საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას მაღალი დონის კორუფციის გამოწვევის დასაძლევად
განცხადება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
9 დეკემბერს მსოფლიო კორუფიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მსოფლიოს ყველა რეგიონში კორუფცია მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რომელიც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ხელს უშლის საჯარო რესურსების რაციონალურ გამოყენებას და აფერხებს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას. კორუფცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიული მმართველობის სისტემასა და კანონის უზენაესობას, ხოლო საინფორმაციო ომების ეპოქაში ეროვნული უსაფრთხოების პრობლემადაც შეიძლება განვიხილოთ.
საქართველომ 2004 წლიდან დღემდე გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. კერძოდ, პრაქტიკულად აღმოიფხვრა მექრთამეობა საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
ამავე დროს, საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად და მხოლოდ 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის.
ბოლო პერიოდში გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები და მათზე ხელისუფლების რეაგირება ცხადყოფს, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ამჟამად არ შეუძლიათ ეფექტური მოქმედება კორუფციის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც კორუფციაში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები ან მმართველ ჯგუფთან დაკავშირებული გავლენიანი პირები მონაწილეობენ. ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ კანონის გვერდის ავლით საარჩევნო კამპანიების დაფინანსება საფრთხეს უქმნის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
საქართველოში „ელიტური“ კორუფციის პრობლემას გაესვა ხაზი ნოემბერში მიღებულ ევროპის პარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას ეხება.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები კორუფციის მხრივ არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად:
- ჩამოაშოროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კორუფციის სავარაუდო შემთხვევების გამოძიების ფუნქცია და განიხილოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესაძლებლობა;
- უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა და მისი დაცულობა მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან;
- იზრუნოს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინასების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებაზე;
- მიიღოს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ;
- იზრუნოს მართლმსაჯულების სისტემის შიდა თუ გარე დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე;
- უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ინტერესთა შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების ეფექტური აღსრულება.
მაღალი დონის კორუფციის გამოწვევის დაძლევა საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და კანონის უზენაესობის განმტკიცების და ევროპული ინტეგრაციის წარმატებით გაგრძელების აუცილებელი პირობაა. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ წამოიწყოს ფართო დისკუსია ანტიკორუფციული პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე და გამოავლინოს გაბედული რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება.