ქართულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2022 წელს თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2021 წელს ზრდა მხოლოდ 1.3% იყო. 2022 წლის ბოლოს, რუსეთის მოქალაქეებს 535 მლნ ლარი მიმდინარე ანგარიშზე, ხოლო 2.3 მილიარდი ლარი მოთხოვნამდე და ვადიან დეპოზიტებზე ჰქონდათ განთავსებული.[14]

ამ პუბლიკაციის გამოცემა შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის  შეხედულებებს.

 


[1] 10 რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას ეკონომიკის საკითხებზე, 12.04.2022: https://cutt.ly/6La3Tzv

[2] „გავრილოვის ღამე“, „ვიკიპედია”: https://cutt.ly/cPbYrZ1

[3] საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, 08.11.2022: https://cutt.ly/y29PT3d

[4] Wheat and Flour Sector in Georgia, PMCG, https://bit.ly/3BQEgyF

[5] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/WT7ZTXe

[6] რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი არ მოიცავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებულ რუსულ ელექტროენერგიას, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით ხორციელდება.

[7] ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2022 წლის ელექტროენერგიის ბალანსი, https://cutt.ly/TKFHtro

[8] ბუნებრივ აირში იგულისხმება ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში (სასაქონლო კოდი 271121)

[9] დავით ნარმანია, ინტერპრესნიუსი, https://cutt.ly/L9iQcKA

[10] ტურიზმი თუ მიგრაცია? (რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებელი - 2022 მარტი-ივნისი), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, https://bit.ly/3CHEVnO

[11] ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე.

[12] ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, 2021,  https://cutt.ly/sT70zX5

[13] რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო საქართველოში რუსული ინვესტიცია III კვარტალში?, BMG, 2022, https://cutt.ly/R29VHsj

[14] ინფორმაციის წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი